დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საერთაშორისო ინვესტორებს ექნებათ შესაძლებლობა მეტი დეტალი გაარკვიონ და გახდნენ საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის მონაწილეები - მაია მელიქიძე ენერგეტიკულ ფორუმზე

საერთაშორისო ინვესტორებს ექნებათ შესაძლებლობა მეტი დეტალი გაარკვიონ და გახდნენ საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის მონაწილეები - მაია მელიქიძე ენერგეტიკულ ფორუმზე

18-06-2024 17:00:00

GREDA-ს, Invest in Network-ისა და Expo Georgia-ს ორგანიზებით 4-5 ივლისს თბილისი მაღალი დონის საერთაშორისო ენერგეტიკული გამოფენასა და ფორუმს მასპინძლობს.

როგორც Business Insider Georgia-სთან  GREDA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა მაია მელიქიძემ განაცხადა, ფორუმში მონაწილე ინვესტორებს შესაძლებლობა მიეცემათ, რომ უფრო მეტი ინფორმაცია მიიღონ, მეტი დეტალი გაარკვიონ და რაც ყველაზე მთავარია გახდნენ საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის მონაწილეები.

„საქართველოს ენერგეტიკა შედის ახალ ფაზაში და ეს გახლავთ ენერგეტიკული ბირჟის გახსნა, რაც უპრეცედენტოა ჩვენი ქვეყნისთვის და ბუნებრივია დაინტერესება არამხოლოდ ადგილობრივი ინვესტორების მხრიდან, არამედ საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან საკმაოდ მაღალია. სწორედ ამ ფორუმის ფარგლებში ადგილობრივ და საერთაშორისო რანგის ინვესტორებს მიეცემათ შესაძლებლობა იმისა, რომ უფრო მეტი ინფორმაცია მიიღონ, მეტი დეტალი გაარკვიონ და რაც ყველაზე მთავარია გახდნენ საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის მონაწილეები, იყიდონ, გაყიდონ ელექტროენერგია, მოახდინონ მისი ექსპორტი. ბუნებრივია იქმნება იმის შესაძლებლობა, რომ საქართველო  შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის საშუალებით ევროპას დაუკავშირდეს, ეს ერთი. მეორე, რაც ასევე მნიშვნელოვანია, ფორუმს აქვს ცნობადობის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი და მნიშვნელოვანია ის რეგიონული თვალსაზრისით. რეგიონულ თვალსაზრისში ვგულისხმობ შემდეგს: აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქეთი არიან სწორედ ის ქვეყნები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ელექტროენერგიის გენერაციის გაზრდით ჩვენს ქვეყანაში და შესაბამისად მისი ექსპორტით ევროპის კონტინენტზე. აქედან გამომდინარე ფორუმს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, მით უმეტეს ის დრო, რომელიც შერჩეულია გახლავთ კრიტიკული, მნიშვნელოვანი, გადამწყვეტი ინვესტორებისთვის, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისთვის, და ასევე იქნება შესაძლებლობა როგორც სახელმწიფო სექტორის ისე კერძო სექტორის დალაპარაკებისა, B2B და B2C ფორმატში იმისთვის, რომ ქვეყანას მიეცეს ენერგეტიკულ სექტორის განვითარების შესაძლებლობა“, - აღნიშნა მაია მელიქიძემ.

ExpoGeorgia-ს აღმასრულებელი დირექტორი  რესან ქიქავა Business Insider Georgia-სთან  განმარტავს, რომ აღნიშნული ღონისძიების მაღალ დონეზე ჩატარება მნიშვნელოვანია, რათა მას სამომავლოდ ყოველწლიური სახე მიეცეს.

„ეს არის ჩვენი პირველი მცდელობა ენერგეტიკული სექტორის მიმართულებით. ადრე გვქონდა მსგავსი ტიპის, როცა ენერგო და ტელეკომუნიკაციების გამოფენას ვატარებდით. თუმცა შემდგომ იყო პაუზა და ახლა არის პირველი მცდელობა, პირველი ნაბიჯები და ვფიქრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი დგება. თანაბრად მნიშვნელოვანია, რომ ბევრმა კომპანიამ მიიღოს მონაწილეობა, იმიტომ, რომ ერთიანი პროდუქტია. უკვე დადასტურებული რაც არის და რაც ვიცით, არის ის, რომ მონაწილეები გვყავს სხვადასხვა ქვეყნიდან, ასევე მნიშვნელოვანი კომპონენტი არის ფორუმი. იმართება საერთაშორისო ფორუმი, გვეყოლება ძალიან ბევრი საერთაშორისო დელეგატი. Black Sea Energy Week ტარდებოდა და ტარდება უნგრეთში და მისი გაგრძელებაა ეს ფორუმი. ძალიან მოხარულები ვართ, რომ შევძელით მათი დარწმუნება, ჩვენი გამოფენის ფარგლებში ეს მნიშვნელოვანი ღონისძიება შედგეს. მონაწილეები არიან კომპანიები, რომლებიც მზის, ქარს და ჰიდრო ენერგიის სექტორში მოღვაწეობენ. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მათთვისაც საინტერესო იქნება როგორც ფორუმის ნაწილი ისე გამოფენაში მონაწილეობა. მინდა ყველას მოვუწოდო, რომ ეს ერთიანი საქმეა, ჩვენ ვქმნით პლატფორმას და მნიშვნელოვანია, რომ კომპანიები დაინტერესდნენ, მოვიდნენ, და ხელი შეუწყონ იმას, რომ ეს პლატფორმა იქცეს ყოველწლიურ პროექტად“, - აღნიშნა ქიქავამ. 

აღსანიშნავია, რომ 4-5 ივლისს დაგეგმილ ფორუმზე მოწვეულნი არიან ენერგეტიკული სექტორის წარმომადგენლები, განახლებადი ენერგიის დეველოპერები, ელექტროენერგიის მსხვილი მომხმარებლები, სამთავრობო სექტორი, ფინანსური ორგანიზაციები როგორც საქართველოდან, ასევე მთელი მსოფლიოდან. ფორუმის პარალელურად გაიმართება გამოფენა, სადაც წარმოდგენილნი იქნებიან სხვადასხვა საერთაშორისო ბრენდები, რომლებიც დამსწრეებს წარუდგენენ სექტორის უახლეს მიღწევებსა და ინოვაციებს.

წლევანდელი ფორუმის მთავარ თემას საქართველოს, როგორც განახლებადი ენერგიის დერეფნის გადამწყვეტი როლის ხაზგასმა წარმოადგენს. განახლებადი ენერგიის უხვი რესურსებისა და პოტენციალის გათვალისწინებით, ქვეყანას აქვს შესაძლებლობა, გახდეს რეგიონის ენერგეტიკული ლანდშაფტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშე და პოზიციონირდეს, როგორც სუფთა ენერგიის ექსპორტიორი ევროპის მასშტაბით.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები