დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რატომ უნდა მოინახულო ჯავახეთის დაცული ტერიტორია – შენი ახალი საყვარელი საზაფხულო დანიშნულების ადგილი

რატომ უნდა მოინახულო ჯავახეთის დაცული ტერიტორია – შენი ახალი საყვარელი საზაფხულო დანიშნულების ადგილი

11-08-2024 16:51:00

გიზიარებთ ბლოგს: ზაფხულის დადგომისთანავე ჩნდება ახალი საფიქრალი – სად წავიდეთ დაუვიწყარი მოგონებების შესაგროვებლად? როცა გარეთ პაპანაქება სიცხეა და ქალაქის ქუჩებს ბუღი ასდის, დასვენებისთვის თუ დროის გასაყვანად მთავარ კრიტერიუმად სიგრილე იქცევა. ამისთვის ზედგამოჭრილი ჯავახეთის დაცული ტერიტორიაა, რომლის მხარდამჭერი უკვე მრავალი წელი საქართველო ბანკია.

ჯავახეთის დაცული ტერიტორია სამცხე-ჯავახეთში, ნინოწმინდისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტების მიდამოებში მდებარეობს. 19 309 ფართობის ჰექტარზე გადაჭიმული ეს თვალწარმტაცი ტერიტორია მოიცავს მადათაფას, ბუღდაშენის, სულდას, კარწახის, ხანჩალის, ფარავნის, საღამოს, აბულის აღკვეთილებს და ჯავახეთის ეროვნულ პარკს. ასე რომ, წინ სანახავი ბევრი რამ გაქვს, თუ ამ ზაფხულის თავგადასავლის დაგეგმვას ახლა იწყებ.

მზე თავის ზენიტს მალე მიაღწევს და უმჯობესია, მანამდე დაალაგო უახლოესი გეგმები და ჯავახეთის დაცულ ტერიტორიაზე გაიხიზნო, სადაც იმდენ რამეს იხილავ და აღმოაჩენ, რომ შემდეგ ვიზიტამდეც გაგყვება წარუშლელი და სხვებისთვის გასაზიარებელი შთაბეჭდილებები. ამ ბლოგში გზამკვლევი მოგიმზადეთ, რათა გაეცნო იმ უპირატესობებს, თუ რატომ უნდა ეწვიო ჯავახეთს სწორედ ამ ზაფხულს.

რა დაგხვდება

პირველი, რაც აუცილებლად უნდა იცოდე, ეს დაცული ტერიტორიის ზოგადი ჰავაა, რადგან მოგზაურობისთვის შესაფერისად მოემზადო. საქართველო გამოირჩევა ჭარბტენიანი ტერიტორიებით და ამ მხრივ გამონაკლისი არც ჯავახეთის დაცული ტერიტორიაა.

ჯავახეთის ეროვნული პარკი ძირითადად უტყეო მხარეა, მის პლატოზე არაერთი ტბაა, ხოლო ირგვლივ მიმოფენილია მთები. ამიტომ ეს ტერიტორია ალპურ ზონად მიიჩნევა და ჰავაც შესაბამისია – საამური სიგრილე სუფევს და ზაფხულის პერიოდის მწველ მზეს ცოტა ხნით მაინც გადაგავიწყებს.

ჯავახეთის ტბები გარეული ფრინველების ჰაბიტატია. აქ შეძლებ მოინახულო აბულის, ფარავნის, მადათაფას, ხანჩალის და კიდევ სხვა უამრავი ტბა. აღსანიშნია ისიც, რომ ჩამოთვლილთაგან ფარავნის ტბა ყველაზე დიდია საქართველოს მასშტაბით.

თუ ხშირად გიფიქრია, სად მიდიან იხვები ზამთარში, როცა ტბა იყინება, ამის გასაგებად ზამთრის პერიოდშიც უნდა ეწვიოთ ჯავახეთის ტბებს, იქამდე კი ტაბაწყურის ტბაზე შეგიძლია აღმოაჩინო გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი გარიელის ერთადერთი მობინადრე პოპულაცია. გარიელები ბატისებრთა რიგისანი არიან და დღეს, შეიძლება ითქვას, რომ მთელი კავკასიის მასშტაბით მხოლოდ ტაბაწყურის ტბაზეღა ბინადრობენ.

ქალაქიდან განსატვირთად თუ მორიგი თავგადასავლების მოსაწყობად გამოსულ ადამიანს აუცილებლად მოეწონება ფრინველებზე დაკვირვება, რითაც ჯავახეთის ეროვნული პარკი გამოირჩევა. სპეციალურად მოწყობილი კოშკურებიდან წელიწადის სხვადასხვა სეზონზე შესაძლებელია 140 სახეობის მობუდარი თუ გადამფრენი ფრინველის ნახვა. განსაკუთრებით შეიძლება ლაკლაკი, იგივე თეთრი ყარყატი მოგეწონოს, რადგან ბუდეებს პირდაპირ დენის ბოძებზე ან/და სახურავებზე აკეთებს.

დაცულ ტერიტორიაზე დროის სასიამოვნოდ გაყვანა საინტერესო აქტივობებით შეგიძლია, რომლებიც ვიზიტორებს გულგრილს არ ტოვებს: ველოტური, სპორტული თევზაობა, ჩიტებზე დაკვირვება და ლაშქრობა – ამ უნიკალურ ბიომრავალფეროვან მხარეს უკეთ გაგაცნობს და უფრო შეგაყვარებს.

გაითვალისწინე, რომ ჯავახეთის ფლორისა და ფაუნის შეცნობისთვის ახლა საუკეთესო პერიოდია და ყველაფერი ხელის ერთ გაწვდენაზეა – ადგილზე შეგიძლია იქირავო საჭირო ინვენტარი. ამიტომ დროს ნუ დაკარგავ, თუ ეძებ გამორჩეულ ადგილს – ჯავახეთის შეუფასებელი ბუნება შენ გელოდება.

საქართველოს ბანკი მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში მუდმივად ზრუნავს არა მხოლოდ იმ ადამიანებზე, რომლებიც საქართველოს ქმნიან, არამედ იმ ბუნებაზეც, რომელიც ჩვენი ქვეყნის საგანძურია. საქართველოს ბანკი კავკასიის ბუნების ფონდთან (CNF) თანამშრომლობით 2009 წლიდან ზრუნავს ქვეყნის 12 დაცულ ტერიტორიაზე, რათა შენარჩუნდეს ეკოსისტემა, განვითარდეს ტურიზმი და შესაბამისად, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები