დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რეზერვების გარკვეული წილის ქონა ოქროში რაციონალურია - ოთარ ნადარაია

რეზერვების გარკვეული წილის ქონა ოქროში რაციონალურია - ოთარ ნადარაია

08-04-2024 18:00:00

რეზერვების გარკვეული წილის ქონა ოქროში რაციონალურია, - ასე აფასებს თიბისი კაპიტალის მთავარი ეკონომისტი ოთარ ნადარაია სებ-ის გადაწყვეტილებას, რომელმაც რეზერვებს მონეტარული ოქრო დაამატა. 

როგორც ნადარაია მიიჩნევს, ეს უკვე საერთო ტენდენციაა და რეზერვების გარკვეული ნაწილის ოქროში ქონა საჭიროც კი არის. 

„საერთო ტენდენცია, რომ გარკვეული წილი საერთაშორისო რეზერვების არის ოქროში. მთლიამობაში არის გარკვეული რისკი, რადგანაც ოქროს ფასი არის მერყევი. მაგალითად თუ გეოპოლიტიკური ვითარება დასტაბილურდა ეს გამოიწვევს ოქროს ფასის შემცირებას, მაგრამ რეზერვების გარკვეული წილის ქონა ოქროში რაციონალურია“, - აღნიშნა ოთარ ნადარაიამ.

ეროვნული ბანკის საბჭოს გადაწყვეტილებით, სებ-ის საერთაშორისო სავალუტო რეზერვებს მონეტარული ოქრო დაემატა.

უკანასკნელ წლებში მსოფლიოს ცენტრალური ბანკების საერთაშორისო რეზერვებში ოქროს მოცულობა მნიშვნელოვნად იზრდება, რაც ორი ძირითადი ფაქტორითაა განპირობებული: პირველი - ოქრო განიხილება, როგორც უსაფრთხო და სასურველი აქტივი ეკონომიკური, ფინანსური და გეოპოლიტიკური გამოწვევების დროს და მეორე -  ოქრო  პორტფელის დივერსიფიცირების  კარგ საშუალებად მიიჩნევა.

მიმდინარე ეტაპზე მსოფლიოს მასშტაბით, მთლიანი სავალუტო რეზერვების 1/8 სწორედ ოქროშია განთავსებული, ხოლო ცენტრალური ბანკები მთლიანი ოქროს 20%-ს ფლობენ. 2023 წლის განმავლობაში ცენტრალურმა ბანკებმა სულ 1037 ტონა ოქრო შეიძინეს, რაც მასზე მთლიანი მოთხოვნის 28%-ს შეადგენს. მათ შორის, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ყველაზე მეტი ოქრო  პოლონეთისა და ჩეხეთის ცენტრალურმა ბანკებმა დააგროვეს. ბოლო მონაცემებით, 2023 წელს ოქროს რეზერვების მოცულობა 1.3%-ით გაიზარდა. ჯამური ოქროს რეზერვების მეოთხედს კი აშშ-ი ფლობს - 25.4%, გერმანია - 10.5%, ხოლო იტალია და საფრანგეთი - 7.6%-ს.
აღსანიშნავია, რომ გასულ წელს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შიდა სავალუტო ბაზარზე რეკორდული მოცულობის - 1.5 მლრდ აშშ-ის დოლარი შეიძინა, რამაც რეზერვების მოცულობის მნიშვნელოვანი ზრდა განაპირობა. ყოველივე ამან კი პირველად, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ეროვნულ ბანკს საერთაშორისო რეზერვებში მონეტარული ოქროს აქტივების დამატების შესაძლებლობა მისცა.

"მივიღეთ გადაწყვეტილება და ჩვენს სავალუტო რეზერვებს, პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, მონეტარული ოქრო დავამატეთ. ჩვენი მიდგომაა, ყოველთვის ვეცადოთ გავზარდოთ საერთაშორისო რეზერვები, რადგან ეს არის  ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ე.წ. უსაფრთხოების ბალიში. ახლა არამხოლოდ ვზრდით, არამედ დივერსიფიცირებასაც ვახდენთ და პირველად ჩვენს ქვეყანას, ცენტრალურ ბანკს, საერთაშორისო რეზერვებში ექნება ჩართული ოქრო, როგორც ერთ-ერთი უსაფრთხო და ყოველთვის ღირებული აქტივი", - განაცხადა ნათია თურნავამ.
სებ-ის საბჭოს 2024 წლის 1-ლი მარტის გადაწყვეტილების შესაბამისად, ეროვნულმა ბანკმა 500 მლნ აშშ-ის დოლარის მოცულობის, 7 ტონა, უმაღლესი სინჯის (999.9) მონეტარული ოქრო - საერთაშორისო სტანდარტების ზოდების სახით ლონდონის ოქროს ზოდების ბაზარზე შეიძინა და ამჟამად ლონდონშივე ინახება. შეძენილი ოქროს მოცულობა დღევანდელი მდგომარეობით, სებ-ის საერთაშორისო რეზერვების დაახლოებით 11%-ს უტოლდება. აღნიშნული ოქრო საქართველოში სებ-ის საცავში განთავსდება.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები