კომპანია „ნუგბარი“ დღეს ჩინეთის ბაზარზე 1200 ცალ ჩურჩხელას გაგზავნის. როგორც Business Insider Georgia-სთან კომპანიის დირექტორმა გიორგი მაჭავარიანმა განაცხადა, ეს არის საცდელი გადაზიდვა ჩინეთის ბაზარზე და თუ რეალიზაცია შედგება, მაშინ კომპანია ჩინეთში სრულფასოვან ექსპორტსაც დაიწყებს.
თუმცა მანამდე „ნუგბარის“ ტკბილეული აქტიურად იყიდება სხვადასხვა მსხვილ ბაზრებზე.
„ნუგბარი“ ბაზარზე 2016 წლიდანაა და დღეისათვის ჩვენს გაყიდვებში ექსპორტის და ადგილობრივი გაყიდვების წილი თანაბარია: 50/50-ზე. სულ გაქვს 5 სხვადასხვა ჩურჩხელის სახეობა, თუმცა შეფუთვები გაქვს საკმაოდ მრავალფეროვანი.
ჩვენი კომპანია ექსპორტზე 2017 წლიდან გავიდა და დღეს „ნუგბარის“ პროდუქციის ყველაზე მსხვილი ექსპორტიორი ქვეყნებია: ლიეტუვა, ლატვია, გერმანია. ასევე „ნუგბარი“ ექსპორტზე გადის აშშ-ში, კანადაში და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში“, - ამბობს გიორგი მაჭავარიანი.
„ნუგბარის“ ხელმძღვანელის თქმით, ადგილობრივ ბაზარზეც და საექსპორტო ბაზრებზეც ყველაზე მოთხოვნადი ნიგვზის სტანდარტული ზომის ჩურჩხელაა.
„ნუგბარი“, რომლის საწარმოც წნორში მდებარეობს, წელს 420 ტონა ყურძნის ჩაბარებას გეგმავს. კომპანიას საკუთარი ვენახები არ აქვს და ამიტომ ყურძენს ადგილობრივი გლეხებიდან იბარებს. თუმცა გაყიდვების ზრდის ფონზე კომპანია სეზონზე გაცილებით მეტი ჩურჩხელის წარმოებას აპირებს.
„პანდემიური წლების გარდა, ზოგადად ყოველწლიურად გაყიდვების მაჩვენებელი მზარდია. წლიურ ჭრილში ზრდა 15-20%-ია“, - აცხადებს „ნუგბარის“ დირექტორი.
დღეისათვის „ნუგბარის“ მსხვილ სარეალიზაციო წერტილებად მიიჩნევა ქსელურ მარკეტები: ნიკორა, სპარი, ფრესკო, სმარტი.
„თვიურ ჭრილი გაყიდვების მაჩვენებელი თითქმის ერთნაირია. გაყიდვები ოდნავ იკლებს იანვარსა და თებერვალში“, - ამბობს გიორგი მაჭავარიანი.
„ნუგბარის“ ხელმძღვანელის თქმით, კომპანიისთვის ჩურჩხელის amazon-ის პლატფორმაზე რეალიზაცია მომგებიანი არ არის.
„amazon-ზე ჩურჩხელა იყიდება, მაგრამ ჩვენ, რომ დავთვალეთ პროდუქციის ღირებულება საკმაოდ ძვირდება. ანუ, რომ გავგზავნოთ პროდუქცია და საწყობში იყოს დასაწყობებული საკმაოდ ძვირდება“,- ამბობს „ნუგბარის“ დირექტორი.
amazon-ზე არა მაგრამ „ნუგბარი“ შესაძლოა, Glovo-ზე იყოს წარმოდგენილი. გიორგი მაჭავარიანის თქმით, Glovo-თან მოლაპარაკებები ფინალურ ეტაპზეა და „ნუგბარის“ ჩურჩხელის შეძენა Glovo-ს საშუალებით მალე იქნება შესაძლებელი.
აღსანიშნავია, რომ „ნუგბარი“ აწარმოებს ნატურალურ და საუკეთესო ხარისხის ქართულ ტრადიციულ ტკბილეულს. კომპანიის ძირითადი პროდუქტია ჩურჩხელა.
დღეისათვის „ნუგბარი“ აერთიანებს:
• ყურძნის წვენის კონცენტრატისა და ჩურჩხელების საწარმოებს კახეთში
• შეფუთვებისა და დისტრიბუციის ოფისს თბილისში
• შოურუმსა და სავაჭრო ჯიხურებს თბილისის მოლებში
• ბრენდირებულ სტენდებს საქართველოს საცალო ობიექტებში
უახლესი