საქსტატის ცნობით, 2022 წელს საქართველოში სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი (აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი) წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.9 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 15.6 პროცენტი შეადგინა.
საქართველოში სიღარიბის დონე ისტორიულ მინიმუმზეა. რატომ შემცირდა აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი და როგორ ხდება სიღარიბის დონის განსაზღვრა, ამ საკითხებზე Business Insider Georgia საქსტატის აღმასრულებელ დირექტორს გოგიტა თოდრაძეს ესაუბრა.
ჩვენ გამოვაქვეყნეთ 2022 წლის მონაცემები აბსოლუტური სიღარიბის შესახებ, რომლის მიხედვითაც, სიღარიბის დონე საქართველოში 2022 წელთან შედარებით 1,9%-ით და 15,6% შეადგინა. თუ გადავხედავთ ისტორიულ მწკრივს, აღნიშნული მაჩვენებელი ყველაზე დაბალია მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. მაგალითად, 2010 წელს იყო 37%-ზე მაღალი, 2015 წელს - 21-22%-ის ფარგლებში. შემდეგ იწყებს კლებას და 2022 წელს პანდემიის გავლენის გამო სიღარიბის დონე გაიზარდა და 21,3%-მდე ავიდა, მაგრამ შემდეგ უკვე იწყება შემცირება.
სიღარიბის დონე შემცირებულია პრაქტიკულად ყველა ასაკობრივ ჯგუფში. სიღარიბე შემცირებულია ქალაქად და სოფლადაც. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ეს მაჩვენებელი ქალაქად შედარებით დაბალია და დაახლოებით 12,3%-ს შეადგენს, ხოლო სოფლად უფრო მაღალია და 20,6%-ია.
ასევე აღსანიშნავია, რომ ჩვენ გამოვაქვეყნეთ მოსახლეობის შემოსავლების საზომი ჯინის ინდექსი, რომელიც გაუმჯობესებულია, წინა წელთან შედარებით. აღნიშნული მაჩვენებელი შემოსავლების მიხედვით 0,01% პროცენტული პუნქტით შემცირდა და 0,36 შეადგენს. მთლიანი სამომხმარებლო ხარჯების მიხედვით 0,34-ს.
ჯინის კოეფიციენტი მოთავსებულია 0-დან 1-მდე და რაც უფრო ახლოსაა აღნიშნული მაჩვენებელი 0-თან ეს იმას ნიშნავს რომ შემოსავლები შედარებით თანაბრადაა გადანაწილებული, ხოლო რაც უფრო უახლოვდება 1-ს ეს ნიშნავს შემოსვლების უთანაბრობას.
რაც შეეხება აბსოლუტური სიღარიბის გაანგარიშების მეთოდოლოგიას - ის ეფუძნება საერთაშორისო სტანდარტს, რომელიც შემოთავაზებულია მსოფლიო ბანკის მიერ. აღნიშნული გამოკვლევით, მონაცემების გაანგარიშების საფუძველს წარმოადგენს საქსტატის მიერ კვარტალურად ჩატარებული შინამეურნეობების გამოკვლევა. რომლის ფარგლებშიც რამდენიმე ათასი შინამეურნეობა გამოიკითხება. მეთოდოლოგიური შინაარსი მარტივად რომ მოგახსენოთ ასეთია: ამ შინამეურნეობების მონაცემებზე დაყრდნობით იანგარიშება კილო/კალორიის ფასი, შემდეგ ის მრავლდება საერთაშორისო ნორმაზე - კალორიების დღიურ ნორმაზე - 2300 კალორია. ამით დგინდება სასურსათო მდგენელი. შემდეგ ხორციელდება შინამეურნეობების შემოსავლებისა და ხარჯების გამოკვლევის შედეგად მიღებული მონაცემთა ბაზის ანალიზი, შემდეგ განისაზღვრება პროპორცია, თუ როგორ არის განაწილებული სტრუქტურაში სასურსათო და არასასურსათო ხარჯები. 52% -48% არის სასურსათო და არასასურსათო ხარჯების პროპორცია, ამის მიხედვით განისაზღვრება არასასურსათო მდგენელი, რომელიც ემატება იმ პირველად მონაცემს, რითაც განისაზღვრება სიღარიბის ზღვარი და მის ქვემოთ მყოფი მოსახლეობის პროცენტული წილი, აქედან გამომდინარე კი სიღარიბის დონე.
საქსტატი ამ საკითხის სიღრმისეულ ანალიზს არ აკეთებს, მაგრამ გეტყვით, რომ გასული ორი წლის განმავლობაში ქვეყანაში შეინიშნებოდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რაც გახდა იმის საფუძველი, რომ გაიზარდა მოსახლეობის შემოსავლები. შემოსავლების ზრდა კი განაპირობებს, მოსახლეობის სამომხმარებლო ხარჯების ცვლილებას და გარკვეულწილად მცირდება სიღარიბის დონის მაჩვენებელი.
ამასთან, გაიზარდა სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული სოციალური პროგრამების მოცულობა სხვადასხვა მიზნობრივ ჯგუფებზე, შესაძლოა, სიღარიბის დონის შემცირების თვალსაზრისით, ესეც ერთ-ერთ მიზეზად ჩაითვალოს.
უახლესი