დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რომელ საწარმოებს მოუწევთ ინტეგრირებული ნებართვების აღება - დეტალები

რომელ საწარმოებს მოუწევთ ინტეგრირებული ნებართვების აღება - დეტალები

01-04-2023 19:16:00

რამდენიმე წელიწადში არსებულ და ახალ საწარმოებს ინტეგრირებული ნებართვის აღება მოუწევთ. პარლამენტი პირველი მოსმენით უკვე იხილავს „სამრეწველო ემისიების შესახებ“ კანონპროექტს, რომლის მიზანიც ეროვნულ კანონმდებლობაში, ,,სამრეწველო ემისიების შესახებ” ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს დირექტივის გადმოტანაა, რასაც თავის მხრივ, საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმებით არსებული ვალდებულება ითვალისწინებს. 

„სამრეწველო ემისიების შესახებ“ კანონპროექტის დამტკიცების შემდეგ, ის დაარეგულირებს მსხვილი სამრეწველო ობიექტების ისეთ საქმიანობებს, რომლებიც გარემოს დაბინძურების მხრივ მაღალ რისკებს შეიცავს.

როგორც Georgia Business Insider-თან „სამრეწველო ემისიების შესახებ“კანონპროექტზე საუბრისას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს გარემოსდაცვითი შეფასების დეპარტამენტის უფროსმა ვიკა მეტრეველმა განაცხადა, 2026 წლიდან, ინტეგრირებული ნებართვის აღება  ნებისმიერი ახალ საწარმოსთვის სავალდებულო იქნება, რომელიც კანონპროექტით განსაზღვრულ კონკრეტულ სექტორებში დაიწყებს საქმიანობას, ხოლო 2029 წლიდან,  ვალდებულება დაეკისრება უკვე არსებულ და მოქმედ საწარმოებს.

„კანონპროექტის თანახმად, 2026 წლიდან ამოქმედდება ახალი ვალდებულებები კერძო სექტორისთვის, მსხვილი საწარმოების გადაიარაღებისა და მათი ტექნოლოგიური გაუმჯობესების ნაწილში.

კანონპროექტის თანახმად, ქვეყანაში დაინერგება ახალი ინტეგრირებული სანებართვო სისტემა, რომლის მიზანია სამრეწველო საქმიანობს შედეგად ატმოსფერულ ჰაერში, წყალსა და მიწაში დაბინძურების პრევენცია, შემცირება და კონტროლი. ასევე ნარჩენების წარმოქმნის პრევენციაზე.

ასევე, ინტეგრირებულ ნებართვებს დაექვემდებარება არამარტო ახალი საქმიანობები, არამედ არსებული ობიექტებიც. სანებართვო სისტემა დაგეგმილი საქმიანობებისთვის ამოქმედდება 2026 წლის 1-ელი სექტემბრიდან,

ხოლო არსებული საქმიანობებისთვის ამოქმედდება 2029 წლიდან 2031 წლამდე, ეტაპობრივად სექტორების მიხედვით“, - განმარტავს გარემოს ეროვნული სააგენტოს გარემოსდაცვითი შეფასების დეპარტამენტის უფროსი. 

ვიკა მეტრეველის განმარტებით, კანონპროექტში დეტალურად გაწერილია რომელი სექტორისთვის რა ვადებში უნდა მოხდეს ინტეგრირებული ნებართვის აღება, ესაა ენერგიის წარმოება, ლითონების დამუშავება, მინერალური ნედლეულის გადამუშავება, ნარჩენების მართვა და ასე შემდეგ. რაც შეეხება ინტეგრირებული ნებართვების გაცემის ვადებს, ინტეგრირებულ ნებართვებს კანონპროექტის მიხედვით გასცემს გარემოს ეროვნული სააგენტო.

დოკუმენტის გაცემა გათვალისწინებულია ნებართვის გაცემიდან 120 სამუშაო დღეში. ასევე კანონი ითვალისწინებს დაჩქარებული წესით ნებართვის გაცემასაც. ასეთ დროს ნებართვის გაცემა მოხდება 80 სამუშაო დღეში.

კანონპროექტით დგინდება ასევე ინტეგრირებული ნებართვის მისაღებად მოსაკრებელი, რაც შეადგენს 5000 ლარს. დაჩქარებული ნებართვის მიღების შემთხვევაში მეწარმეებს დამატებით 2500 ლარის გადახდა ეკისრებათ.

„დღეის მდგომარეობით იმ საქმიანობებზე, რომელიც ექცევა რეგულირების ქვეშ, უმეტესობა გარემოს დაცვითი შეფასების კოდექსის მიხედვით გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურების გავლას გარემოს დაცვითი გადაწყვეტილებების მიღებას საჭიროებს.

ასეთი საქმიანობებისთვის, როდესაც ინტეგრირებული სამოქმედო სისტემაც ამოქმედდება 2026 წლიდან მოხდება მხოლოდ ინტეგრირებული ნებართვების გაცემა. ანუ გარემოზე ზემოქმედების შეფასების შედეგად განსაზღვრული პირობები ასახული იქნება ინტეგრირებულ ნებართვაში, რომლის გაცემაც ერთი სარკმლის პრინციპით მოხდება. ანუ საქმიანობის განმახორციელებელი, თუ ინტეგრირებულ ნებართვის აღებას ექვემდებარება და ასევე სჭირდება გარემოზე ზემოქმედების შეფასება ამ შემთხვევაში მიმართავს ერთი განაცხადით სააგენტოს, და ერთი პროცედურის ფარგლებში მიიღებს ამ ნებართვას.

ახლანდელი სისტემით, როდესაც გავცემთ გარემოს დაცვით გადაწყვეტილებას ის გაიცემა განუსაზღვრელი ვადით. ანუ სავალდებულო გადახედვის მექანიზმები არ არსებობს. არ არსებობს ასევე საუკეთესო ტექნოლოგიების დანერგვის ვალდებულება. თუმცა როდესაც ინტეგრირებული ნებართვების გაცემის ვალდებულება გვექნება, ნებართვები დაფუძნებული იქნება საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესახებ სახელმძღვანელო დოკუმენტებზე.

სახელმძღვანელოს დამტკიცების და შემდგომ ჩვენს მიერ მათი თარგმნის და საქართველოს მთავრობის დადგენილებებით დამტკიცების შემდეგ კონკრეტული ვადები მიეცემათ საქმიანობების განმახორციელებლებს, რომ შესაბამისობაში მოიყვანონ საწარმოები.

ამიტომ ან ნებართვებს კონკრეტული ვადები არ ექნება“, - განმარტავს მეტრეველი.

„სამრეწველო ემისიების შესახებ“ კანონპროექტის მთავარი მიზანი არის უზრუნველყოს ინტეგრირებული გარემოსდაცვითი სისტემა და ამ ახალ ტექნოლოგიებზე სამრეწველო საწარმოების გადაწყობა და მწვანე ეკონომიკაზე გადასვლა.

კანონპროექტი ითვალისწინებს 2 ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, ერთი შეეხება როდესაც სუბიექტი საქმიანობს ინტეგრირებული ნებართვის გარეშე. ამ შემთხვევაში ჯარიმა 25 0000-დან 30 000-მდეა. და მეორე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა პირობების შეუსრულებლობა ითვალისწინებს ჯარიმას 10 000 ლარიდან 15 0000 ლარამდე.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები