რიგაში, საერთაშორისო გამოფენაზე RIGA FOOD 2023, 8 ქართულმა კომპანიამ დამთვალიერებელს საკუთარი წარმოების სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია გააცნო. მათ შორის ერთ-ერთი ქართული ლიმონათის მწარმოებელი კომპანია „ხილიანია“.
კომპანიის დირექტორი გიორგი ასპანიძე Business Insider Georgia-თან ამბობს, რომ ღონისძიებაში მონაწილეობით კმაყოფილია, ვინაიდან ახალი კონტაქტები დაამყარეს და ბიზნესისთვის მეტი შესაძლებლობა გაჩნდა.
,,აგრარულ გამოფენებში მონაწილეობა კარგია ნებისმიერი საწარმოსთვის, რომელიც მდგრად განვითარებაზეა ორიენტირებული. ჩვენს შემთხვევაში, ახალი კონტაქტები დავამყარეთ და ველოდებით, რომ ორმხრივი ურთიერთობები გაღრმავდება.
ჩვენ ვაწარმოებთ ნატურალურ ქართულ ლიმონათს, რომელიც ადგილობრივი ხილისგან მზადდება და მაღალი ხარისხით გამოირჩევა. პირველი გამოხმაურება გვაქვს, რაც სასიკეთო სიგნალია, ცნობადობა უფრო გაიზარდა. ვფიქრობთ, ეს ძალიან დაგვეხმარება საექსპორტო არეალის გაფართოებაშიც", - ამბობს გიორგი ასპანიძე.
ცნობისთვის, „ქართული ლიმონათის“ ქარხნის მშენებლობა 2014 წელს დაიწყო, ხოლო პროდუქციის წარმოება - 2015 წლის აგვისტოში.
ქარხანა სახელმწიფო პროექტის ,,აწარმოე საქართველოში“ პროექტის ხელშეწყობით ნატახტარში გაიხსნა. წარმოებაში 10 მილიონ ლარამდე ინვესტიციაა განხორციელებული. კომპანია ექსპორტზე 8 ქვეყანაში გადის. ლიმონათის ჩამოსასხმელ ქარხანაში 62 ადამიანია დასაქმებული. მათი უმეტესობა ნატახტრისა და ახლო მდებარე სოფლების მცხოვრებია.
რაც შეეხება რიგაში გამართულ საერთაშორისო გამოფენა RIGA FOOD 2023-ს, იქ ქართული კომპანიები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით მონაწილეობდნენ.
ქართველი მეწარმეების მიერ გამოფენაზე წარმოდგენილი იყო თხილი, ღვინო, ნატურალური წვენი, ლიმონათი, ტყემალი, სუნელები, თაფლი და ალკოჰოლური სასმელები.
უახლესი
1 საათის წინ
დონალდ ტრამპმა საკუთარი კრიპტოვალუტა $TRUMP გამოუშვა6 საათის წინ
არჩილ გაჩეჩილაძე ტრამპის ინაუგურაციას დაესწრება