დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რის ხარჯზე იზრდება მობილური ოპერატორების შემოსავლები – Galt & Taggart-ის კვლევა

რის ხარჯზე იზრდება მობილური ოპერატორების შემოსავლები – Galt & Taggart-ის კვლევა

13-10-2023 19:04:50

ტელეკომუნიკაციების სექტორის შემოსავალი 2023 წლის პირველ ნახევარში, ძირითადად მობილური სეგმენტის ხარჯზე 18,4%-ით, 648,4 მილიონ ლარამდე გაიზარდა.

Galt&Taggart-ის კვლევის მიხედვით, საქართველოში მოქმედი მობილური ოპერატორების ქსელს 2022 წლისა და 2023 წლის პირველი ნახევრის ჩათვლით 320 ათასი ახალი მომხმარებელი დაემატა, რაც ძირითადად მიგრანტების შემოსვლითა და ტურიზმის აღდგენით იყო გამოწვეული, რის საფუძველზეც ჯამში აბონენტების რიცხვი 5,4 მილიონამდე გაიზარდა. მობილური კავშირგაბმულობის სექტორში მოგება 2021 წლიდან მზარდია, რაც აბონენტების ზრდითა და იმავე წლის 21-ივლისიდან სატარიფო შეზღუდვების მოხსნით არის გამოწვეული.

ასევე, მობილური ოპერატორების შემოსავლების ზრდა გამოწვეულია ინტერნეტ ტრაფიკით, რომელიც 2019-2023 წლებში 7-ჯერ გაიზარდა, აბონენტების რაოდენობის ზრდისა და აბონენტების მიერ მეტი მეგაბაიტის გამოყენების ხარჯზე. მობილური მომსახურების ბაზარზე 3 კომპანია ოპერირებს: მაგთი 49.3%-იანი წილით, სილქნეტი, რომელიც ბაზრის წილით მეორეა და 34.4%-ს ფლობს, ხოლო მესამეა სელფი, რომელსაც ბაზრის 16.3% უკავია;

ამ პერიოდში დამატებით 90 ათასი აბონენტი ჩაერთო ფიქსირებულ ფართოზოლოვან ინტერნეტქსელში, რაც კვლევის თანახმად, უძრავი ქონების გაყიდვებმა და რეგიონებში ინტერნეტზე წვდომის ზრდამ განაპირობა. ზრდა 2023 წლის პირველ ნახევარშიც გაგრძელდა და 1,06 მლნ (+6,4% წ/წ) მომხმარებელს მიაღწია.

ფიქსირებულ ფართოზოლოვან ინტერნეტქსელზე წვდომის ზრდის შედეგად კომპანიების შემოსავლები 2018-2022 წლებშიც იზრდებოდა, რაც აბონენტების რაოდენობისა და ტარიფების ზრდით იყო გამოწვეული. 2022 წელს კომპანიების საერთო შემოსავალი 335.9 მილიონი (28.1%) ლარი იყო. ამ სეგმენტში ბაზრის 46.7% მაგთის უჭირავს, ხოლო დანარჩენი სილქნეტსა (33.7%) და სხვა ოპერატორებზე (19.7%) ნაწილდება.

ფასიანი ტელევიზიების გამომწერთა რაოდენობა 2023 წლის პირველ ნახევარში -0,4%-ით 0,7 მლნ ხელმომწერამდე შემცირდა. რაც გამოწვეულია მაგთიკომის თანამგზავრული ტელევიზიიდან 2023 წლის 23 იანვრიდან გასვლით და სტრიმინგის სერვისების მზარდი პოპულარობით. ამის მიუხედავად ფასიანი ტელევიზიის სეგმენტის შემოსავლები კვლავ იზრდება უფრო მაღალი ტარიფებისა და ფიქსირებული ფართოზოლოვანი სერვისების კონსოლიდაციის წყალობით. 2022 წელს ორმა კომპანიამ ამ სერვისით 135.8 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო, რაც წლიურ ჭრილში 11.4% -იან ზრდას აჩვენებს. ამ მიმართულებით ბაზარს ორი კომპანია ინაწილებს: მაგთი – 52.5%-ს ხოლო სილქნეტი – 35.8%-ს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

მსგავსი სიახლეები