საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ტარდება. მოსახლეობა მე-11 მოწვევის პარლამენტს ირჩევს. ამომრჩევლები პარლამენტის 150 დეპუტატს პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე ოთხი წლის ვადით აირჩევენ. კენჭისყრა 08:00 საათზე დაიწყო და 20:00 საათზე დასრულდება.
ელექტრონულ არჩევნებში მონაწილეობის მიღების წესი ასეთია: კენჭისყრის ოთახში შესვლისას ამომრჩეველი გადის მარკირების შემოწმების პროცედურას. თუ ამომრჩეველი არ იქნება მარკირებული, მას მიეცემა კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება. კენჭისყრის ოთახში ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრი კენჭისყრის ოთახში ამომრჩეველს შეუშვებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი მას წარუდგენს საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონულ მოწმობას (ID-ბარათს), საქართველოს მოქალაქის პირადობის მოქმედ არაელექტრონულ (ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის არმქონე) მოწმობას ან საქართველოს მოქალაქის პასპორტს და ამომრჩევლისთვის განკუთვნილ სარეგისტრაციო მაგიდასთან ორზე მეტი ამომრჩეველი არ იმყოფება.
მორიგი სიახლე, რომელიც ამომრჩეველს ელექტრონულ საარჩევნო უბანზე დახვდება, ახალი სახის ბიულეტენია. ელექტრონულ უბანზე მისულმა ამომრჩეველმა ამ შემთხვევაში კი არ უნდა შემოხაზოს სასურველი საარჩევნო სუბიექტის ნომერი, არამედ უნდა გააფერადოს სუბიექტის წინ არსებული წრე.
სიახლეა ბიულეტენზე დატანილი სპეციალური შტრიხკოდი და QR-კოდი. თითოეული უბნისთვის განკუთვნილი კონკრეტული ბიულეტენის გამოყენება შეუძლებელია სხვა უბანზე, რადგანაც QR კოდში გაწერილია უბნის, ოლქისა და კონკრეტული არჩევნების ID. შესაბამისად, QR კოდის არსებობა უზრუნველყოფს ბიულეტენის დაცულობას და საზღვრავს თუ რომელი უბნისთვისაა განკუთვნილი ესა თუ ის ბიულეტენი.
უახლესი