დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
როგორი არქიტექტურით აშენებენ სახლებს თანამედროვე ქართველები - „არქილაბის“ პასუხი

როგორი არქიტექტურით აშენებენ სახლებს თანამედროვე ქართველები - „არქილაბის“ პასუხი

16-09-2023 14:56:25

კომპანია „არქილაბში“ საკუთარ მაგალითზე არქიტექტურული პროექტების მოთხოვნის 20%-იანი ზრდაზე საუბრობენ. როგორც კომპანიის ხელმძღვანელმა ლადო მარღიამ Business Insider Georgia-თან საუბრისას განაცხადა, წელს კომპანიამ 15 არქიტექტურული პროექტის განხორციელება მოასწრო. მისივე თქმით, თბილისში ერთი პროექტის სრულყოფას 2-3 თვე სჭირდება, ხოლო რაიონებში 4 თვემდე. პროექტის მოსამზადებლად გარკვეული ბიუროკრატიული დოკუმენტებია მოსამზადებელი, რასაც საბოლოო ცალკე დრო ეთმობა. 

„არქიტექტურა პროექტებზე მოთხოვნა გაზრდილია. თბილისში საკმაოდ ბევრი მშენებლობა მიმდინარეობს და ჩვენი კომპანიის შემთხვევაში ძირითადი დაკვეთა მაინც კერძო სახლებზეა. ამ მიმართულებით კი „არქილაბის“ დაკვეთების მხრივ პირველ ადგილზე თბილისი, ხოლო მეორე ადგილზე მცხეთაა (საგურამო). 

როგორც ლადო მარღია ამბობს, დამკვეთების მხრიდან ყველაზე მოთხოვნადი მინიმალისტური სტილია. 

„დღეს პოპულარული მინიმალისტური სტილია. ამ სტილზე აქცენტი ბოლო წლებია რაც კეთდება. ალბათ ეს იმიტომაც, რომ უფრო იაფი ჯდება მისი მშენებლობა. ასეთი პროექტის განხორციელება უფრო იაფიცაა და მარტივიც. მონოლითური კარკასი უფრო სწრაფადაც შენდება“, - აცხადებს ლადო მარღია.

პროექტირების ტარიფებს რაც შეეხება დამოკიდებულია ქალაქზე და მდებარეობაზე. თუმცა როგორც „არქილაბის“ ხელმძღვანელი თბილისისა და მცხეთის მაგალითზე ამბობს, ამ ორ ქალაქს შორის დაპროექტების ღირებულება ოდნავ განსხვავებულია, რადგანაც თბილისში მეტ დოკუმენტაციაზეა მოთხოვნა. 

„საგზაო მოძრაობის სქემებშია სხვაობა. თან გააჩნია, რომელ კომპანიას უკვეთავენ პროექტს. ჩვენი კომპანიის მაგალითზე 1 კვ/მ-ს 30 ლარად ვაკეთებთ, თუმცა არიან კომპანიები, რომლებიც 30 დოლარადაც აკეთებენ. გააჩნია. ჩვენი ტარიფები საშუალო სეგმენტია, თუმცა არიან სუბიექტები ვინც 1 კვ/მ-ს 20 ლარადაც აკეთებენ. არ ვიცი ამ ტარიფით, როგორ აკეთებენ, მაგრამ ეს ალბათ მათი პიარის ნაწილიცაა“, აღნიშნავს არქიტექტურული კომპანიის ხელმძღვანელი. 

კომპანია „არქილაბში“ ამბობენ, რომ მათი კლიენტები ქართველები არიან. არის შემთხვევა, როდესაც უცხოეთში მცხოვრები ქართველებიდანაც შემოდის შეკვეთები და მათთან კომუნიკაცია და შეთანხმება დისტანციურად ხდება.
ლადო მარღია ამბობს, მათთვის შეკვეთილი პროექტებიდან აუზზე განაცხადი, ანუ მოთხოვნა პროექტების 30-40%-ის შემთხვევაში გაკეთდა, რადგანაც „არქილაბის“ ხელმძღვანელის თქმით, აუზის მშენებლობა საკმაოდ ძვირი, საშუალოდ 25 ათასი, ჯდება.

„ჩვენ ვაკეთებთ მომხმარებელზე მორგებულ პროექტებს. არ მივდივართ იმ გზით, რომ რაღაც მასშტაბურებს რომ აკეთებენ და მერე აღარ სრულდება და პროექტი პროექტად რჩება. როდესაც დამკვეთი მოდის ჩვენთან ჯერ მიახლოებით ბიუჯეტს ვეკითხებით და ბიუჯეტის გათვალისწინებით და ასევე დამკვეთის სურვილების გათვალისწინებით, ვაკეთებთ პროექტებს. 

როდესაც მომხმარებელი მოდის, მან დაახლოებით უკვე იცის რა ტიპის სახლი სჭირდება. საუბარია ფართზე და შემდეგ მის დიზაინს უკვე ჩვენ ვაკეთებთ. არის შემთხვევა, როდესაც სხვადასხვა დიზაინის პროექტი მოაქვთ და მათი მიხედვით ითხოვენ, რაც საბოლოო ჯამში ჩვენს საქმეს ართულებს, რადგანაც მათ რამდენიმე სახლიდან სხვადასხვა დეტალის აღება სურთ“, - აღნიშნავს Business Insider Georgia-თან „არქილაბის“ ხელმძღვანელი. 

 

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები