საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ განაცხადა, რომ მთავრობის გადაწყვეტილების შედეგად, როდესაც შემცირდა სპეციფიკური სამუშაოების ჩამონათვალი და სამუშაო კვირა 48 საათიანის ნაცვლად 40 საათიანი გახდა, ეკონომიკის რამდენიმე სექტორი მნიშვნელოვნად დაზარალდა.
სოსო ფხაკაძემ აღნიშნული საკითხი, ინვესტორთა საბჭოს შეხვედრაზე დააყენა.
„მთელი წლების განმავლობაში იყო ჩამონათვალი იმ დარგების, სადაც სამუშაო ძალია პრობლემაა და კარგი იქნება თუ ორი-სამი სექტორი ამ ჩამონათვალს დაემატება. ყველაზე მეტად უჭირს საცალო ინდუსტრიას, მეორეა ჰორეკა სექტორი, ესაა რესტორანი, კაფე და სასტუმრო, რაც ტურიზმის ინდუსტრიის მთავარი შემადგენელი ნაწილია და ასევე სამშენებლო სექტორი. ეს სამი სექტორი, რომელიც დაზიანდა ამ გადაწყვეტილების შედეგად“, - აღნიშნავს ფხაკაძე.
მისი თქმით, მთავრობამ სპეციფიკური სამუშაოების ჩამონათვალის სიას უნდა გადახედოს და იმ დარგებისთვის, სადაც მუშა-ხელის დეფიციტია, რამდენიმე წლით მაინც კვლავ 48 საათიანი სამუშაო კვირა აღადგინოს.
„მაშინ, როდესაც მუშახელის 20-22%-იანი ქრონიკული დეფიციტია ძალიან ბევრ სექტორში, როცა ქვეყანა ახლა დგება ფეხზე და ჩვენი ეკონომიკა ახლა ვითარდება და მაქსიმალურად სჭირდება მხარდაჭერა, ის დარგები, რომლებსაც პრობლემები შეექმნათ იმის გამო, რომ სამუშაო კვირა 48-ის ნაცვლად გახდა 40 საათი, სახელმწიფომ უნდა იფიქროს, რომ ამ გადაწყვეტილებას გადახედოს და ეს ასე მოხდება. ჩვენ მოლოდინი გვაქვს, რომ ძალიან მყარი, ძლიერი, ნომერი არგუმენტებია იმისთვის, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებული იყოს“, - აღნიშნავს ფხაკაძე.
მისი თქმით, ბოლო ორი წლის BAG ინდექსის კვლევით გამოიკვეთა, რომ რიგ დარგებში არის სამუშაო ძალისა და კვალიფიციური სამუშაო ძალის დეფიციტი.
შეგახსენებთ, რომ 2023 წლის პირველი იანვრიდან მთავრობამ შეამცირა სპეციფიკური სამუშაოების ჩამონათვალი, რაც იმას ნიშნავს, რომ გარკვეულ დარგებში დასაქმებულებმა, კვირაში 40-ზე მეტი საათის მუშაობის შემთხვევაში, ყოველ გადაცილებულ საათზე უნდა მიიღონ ზეგანაკვეთური ანაზღაურება.
სპეციფიკური სამუშაოების სიიდან მთელი რიგი დარგებია ამოღებული, მათ შორის: სამთომოპოვებითი მრეწველობა; ტექსტილისა და ტექსტილის ნაწარმის წარმოება; ტყავის, ტყავის ნაწარმისა და ფეხსაცმლის წარმოება; ცელულოზა-ქაღალდის მრეწველობა; საგამომცემლო საქმიანობა; კოქსის, ნავთობპროდუქტებისა და ბირთვული მასალების წარმოება; ქიმიური წარმოება; დანარჩენი არალითონური მინერალური ნაკეთობების წარმოება; მეტალურგიული მრეწველობა და ლითონის მზა ნაწარმის წარმოება; ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება და განაწილება; მშენებლობა; ვაჭრობა - ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი; სასტუმროები და რესტორნები; ზოგადი განათლება; პროფესიული განათლება.
უახლესი