დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რომელ კომპანიას ჰყავს ელექტრო ენერგეტიკის სექტორში ყველაზე მეტი ახალი აბონენტი

რომელ კომპანიას ჰყავს ელექტრო ენერგეტიკის სექტორში ყველაზე მეტი ახალი აბონენტი

19-04-2023 10:00:44

ქვეყნის მასშტაბით ელექტრო ენერგეტიკის სექტორში ყველაზე მეტი ახალი აბონენტი სს „თელასმა“ შეიძინა.

როგორც ენერგოომბუდსმენის 2022 წლის ანგარიშში წერია, გამანაწილებელი ქსელის გამართული ფუნქციონირების საჭიროება და აუცილებლობა კიდევ უფრო აქტუალურია ელექტროენერგიის მომხმარებელთა მზარდი ტენდენციის ფონზე.

ელექტროენერგიის მომხმარებელთა რაოდენობის ზრდა ეხება როგორც საყოფაცხოვრებო, ისე არასაყოფაცხოვრებო სექტორს.

2022 წლის სურათი შემდეგნაირად გამოიყურება: დედაქალაქის მასშტაბით:

სს „თელასი“ - 19874 აბონენტი (მათ შორის: საყოფაცხოვრებო - 18047 / არასაყოფაცხოვრებო - 1827) სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ - 715 აბონენტი (მათ შორის: საყოფაცხოვრებო - 660 / არასაყოფაცხოვრებო - 55) რეგიონების მასშტაბით:

სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ - 11781 აბონენტი (მათ შორის: საყოფაცხოვრებო - 8543 / არასაყოფაცხოვრებო - 3238)

როგორც ცნობილია, სემეკის 2021 წლის 28 ივნისის №19 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის წესების“ №2 დანართით დადგენილია 0.4 კვ. (380/220 ვ) და 6/10 კვ. ძაბვაზე ახალი ობიექტის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების საფასურები.

აღნიშნული საფასურები შესაბამისი მეთოდოლოგიის საფუძველზე დგინდება მისაერთებელ სიმძლავრეზე, შეთავაზებული პაკეტების მიხედვით. მარეგულირებელმა   კომისიამ   2021   წლის   30   დეკემბერს   ცვლილებები   შეიტანა „ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის წესებში“, რომლის თანახმად ახალი მომხმარებლის ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების საფასურები გაიზარდა, ხოლო სამუშაოების შესრულების ვადები თვითმმართველ ქალაქებსა და სხვა მუნიციპალიტეტებში უცვლელი დარჩა.

პაკეტების საფასურების ზრდა შეეხო როგორც საყოფაცხოვრებო, ისე არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებს. 0.4 კვ. ძაბვის საფეხურზე 220ვ. და 380ვ. სიმძლავრეზე საფასური გაიზარდა 200-200 ლარით, ხოლო უფრო მაღალ სიმძლავრეებზე მიერთების საფასურები მომატებულია პაკეტის ღირებულების 30%-დან 90%-მდე, ზოგიერთ პაკეტზე კი გაორმაგებულია.

ანგარიშში წერია, რომ საქართველოში არსებული ელექტროენერგიის მიმწოდებელი ქსელის ტექნიკური მდგომარეობა რეგულარულად საჭიროებს გაუმჯობესებასა და რეაბილიტაციას.

„პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ზოგიერთ შემთხვევაში საფრთხის შემცველ გარემოებებსაც აქვს ადგილი, რაც განსაკუთრებული ყურადღების საგანი უნდა იყოს ყველასთვის. საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში 2022 წლის განმავლობაში დაფიქსირდა არაერთი მოქალაქის პრეტენზია, რომელიც შეეხებოდა ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის პრობლემებს. კერძოდ, მრიცხველების ყუთების გაუმართაობას რეგიონებში (მაგ. იმერეთი, კახეთი).

განმცხადებელთა განმარტებით, კარადები იყო ავარიულ მდგომარეობაში, ჩამსხვრეული შუშებით, ასევე ღია კარით და წარმოადგენდა მომეტებული საფრთხის წყაროს ადამიანებისთვის. კახეთის რეგიონში კვლავ აქტუალური იყო ელექტროენერგიის სადენების ამორტიზებული საყრდენების საკითხი, ასევე საჰაერო სადენების გასწვრივ ხე-მცენარეთა გაკაფვითი სამუშაოების წარმოება.

ყოველი ცალკეული განცხადება იქნა შესწავლილი და სათანადო რეკომენდაცია მიეცა სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“, რაზეც მათი მხრიდან რეაგირება საკმაოდ სწრაფად ხდებოდა. მოქმედი „ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის წესების“ თანახმად მომხმარებლის ელექტროენერგიის მოხმარება უნდა აღირიცხებოდეს ინდივიდუალურად.

ამისათვის სისტემის ოპერატორი ვალდებულია მოაწყოს აღრიცხვის კვანძი. შესაბამისად, შეიძინოს, დაამონტაჟოს და შეაკეთოს აღრიცხვის კვანძის მოწყობისათვის საჭირო მრიცხველი, საჭიროების შემთხვევაში სხვადასხვა სახის მოწყობილობები, ელექტროდანადგარები და სხვა საშუალებები, რომელის უზრუნველყოფენ აღრიცხვის სისტემის გამართულ მუშაობას და დაიცავენ მას უკანონო (არასანქცირებული) ჩარევისაგან.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სისტემის ოპერატორებს გააჩნიათ ვალდებულება აღრიცხვის კვანძის, ასევე მისი შემადგენელი ელემენტების გამართულობასა და დაცულობაზე სხვადასხვა კუთხით. დიდი მნიშვნელობა აქვს გამანაწილებელი ქსელის გამართულ მუშაობასა და მის განვითარებას, რაც თავის მხრივ ზემოქმედებას ახდენს გაწეულ მომსახურებაზე.

მოქალაქეებმა მოგვმართეს მათ საკუთრებაზე გამავალი ელექტროსადენების საფრთხის შემცველობასთან დაკავშირებით და განცხადებებში მიუთითებდნენ, რომ იქმნებოდა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის დაზიანების საშიშროება. დამცველის სამსახურის მიერ დაუყოვნებლივ განხორციელდა შესაბამისი მიმართვა, რაც კომპანიის მირ გამოსწორდა, კერძოდ სისტემის ოპერატორებმა ელექტროსადენები გაიტანეს კერძო საკუთრებიდან.

წესების თანახმად, განაწილების საქმიანობა არის საჯარო ინტერესის სფეროსთვის მიკუთვნებული საქმიანობა. ამგვარად, სისტემის ოპერატორი ვალდებულია უზრუნველყოს როგორც ელექტროენერგიის ტრანსპორტირება, უსაფრთხო და საიმედო მომარაგება, ისე გამანაწილებელი ქსელის ექსპლუატაცია-მართვა, მოვლა-პატრონობა, განვითარება და მასთან დაკავშირებული სხვა საქმიანობების სათანადოდ შესრულება, ელექტროენერგეტიკული სისტემების ეფექტიანი ფუნქციონირებისა და ამ სისტემებთან თავისუფალი დაშვების უზრუნველსაყოფად. ამასთანავე, სისტემის ოპერატორი ვალდებულია, დაიცვას ტექნიკური და უსაფრთხოების დადგენილი ნორმები. ენერგოომბუდსმენის სამსახურის რეგიონალური წარმომადგენლობები მეტად არიან ინფორმირებულნი სოფლებსა და დაბებში არსებული მდგომარეობის შესახებ.

ისინი აქტიურად არიან ჩართულნი მოძველებული ელექტროგადამცემი ხაზებისათვის განკუთვნილი ბოძების, ხშირ შემთხვევაში, სავალალო მდგომარეობის შესახებ. ვიმედოვნებთ, რომ მოძველებული და ამორტიზებული ელექტროსადენებისა და ავარიული საყრდენების დროული შეცვლა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს გამანაწილებელი ქსელის მუშაობას და პოზიტიურად აისახება მომხმარებლის მომსახურების ხარისხზე“, - აღნიშნულია ანგარიშში.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

მსგავსი სიახლეები