საარსებო მინიმუმის შემცირება შესაძლოა, გამოწვეული იყოს ინფლაციის დონის დაწევით, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს „პი ემ სი“ კვლევითი ცენტრის დირექტორმა გიორგი ხიშტოვანმა განუცხადა.
„ინფლაცია სურსათსა და საკვებ საშუალებებზე საკმაოდ დიდ გავლენას ახდენს და თავის მხრივ ამ მაჩვენებლის გათვალისწინება ხდება საარსებო მინიმუმის შედგენისას. აქედან გამომდინარე, რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, ეს არის მიზეზი, რის გამოც საარსებო მინიმუმი შემცირდა“, - ამბობს ხიშტოვანი.
„პი ემ სი“ კვლევითი ცენტრის დირექტორი მიიჩნევს, რომ მეთოდოლოგია, რომლითაც საქსტატი საარსებო მინიმუმს ითვლის გადასახედია.
„ჩემი პირადი მოსაზრებით, ეს მეთოდოლოგია არ ასახავს იმ გამოწვევებს რის წინაშეც არის საქართველოში მოწყვლადი მოსახლეობა და აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ის რელევანტურობა წესით რაც ამ მაჩვენებელს უნდა ჰქონდეს დაკარგულია “.
ამასთან გიორგი ხიშტოვანი აღნიშნავს, რომ საარსებო მინიმუმის მაჩვენებლის მოძრაობა რიგითი მოქალაქეების ლეგიტიმურ კითხვებს იწვევს „იმ გარემოებაში, როცა ქვეყანაში ინფლაციის მაჩვენებელი ჯერ კიდევ მაღალია და საარსებო მინიმუმის დონეს სცილდება“.
საქსტატის მონაცემებით თებერვალში საარსებო მინიმუმი შემცირდა და შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის შემთხევეში 256.4 ლარი შეადგინა. ეს მონაცემი წინა თვეზე (256.9₾) 0.2%-ით ნაკლებია.
რაც შეეხება საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმს, თებერვალში 227.1 ლარი შეადგინა. ეს მონაცემი 0.2%-ით ნაკლებია წინა თვეზე (227.5₾).
საქსტატის ცნობით, 2023 წლის თებერვალში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.3 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 8.1 პროცენტი შეადგინა.
უახლესი