საოჯახო ბიზნესად ქცეული ორგანული ღვინის მეურნეობა „ანაპეა“ 2024 წელს ექსპორტის შემცირებას პროგნოზირებს, რადგანაც 2023 წელს რთული კლიმატური პირობების გამო ვენახი დაზიანდა და შესაბამისად ყურძნის მოსავალიც შედარებით მცირე იყო.
როგორც Business Insider Georgia -სთან „ანაპეას“ დამფუძნებელმა ხატია დარგუაშვილმა განაცხადა, აღნიშნული პრობლემის წინაშეა თითქმის ყველა ორგანული მეღვინეობა.
„2023 წელი ყველა მარნისთვის კატასტროფა იყო, რადგანაც მოსავლის 80%-ი დავკარგეთ. შესაბამისად ღვინოც გაქვს შედარებით ნაკლები, ვიდრე გვქონდა წინა წლებში.
2023 წელი ზოგადად რთული წელი იყო ვენახის დაავადების კუთხითაც, იყო წვიმიანიც. ამ ფონზე სავარაუდოდ ექსპორტიც შეგვიმცირდება“, - აღნიშნა ხატია დარგუაშვილმა.
„ანაპეა“ საკუთარი ღვინოების უდიდესი ნაწილი ექსპორტზე აშშ-ში გაქვს და ადგილობრივ ბაზარზე ნაკლებად ყიდის.
„ჩვენი ექსპორტი ძირითადად აშშ-ს სამ შტატში ხდება. ღვინო გაგვაქვს ასევე ევროპაშიც, თუმცა შედარებით მცირე რაოდენობით. თუმცა ნატურალურ ღვინოზე მოთხოვნა სწრაფად იზრდება და მომავალში საექსპორტო ბაზრების გაფართოვება გარდაუვალია.
ღვინოებს ადგილობრივ ბაზარზე ნაკლებად ვყიდით. ადგილობრივ ბაზარზე წარმოდგენილები ვართ მხოლოდ იმ სივრცეებში ვინც იცის რას ნიშნავს ნატურალური ღვინო, რამდენი შრომაა მასში ჩადებული და ვინც ფულსაც იხდის. სამწუხაროდ, საქართველოში მიღებულია, რომ ღვინოს იღებენ და შემდეგ ფულს აღარ იხდიან. ამიტომ ასეთ ობიექტებთან აღარ ვთანამშრომლობთ. ჩვენთვის ასეთი ურთიერთობა მისაღები არ არის. ბიზნესი ორმხრივ თანამშრომლობაზე უნდა იყოს აგებული, რასაც ადგილობრივ ბაზარზე ვერ ვხედავთ“, - აღნიშნა „ანაპეას“ დამფუძნებელმა.
„ანაპეას“ ღვინოები წარმოდგენილია ასევე ონლაინ მაღაზია Veli store-ზეც.
„ანაპეას“ ორგანული მეურნეობა 40-მდე იშვიათი, მივიწყებული, ვაზის ჯიშს აერთიანებს.
„ორგანული მეურნეობა ვართ და ჩვენი ვენახი 20 ჰაზ-ეა გაშენებული და ჩვენივე ყურძნის გადამუშავებას ვახდენთ. სხვის ყურძენს არ ვიბარებთ. 10 სახეობის ღვინოს ვასხამთ. გაქვს ვაზის 6 ძირითადი ჯიში და ასევე 40-მდე იშვიათი სახეობის ჯიშის ვენახი. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მივიწყებული ჯიშები მოვაგროვოთ და მაქსიმალურად მეტი ჯიში გვქონოდა წარმოდგენილი ჩვენს ვენახში და ამ გეგმას მივყვებით“, - განაცხადა ხატია დარგუაშვილმა.
უახლესი
2 საათის წინ
ლარი ევროსთან და აშშ დოლართან გამყარდა