მინდა მოსახლეობა დავარწმუნოთ, რომ ის პროცესები, რომლითაც იმართება საპენსიო აქტივების ზედამხედველობა წარმატებულ საერთაშორისო პრაქტიკებზეა აწყობილი. ზედამხედველობის მიზანია მოსახლეობის საპენსიო აქტივებისა და შემოსავლის მაქსიმალური ამონაგების უზრუნველყოფა, მისაღები რისკების ფარგლებში, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრმაი, ვიცე-პრეზიდენტმა ნიკოლოზ გაგუამ განაცხადა. '
ამასთან გაგუამ აღნიშნა, რომ რისკიანობა არ ნიშნავს, რომ შესაძლოა, დანაზოგი დაიკარგოს.
„რისკიანობა ნიშნავს იმას, რომ ადამიანისთვის, რომელიც უახლოვდება საპენსიო ასაკს, რამდენად შესაძლებელია, რომ კონკრეტულ მომენტში საპენსიო აქტივების ღირებულება შემცირდეს. ეს შემცირება შესაძლოა იყოს, პირობითად, 1-წლიანი ან 2-წლიანი. ყველაზე ხანგრძლივი შემცირების პერიოდი 2008 წელს იყო და ეს 1.5 წელს გაგრძელდა. დაბალრისკიანი პორტფელი სწორედ ამ რისკის დაცვას ითვალისწინებს“, - განაცხადა სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, დაგროვებითი საპენსიო სისტემა არის პიროვნების, მონაწილის დანაზოგი, მათი საკუთრება და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა მონაწილეს ჰქონდეს დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა.
„დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღება შესაძლებელი გახდა მიმდინარე თვეს როცა პორტფელების არჩევა შეუძლია მომხმარებელს, ხოლო 1 წელიწადში საშუალება ექნება აქტივების მმართველი შეარჩიოს.
ფრაზა “მიიღეთ აქტიური საინვესტიციო გადაწყვეტილება“ გვინდა, რომ უფრო პოპულარული გავხადოთ. ეს არის დაგროვებითი საპენსიო სისტემის მთავარი პრინციპი.
საპენსიო აქტივების ზედამხედველობას ახორციელებს სებ-ი და ეროვნული ბანკი არის ფინანსური სექტორის ზედამხედველი. სადაზღვევო სექტორის გარდა ჩვენ ყველა სხვა სექტორში ფინანსური სექტორს ვზედამხედველობთ.
მინდა მოსახლეობა დავარწმუნოთ, რომ ის პროცესები რომლითაც იმართება საპენსიო აქტივების ზედამხედველობა ესეც წარმატებულ საერთაშორისო პრაქტიკებზე არის აწყობილი. ზედამხედველობის მიზანია მოსახლეობის საპენსიო აქტივების და შემოსავლის მაქსიმალური ამონაგების უზრუნველყოფა, მისაღები რისკების ფარგლებში“, - განაცხადა გაგუამ.
შეგახსენებთ, რომ 6 აგვისტოს ამოიწურა 5-წლიანი ვადა, როცა კანონი საპენსიო სააგენტოს ავალდებულებდა, მოქალაქეთა საპენსიო დანაზოგები დაებანდებინა მხოლოდ ნაკლებად რისკიან პორტფელში. ახლა სავალდებულოა, მოქალაქემ თავად შეაფასოს რისკები თანხის დასაბანდებლად. 6 სექტემბრამდე დასაქმებულებმა უნდა აირჩიონ, სად დააბანდონ დაგროვებული საპენსიო თანხა - ნაკლებრისკიან, საშუალორისკიან თუ მაღალრისკიან პორტფელებში.
უახლესი