კარტოფილის სეზონი ფაქტობრივად დაწყებულია. როგორც მწარმოებლები აცხადებენ, ამ ეტაპზე სარეალიზაციო კარტოფილი 100%-ით იმპორტულია და პირველი მოსავალი დახლებზე მაისის შუა რიცხვებიდან გამოჩნდება.
თავდაპირველად, კარტოფილის აღება მაისში, ქვემო ქართლში იწყება, სექტემბერ-ოქტომბერში კი ბაზარს სამცხე-ჯავახეთის მოსავალიც ემატება, რომელიც პროდუქტის უმსხვილესი მწარმოებელი რეგიონია საქართველოში.
როგორც ახალქალაქელი ფერმერი, ასოციაცია „ახალქალაქის კარტოფილის“ გამგეობის თავმჯდომარე მახარე მაცუკატოვი Business Insider Georgia- თან ამბობს, თავდაპირველად გაყიდვაში გამოჩნდება მარნეულის კარტოფილი და დაახლოებით 30-35%-ით იაფი ეღირება, იმპორტულ პროდუქტთან შედარებით.
„სამომხმარებლო ბაზარში ჯერჯერობით მხოლოდ იმპორტული პროდუქტი იყიდება. კერძოდ, ეგვიპტიდან არის შემოსული. ყველაზე პირველი მოსავალი მსოფლიოში ეგვიპტეს აქვს. შემდეგ იწყებენ სხვა ქვეყნები ნელ-ნელა მიწოდებას.
ჩვენი მოსავალი მაისიდან გამოჩნდება. კარტოფილი ამოყრას იწყებს ქვემო ქართლიდან, ჩვენ ჯერ არ დაგვითესავს მოსავალი, პირველ ნაყოფს აგვისტოში მივიღებთ. იმპორტულთან შედარებით, ქართული კარტოფილის ფასი 30-35%-ით ნაკლებია ხოლმე, წელსაც ასე იქნება, როგორც კი ახალი მოსავალი გამოჩნდება, ფასიც დასტაბილურებას დაიწყებს", - ამბობს მახარე მაცუკატოვი და დასძენს, რომ საქართველოს აქვს პოტენციალი, კარტოფილის წარმოებაში ადგილობრივი ბაზრის თვითუზრუნველყოფა მოახდინოს და ექსპორტზეც გავიდეს, თუმცა დარგი სერიოზული გამოწვევების წინაშეა.
„კარტოფილთან დაკავშირებული საფასო ტენდენცია დამოკიდებულია იმაზე, როგორი იქნება მოსავლიანობა გლობალურ ბაზრებზე. ჩვენთან თვითღირებულება ყოველთვის მაღალია. მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკა უფრო ხელმისაწვდომია, სათესლე მასალის სიძვირე, ინფლაცია, ყველაფერი ეს ფასებზე ნეგატიურ გავლენას ახდენს. ექსპორტზე კონკურენტუნარიანი ვერ ვხდებით, თანაც, ძალიან ქაოსურად გავდივართ ბაზარზე. მიუხედავად ჩვენს მიერ გაწეული ძალისხმევისა, რომ ახალქალაქის კარტოფილის ბრენდი შევქმნათ, ბევრი დაბრკოლება გვხვდება.
საწყობები არ არსებობს. ვერც შარშან და ვერც წინა წლებში ვერ მოვახერხეთ პროდუქტის შენახვა, რის გამოც მოსავლის ნაწილი გაგვიფუჭდა. ბაზარი არასტაბილურია და ეს სიტუაცია თუ არ დალაგდა, ძალიან გაგვიჭირდება", - ამბობს მახარე მაცუკატოვი Business Insider Georgia- თან.
მისი ინფორმაციით, წელს ახალქალაქში ჯამში კარტოფილი 9-დან 10 ათას ჰექტარზე დაითესება. ჰექტარზე საშუალო მოსავლიანობა 20 ტონას შეადგენს.
ამ ეტაპზე 1 კგ. ახალი კარტოფილის ფასი 7 ლარია. ქართული საადრეო კარტოფილის ღირებულება სეზონის დასაწყისში 4-5 ლარია.
როგორც სპეციალისტები განმარტავენ, კარტოფილი წარმოადგენს მნიშვნელოვან კულტურას საქართველოში, დაახლოებით 25,000 ჰექტარზე ითესება. წლიური მოხმარება ერთ სულ მოსახლეზე მიახლოებით 55 კგ შეადგენს.
უახლესი