დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რუსეთიდან ფულადი გზავნილების ეფექტი ეკონომიკაზე მოკლევადიანია, დინამიკა შეიცვლება - სოსო ბერიკაშვილი

რუსეთიდან ფულადი გზავნილების ეფექტი ეკონომიკაზე მოკლევადიანია, დინამიკა შეიცვლება - სოსო ბერიკაშვილი

16-03-2023 11:08:00

საქართველოს ეკონომიკა რუსეთიდან ფულად გზავნილებზე უფრო მეტადა დამოკიდებულია, ვიდრე ომამდე იყო. უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსი მიგრანტების გააქტიურებამ გარკვეული გავლენა გზავნილებზეც მოახდინა.

ანალიტიკოსი სოსო ბერიკაშვილი Business Insider Georgia- თან ამბობს, რომ რუსეთიდან ფულადი გზავნილების ზრდას ეკონომიკაზე დადებითი ეფექტი მხოლოდ მოკლევადიან პერიოდში აქვს და არასტაბილურია.

„რუსეთიდან ფულადი გზავნილების ზრდა არის ომიდან გამოწვეული ეფექტი. ომამდელ პერიოდში ფულად გზავნილებში რუსეთის წილი მუდმივად იკლებდა  და 30 მილიონი დოლარის ფარგლებში ფიქსირდებოდა. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ათასობით რუსმა მოქალაქემ  თავი სხვადასხვა ქვეყანას შეაფარა, მათ შორის, საქართველოს. ამ პროცესს უკავშირდება ფულადი გზავნილების ზრდაც. შემდგომ თვეებში ტენდენცია  შეიძლება შენარჩუნდეს,  მაგრამ ასეთი მასშტაბური ზრდა არ იქნება", - ამბობს სოსო ბერიკაშვილი და დასძენს, რომ რუსეთიდან ფულადი ნაკადების ზრდა გრძელვადიან პერსპექტივაში ნეგატიურ შედეგს გამოიწვევს, რადგან რუსულ ფულს რისკი ყოველთვის ახლავს.

„რუსული ფულის მოძრაობა ყოველთვის შეიცავს რისკს.  მით უმეტეს, არ ვიცით, რუსეთის მოქალაქეები კონკრეტულად რა მიზნით ჩამოვიდნენ საქართველოში,  რას აპირებენ, რა დავალება აქვთ და სხვა. სუფთა ეკონომიკური კუთხითაც, რუსეთზე დამოკიდებულების ზრდა არის სახიფათო, ვინაიდან იგი არასდროს არ ყოფილა  სანდო პარტნიორი. მტრული ქვეყანაა, რომელსაც ჩვენი ტერიტორიების 20% დაპყრობილი აქვს და  ამიტომ მით უფრო აუცილებელია ცოდნა, რა ფული შემოდის რუსეთიდან საქართველოში", - ამბობს სოსო ბერიკაშვილი Business Insider Georgia- თან.

რაც შეეხება ოფიციალურ სტატისტიკას, საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2023 წლის თებერვალში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 372.3 მლნ აშშ დოლარი (985.5 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 103.0%-ით (188.9 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2022 წლის თებერვლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

რუსეთიდან საქართველოში თებერვალში ფულადი გზავნილების სახით  $187.34  მილიონი ჩაირიცხა მატება წინა წელთან 754% -ია.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

მსგავსი სიახლეები