დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საექსპორტო მოცულობის მიუხედავად, მნიშვნელოვანია ყველა ბაზარი, სადაც ქართული ღვინო შევა - „რთველისი“

საექსპორტო მოცულობის მიუხედავად, მნიშვნელოვანია ყველა ბაზარი, სადაც ქართული ღვინო შევა - „რთველისი“

20-10-2023 11:00:49

ღვინისა და სხვა ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანია „რთველისი“ წელს წარმოებას გააორმაგებს.

კომპანიის გენერალური დირექტორის თორნიკე ჭიკაძის ინფორმაციით, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს, რომ ადგილობრივ ბაზარზე ,,რთველისის“ გაყიდვები 15%-მდე გაზარდონ და პარალელურად ექსპორტის არეალიც გაფართოვდეს, რაც პრაქტიკულად მიღწეულია. 

კომპანიამ წელს წარმოების 50%-ით ზრდა შეძლო.

„ახალგაზრდა კომპანიის კვალობაზე, ვიზრდებით და მდგრად განვითარებას ვაგრძელებთ. წელს ერთ-ერთი პრიორიტეტი არის ადგილობრივი ბაზრის გაფართოება. ვცდილობთ, რომ  ჩვენი პროდუქცია უფრო მეტ ობიექტზე იყოს წარმოდგენილი, როგორც ჰორეკა სექტორში, ისე  ქსელური  მარკეტების დახლებზე. ასევე ექსპორტის კუთხითაც ვზრდით არეალს,  დადებითი დინამიკაა ახალი ბაზრების და ახალი  პარტნიორების მიმართულებით. ჯამში, წარმოებაში 50%-იან ზრდას ვაფიქსირებთ. ვაწარმოებთ 38-მდე სხვადასხვა ტიპის პროდუქტს,  ალკოჰოლური სასმელების ჩათვლით.  გვინდა ქართულ ბაზარზე გაყიდვების 15% მოდიოდეს, რასაც სავარაუდოდ შევძლებთ, ამასთან დაკავშირებით აქტიური მუშაობა მიდის“, - აცხადებს თორნიკე ჭიკაძე Business Insider Georgia - თან.

რაც შეეხება ექსპორტს, ,,რთველისს“ პროდუქცია დაახლოებით 22 ქვეყანაში გააქვს.

როგორც კომპანიის გენერალური დირექტორი აღნიშნავს, წელს რამდენიმე ახალი ბაზარი დაემატა, ამასთან ცდილობენ, პოზიციები გაიმაგრონ აზიური ქვეყნების ბაზრებზე, რაც ქართული ღვინის მწარმოებლებისთვის ერთ-ერთ საინტერესო ბაზრად მიაჩნია.

თორნიკე ჭიკაძის შეფასებით, მისთვის მნიშვნელოვანია ყველა ბაზარი, სადაც კი ქართული ბრენდი განთავსდება, მიუხედავად საექსპორტო მოცულობისა. ,

,ჩვენთვის ნებისმიერი ბაზარი, პატარა თუ დიდი, არის საინტერესო, ხოლო თითოეული პარტნიორი  მნიშვნელოვანია. ყოველ პარტნიორთან ინდივიდუალურად ვმუშაობთ, რომ მაქსიმალურად დავეხმაროთ ბრენდის განვითარებას შესაბამის ღვინის ბაზრებზე. ასეთი მიდგომა გვაქვს, თუმცა, პრიორიტეტი მაინც რჩება ამერიკული, აზიური და ევროპული, რაზეც ძირითადად საექსპორტო სტრატეგია ემყარება.

ამ ეტაპზე ექსპორტზე დაახლოებით 22 ქვეყანაში გავდივართ. ახალი ბაზრების მიმართულებაა კორეა,  ისრაელი, თუმცა სამწუხარო ამბების გამო მცირე შეფერხებაა, ასევე აზიის სხვადასხვა ქვეყნებზე. გვინდა აზიის ბაზარზე  უფრო მეტად წარმოვჩნდეთ, ასევე ყოფილი დსთ-ს ქვეყნებში, ვცდილობთ, თითქმის ყველა ქვეყანაში გვყავდეს პარტნიორი და არ შევიზღუდოთ“, - აცხადებს თორნიკე ჭიკაძე.

აღსანიშნავია, რომ ,,რთველისი“ ფლობს საკუთარ ღვინის ქარხანას თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ შალაურში. ქარხნის ტერიტორიაზე ასევე არის განთავსებული ქართული ღვინის მარანი, სადაც მზადდება  ქვევრის ღვინო, თავად ქარხანა კი დაკომპლექტებულია უახლესი ევროპული დანადგარებითა და ლაბორატორიით, რასაც ქარხნის მუშაობაში დიდი წვლილი შეაქვს.

ცნობისთვის, ,,რთველისმა“ აქტიური საქმიანობა ღვინის ინდუსტრიაში 2020 წელს, პანდემიის პერიოდში წამოიწყო. ამ ეტაპზე კომპანიაში სტაბილურად არის დასაქმებული 50 ადამიანი, სეზონურად კი  გაცილებით მეტი დასაქმებული ჰყავს.

ავტორი:

მარი გოცირიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები