31-12-2024 15:00:00
2024 წელს სემეკმა 300-მდე გადაწყვეტილება მიიღო. როგორც Business Insider Georgia-სთან სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ სემეკის 2024 წლის საქმიანობის შედეგების შეჯამებისას განაცხადა, 2024 წელს სემეკმა გამართა 52 საჯარო სხდომა, სადაც განიხილა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები და მიიღო 300-მდე გადაწყვეტილება.
„საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე 2024 წელს სემეკში შემოვიდა 68 წერილობითი მოთხოვნა, სრულად დაკმაყოფილდა 54 მოთხოვნა, ხოლო დანარჩენი - ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ან უარი ეთქვა. ნაწილობრივ დაკმაყოფილება ან უარის თქმა განპირობებული იყო მოთხოვნილი ინფორმაცის სემეკში ა არსებობით ან კონფიდენციალურობით.
მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით, სემეკმა განიხილა არაერთი საკითხი, მათ შორის იყო მოქალაქეთა საჩივრები, რომლებიც, ძირითადად, შეეხებოდა კომუნალური კომპანიების მხრიდან უსაფუძვლო დარიცხვებს. კომისიამ 2024 წლის განმავლობაში ჯამში მოქალაქეებს ჩამოაწერა 2 მილიონ ლარამდე, გარდა ამისა, მომსახურების სტანდარტების დარღვევების გამო კომპანიების მიერ მოქალაქეებზე გაიცა 1 239 570 ლარი. საგულისხმოა, რომ 2017 წლიდან დღემდე კომპენსაციის სახით გაცემულია 16 779 480 ლარი“, - აღნიშნა დავით ნარმანიამ.
მისივე ცნობით, სემეკმა დანერგა ახალი რეგულაცია, რომელიც შეეხება მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში ცენტრალური გათბობის ერთიანი სისტემის დანერგვას. კერძოდ, სემეკის მიერ დამტკიცებულ „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესებში“ ცვლილებები განხორციელდა, რომლის თანახმადაც, მიუხედავად იმისა თუ ვინ დარეგისტრირდება მრავალბინიანი სახლის ცენტრალური გათბობის მფლობელ მომხმარებლად - ფიზიკური, იურიდიული პირი, თუ ამხანაგობა, ბუნებრივი გაზის საანგარიშსწორებო მრიცხველზე განხორციელდება საყოფაცხოვრებო მიზნით მოხმარებული ბუნებრივი გაზის ინდივიდუალური წილის გამოთვლა და დარიცხვა. ამისთვის, საჭირო იქნება ბუნებრივი გაზის განაწილების კომპანიისთვის განცხადებით მიმართვა.
„მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში გათბობის საერთო სისტემის დანერგვისა და განახლებადი ენერგიის გამოყენების მიზნით, სემეკის ახალი რეგულაცია ხელს უწყობს: გათბობასა და ცხელ წყალზე დანახარჯების შემცირებას; ინდივიდუალური გათბობის ქვაბის მოხმარებასთან დაკავშირებული უსაფრთხოების რისკების არიდებასა და საექსპლუატაციო ხარჯების შემცირებას; ცენტრალური გათბობის სისტემის მაღალი მარგი ქმედების კოეფიციენტით სარგებლობას; განახლებადი ენერგიის (მზის, გეოთერმული, ბიო ენერგიის და სხვა წყაროების) ათვისებას; ნამწვი აირების გაფრქვევის შემცირებასა და კონტროლს“, - განმარტა სემეკის თავმჯდომარემ.
სემეკის მიერ დანერგილი *303#-ის მომსახურების საშუალებით, რომელიც მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას, რომ მოკლე დროში მობილური ტელეფონის საშუალებით მიიღოს კომუნალური ინფორმაცია, 7 მილიონამდე ტრანზაქცია განხორციელდა.
სემეკისა და იუსტიციის სახლის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, რომელიც მომხმარებლისთვის გამარტივებული მომსახურების შეთავაზებას ისახავს მიზნად, დღემდე 112, 155-მა მოქალაქემ ისარგებლა. სემეკისა და იუსტიციის სახლის ერთობლივი პროექტის ფარგლებში მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა. ელექტროენერგეტიკის სექტორში კომპანიასთან გააფორმონ მიწოდების ხელშეკრულება; ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში დარეგისტრირდნენ მომხმარებლად და გადაამოწმონ დავალიანება; დააფიქსირონ სოციალური სტატუსის შესახებ ინფორმაცია. მოითხოვონ: დარიცხვის გადამოწმება; პირადი ინფორმაცია ბრუნვის ისტორიიდან; მრიცხველის ადგილზე შემოწმება; მომარაგების დროებით გათიშვა/აღდგენა; ტექნიკური ხარისხის ადგილზე შემოწმება მაღალ ან დაბალ ძაბვაზე/წნევაზე, ძაბვის/წნევის ციმციმზე/ცვალებადობაზე, ხშირ წყვეტაზე და სასმელი წყლის ხარისხზე. მომსახურე კომპანიის მომსახურებით უკმაყოფილების შემთხვევაში, შესაძლებელია მიმართონ სემეკს საკითხის შესწავლისა და რეაგირების მოთხოვნით. სემეკის პასუხის მატერიალური ფორმით მიღება შესაძლებელია ამავე სივრცეში.
2024 წელს სემეკის მიერ შესრულებული სამუშაოების მოკლე ჩამონათვალი ასე გამოიყურება:
- ამოქმედდა სტატისტიკის პორტალი, სადაც განთავსდა დეტალური ინფორმაცია როგორც ელექტროენერგიის მიწოდება-მოხმარების ფაქტობრივი ბალანსების, ასევე ნეტო-აღრიცხვისა და ელექტროენერგიის საცალო მომხმარებლებზე მიწოდებული სტატისტიკური მონაცემები.
- ელექტროენერგეტიკის სექტორში მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრე ფაქტობრივად გაორმაგდა (2023 -67 მგვტ, 2024 - 117 მგვტ - 74 %) , ძირითადად მაღალი სიმძლავრის ვირტუალური ელექტროსადგურების ხარჯზე; სემეკთან შეთანხმებული საინვესტიციო გეგმის შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ დაასრულა ელექტროენერგიის ქსელის განვითარებისათვის უმნიშვნელოვანესი ქვესადგურის „ წყალტუბო 500“-ის მშენებლობა.
- სემეკის მიერ საქმიანობის ლიცენზია გაიცა „ხობი 2“ ჰესზე - 44.5 მგვტ. ასევე, ექსპლუატაციაში შევიდა რამდენიმე მცირე ელექტროსადგური 2-3 მგვტ დადგმული სიმძლავრით.
- ნაწილობრივ ამოქმედდა საქართველოს ენერგეტიკული ბირჟა - დღით ადრე და დღიური ბაზარი;
- ელექტროენერგიის საცალო ბაზარზე დარეგისტრირდა თავისუფალი მიმწოდებელი;
- ხელი მოეწერა შავი ზღვის კაბელის აქციონერთა შეთანხმებას (shareholders agreement) 2024 წლის 3 სექტემბერს
- 2024 წლის ზოგიერთ თვეებში ( ძირითადად მარტი, ივნისი, ივლისი, სექტემბერი) , ადგილი ქონდა ელექტროენერგიის მოხმარების მნიშვნელოვან ზრდას (10-15%), რაც განპირობებულია რამდენიმე ფაქტორით, კლიმატური პირობებით, ეკონომიკური აქტივობების ზრდით (მათ შორის ტურიზმის გააქტიურებით).
- სემეკმა ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელების ტექნიკური ინსპექტირება დაიწყო. აღნიშნული პროცესი გულისხმობს სემეკის სპეციალური ჯგუფის მიერ გამანაწილებელი ქსელების ადგილზე შემოწმებას და მდგომარეობის შეფასებას. დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში კომპანიებს გამოსასწორებელი ვადები დაუწესდებათ, რომელთა შესრულება სავალდებულო იქნება.
- სემეკი, კომპანიების მიერ შესრულებული ტექნიკური სამუშაოების შეფასების დროს ეყრდნობოდა დამოუკიდებელი ინსპექტირების აკრედიტებული კომპანიების აუდიტს. თუმცა, ერთ-ერთი ასეთი დამოუკიდებელი კომპანიის მიერ წარმოდგენილი დასკვნის გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ აუდიტი არ აღწერდა რეალურ სურათს და მოიცავდა უხეშ უზუსტობებს, არ ასახავდა კონკრეტულ ობიექტზე არსებულ ხარვეზებს, რომლებიც შესაძლოა ყოფილიყო სიცოცხლისთვის საფრთხის შემქმნელი. აღნიშნული აკრედიტებული დამოუკიდებელი ინსპექტირების კომპანიის შესახებ სემეკმა მიმართა აკრედიტაციის ერთიან ეროვნულ ორგანოს, რომლის გადაწყვეტილების საფუძველზეც ინსპექტირების კომპანიას აკრედიტაცია მიმდინარე წლის 1-ლი აგვისტოდან შეუჩერდა.
- ბუნებრივი გაზის სექტორში, ევროპის მესამე ენერგეტიკული პაკეტის მოთხოვნათა შესაბამისად, რომლებიც ენერგეტიკული ბაზრების ლიბერალიზაციას ისახავს მიზნად, ბუნებრივი გაზის სექტორში დაიწყო კომპანიების საქმიანობების განცალკევების პროცესი. განცალკევების პროცესი მოიცავს როგორც გადამცემი სისტემის ოპერატორის, ასევე გამანაწილებელი სისტემის ოპერატორების საქმიანობების გამიჯვნას.
- ბუნებრივი გაზის ბაზრის ლიბერალიზაციის მიზნით შემუშავდა მნიშვნელოვანი მარეგულირებელი აქტები. მათ შორის: ბუნებრივი გაზის საცალო ბაზრის წესები; ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელის წესები; ბუნებრივი გაზის გადამცემ და გამანაწილებელ ქსელებში ქსელში ნორმატიული დანაკარგების გაანგარიშების წესი; ინვესტიციების შეფასების წესი; ბუნებრივი გაზის დაბალანსების ქსელის წესები.
- წყალმომარაგების სექტორში განახლდა „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესები“. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ მიმდინარეობს სემეკთან შეთანხმებული ინვესტიციების განხორციელება. პროექტების მიზანია წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაცია და ავარიული გათიშვების მინიმუმამდე დაყვანა. სემეკთან შეთანხმებული და 2024 წელს განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულობაა 141,044,255 ლარი.
- მელიორაციის სექტორში დამტკიცდა „შპს „საქართველოს მელიორაციის“ აღრიცხვის სისტემის გამრიცხველიანების გეგმა “. გარდა ამისა, ,,საირიგაციო წყლის მიწოდების წესების“ № 39 დადგენილების მიხედვით შპს ,,საქართველოს მელიორაციას“ აქვს ვალდებულება პროცესების მიმდინარეობის შესახებ კომისიაში წარადგინოს პერიოდული ანგარიშგება. სემეკის მიერ შემუშავდა შესაბამისი ფორმები. აღნიშნული ფორმატით რეგულარულად ხდება ინფორმაციის მიღება საირიგაციო სისტემებში არსებული მდგომარეობის, წყალაღების ადგილების, წყლის მოცულობების, მაგისტრალური, გამანაწილებელი არხების, სატუმბი სადგურების, წყალსაცავების შესახებ. დეპარტამენტი ყოველკვარტლურად ამუშავებს წარმოდგენილ მონაცემებს. მიმდინარე წელს კომპანიის მიერ ყოველკვარტლურად ხდება მონაცემების შევსება და სემეკის შესაბამის პორტალზე განთავსება ექსელის ფორმატში სატესტო რეჟიმში. 2025 წლიდან დამტკიცებული და პორტალზე შექმნილ ფორმატში კომპანიის მხრიდან მოხდება შესაბამისი ინფორმაციის მოწოდება და მონაცემების პორტალზე განთავსება.
- ,,საქართველოს მელიორაციაში“ მიმდინარეობს საირიგაციო სისტემების ინვენტარიზაციის პროცესი. ინვენტარიზაციის მიზნებს წარმოადგენს, სამელიორაციო სისტემების, სიტემებზე არსებული და პოტენციურად მოსაწყობი მიწოდების წერტილების განსაზღვრის, მომარაგებული უძრავი ქონების და წყლის გაშვების პუნქტების აღწერის სამუშაოები. ,,საქართველოს მელიორაციის“ ინფორმაციით ინვენტარიზაცია განხორციელდა, მტკვარი-ჯანდარას სერვის ცენტრის და ქვემო სამგორის სერვის ცენტრის მარჯვენა მაგისტრალური არხის და ტაშისკარი-სალთვისის სერვის ცენტრის ზედა რუს სარწყავი სისტემის სამოქმედო ტერიტორიაზე. რეგულირების მიზნებიდან გამომდინარე ინვენტარიზაციის შედეგად მივიღებთ შემდეგ ინფორმაციას: სისტემებზე არსებული და პოტენციურად მოსაწყობი მიწოდების წერტილების ნომრები, GPS კოორდინატები (დატანილი საირიგაციო სისტემების რუკებზე), სისტემების, მაგისტრალური არხების და გამანაწილებელი არხების დასახელებები, არსებულ და პოტენციურად მოსაწყობ მიწოდების წერტილებზე მიბმული მიწის ფართობები (განცალკევებულად). სამელიორაციო სისტემების რუკები, რომელზეც დატანილი უნდა იყოს ინვენტარიზაციის შედეგად მიღებული მონაცემები.
- სემეკმა რეგულირებად კომპანიებში მარეგულირებელი აუდიტი გაამკაცრა. სემეკის გადაწყვეტილების შესაბამისად, გეგმურ მარეგულირებელ აუდიტთან ერთად სისტემატურად მოხდება არაგეგმური მარეგულირებელი აუდიტის განხორციელება, რაც გულისხმობს რეგულირებული კომპანიების ფინანსური და ტექნიკური მდგომარეობის, მათ მიერ განხორციელებული შესყიდვების მიზნობრიობის შესწავლას, დანახარჯების რეგულირებად საქმიანობასთან კავშირის/საჭიროების დადგენას, მიზანშეწონილობისა და გონივრულობის განსაზღვრას.
- ამ მიზნით, სემეკში შეიქმნა მარეგულირებელი აუდიტის დეპარტამენტი, რომლის ფუნქციასაც წარმოადგენს სატარიფო მიზნებისათვის განსახორციელებელი დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის პარალელურად წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად, რეგულირებულ საწარმოთა ხარჯების შედარებითი ანალიზი.
- შესაბამისი ტარიფებისა და საფასურების დადგენის მიზნით განხორციელდა 8 რეგულირებული საწარმოს დანახარჯების გეგმური მარეგულირებელი აუდიტი (მათ შორის, 5 თბოსადგურის, 2 ელექტროენერგიის მიმწოდებლისა და 1 ენერგეტიკული ბირჟის ოპერატორის); ელექტროენერგიის გადაცემის სისტემის (სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“) ოპერატორის ტარიფის კორექტირების მიზნით განხორციელდა შესაბამისი საპროგნოზო დანახარჯებისა და შემოსავლების შესწავლა/ანალიზი; დაწყებულია ელექტროენერგეტიკის გადაცემისა და განაწილების ლიცენზიატების 2020-2023 წლების ინვესტიციებისა და არაკონტროლირებადი საოპერაციო დანახარჯების შესწავლა/ანალიზი; სრულდება ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორებში 7 რეგულირებული საწარმოს (გადაცემის და განაწილების ლიცენზიატები) არაგეგმური მარეგულირებელი აუდიტი.
- საერთაშორისო ურთიერთობის კუთხით, 2024 წელს სემეკი ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭოსთან (CEER), ენერგეტიკულ გაერთიანებასთან (Energy Community), ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონულ ასოციაციასთან (ERRA), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან (USAID), კომუნალური სამსახურების მარეგულირებელი კომისიების ეროვნულ ასოციაციასა (NARUC) და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობდა. კომუნალური სამსახურების მარეგულირებელი კომისიების ეროვნული ასოციაციის (NARUC) ორგანიზებითა და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით კომისიაში განხორციელდა სხვადასხვა მიმართულების პროგრამები.
მემორანდუმი გაფორმდა:
- სემეკსა და აზერბაიჯანის ენერგეტიკის მარეგულირებელ სააგენტოს შორის. თანამშრომლობის საფუძველს წარმოადგენს ენერგეტიკის სექტორის რეგულირების განვითარების ხელშეწყობა.
- სემეკსა და კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს შორის. მემორანდუმი ითვალისწინებს მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით მჭიდრო თანამშრომლობას.
ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის მიერ 2024 წელს ჩატარდა 21 სასწავლო კურსი სხვადასხვა თემატიკაზე. ჯამში, ტრენინგები გაიარა 1200-მდე მონაწილემ.