დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რატომ გადაიდო ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება 5-ჯერ და რა შეიცვლება რიგითი მოქალაქეებისთვის - ირინა მილორავა

რატომ გადაიდო ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება 5-ჯერ და რა შეიცვლება რიგითი მოქალაქეებისთვის - ირინა მილორავა

28-04-2023 17:42:53

 

5-ჯერ გადავადებული საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება 1-ლი ივლისიდან იგეგმება. როგორც Business Insider Georgia-თან ბირჟის გენერალური დირექტორი ირინა მილორავა აცხადებს, რომ ახალი მოდელის ამოქმედების თარიღის დადგენისას როგორც გარე ფაქტორების, ასევე ბაზრის მონაწილეების მზადყოფნის შეფასება მოხდა და ამ პროცესში საქართველოს მთავრობასთან ერთად ჩართული იყო მარეგულირებელი კომისია.

  • ბოლო ვერსიით, როდის ამოქმედდება საქართველოში ენერგეტიკული ბირჟას სრულფასოვანად და ხომ არ არის გარე ან შიდა ფაქტორები, რამაც შესაძლოა, ამ გადაწყვეტილების გადავადება კიდევ ერთხელ გამოიწვიოს?

საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება, რომელიც აერთიანებს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის ორ სეგმენტს - „დღით ადრე და დღიურ ბაზრებს“ [ვაჭრობა შესაძლებელია რადენიმე დღით ადრე და ყოველდღე], პირდაპირ არის დაკავშირებული ელექტროენერგიის ბაზრის ახალი მოდელის ამოქმედებასთან, ვინაიდან ენერგეტიკული ბირჟა ფუნქციურ მნიშვნელობას შეიძენს მხოლოდ ახალი მოდელის პირობებში, რომლის ერთ-ერთი მთავარი სიახლეც საათობრივი ვაჭრობის დანერგვაა.

იმისთვის, რომ საბითუმო ბაზარზე საათობრივი ვაჭრობა იყოს შესაძლებელია, აუცილებელია არა მხოლოდ დღით ადრე და დღიური ბაზრების, არამედ ბაზრის სხვა სეგმენტების ჩამოყალიბება და შესაბამისი სამართლებრივი, ტექნიკური და ინსტიტუციური განვითარება.

ახალი მოდელის ამოქმედების თარიღს ადგენს საქართველოს მთავრობა ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციით და დღეს ეს თარიღი 2023 წლის 1-ელი ივლისითაა განსაზღვრული. ამ პერიოდიდან უნდა ამოქმედდეს როგორც ენერგეტიკული ბირჟის ორივე სეგმენტი - დღით ადრე და დღიური ბაზრები, ასევე - საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზარი. ამავე თარიღიდან ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი ახალი ფუნქციებით გააგრძელებს საქმიანობას, რაც საბითუმო საჯარო მომსახურების გაწევას გულისხმობს.

რაც შეეხება ბირჟის ამოქმედების შესაძლო გადავადებას, ეს კვლავ დამოკიდებულია იმ ფაქტორებზე, რომელიც უკანასკნელი გადავადების საფუძველი გახდა. როგორც გახსოვთ, 2023 წლის მარტის ბოლოს, როდესაც საქართველოს მთავრობამ ბაზრის ახალი მოდელის ამოქმედება გადაავადა, მთავარ მიზეზად დასახელებული იყო რეგიონში არსებული რთული პოლიტიკური ვითარება, რუსეთის ომი უკრაინაში და, შედეგად, რეგიონში ენერგომატარებლებზე დრამატულად გაზრდილი ფასები. ვინაიდან ჩვენ კვლავ ვრჩებით იმპორტდამოკიდებულ ქვეყნად, ჯერ კიდევ მაღალია რისკი იმისა, რომ მეზობელ ქვეყნებში ელექტროენერგიაზე ფასების ზრდამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს საბაზრო ფასზე, რაც არც თუ ისე კარგ სასტარტო პოზიციაში ჩაგვაყენებდა ბაზრის ახალი მოდელის ამოქმედების შემთხვევაში.

ყოველ ჯერზე, როდესაც ახალი მოდელის ამოქმედების თარიღზე გადაწყვეტილება მიიღებოდა, ხდებოდა როგორც გარე ფაქტორების, ასევე ბაზრის მონაწილეების მზადყოფნის შეფასება და ამ პროცესში საქართველოს მთავრობასთან ერთად ჩართული იყო მარეგულირებელი კომისია. ბოლო პერიოდში ამ პროცესში ასევე ჩაერთნენ საერთაშორისო პროექტების ექსპერტები, რომლებიც სწავლობენ და აფასებენ მოსამზადებელი პროცესის მიმდინარეობას. ბუნებრივია, ბაზრების გაშვებამდე კიდევ ერთხელ, კომპლექსურად მოხდება მზადყოფნის ხარისხის შეფასება ყველა ფაქტორის გათვალისწინებით. თუმცა, ცალკე აღებული ენერგეტიკული ბირჟის ნაწილში, შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ როგორც ტექნიკური, ასევე სამართლებრივი თვალსაზრისით მზად ვართ ბაზრის ორივე სეგმენტის გაშვებისთვის - პლატფორმა გამართულია, ბაზრის მონაწილეები შეუფერხებლად ვაჭრობენ ყოველდღიური რეჟიმში ბაზრის ორივე სეგმენტზე, ვაჭრობის შედეგები დადგენილ ვადებში ეგზავნება საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ოპერატორს და სენბის გუნდიც მზად არის რეალურ რეჟიმში ოპერირებისთვის.

 

  • ის, რომ ბირჟის ფუნქციონირების დაწყება პირვანდელი გეგმით ვერ მოხდა, ამით რა დააკლდა სექტორს?

 

თავდაპირველი გეგმით ბაზრის ახალი მოდელის და დღით ადრე ბაზრის ამოქმედება 2021 წლის 1-ელ ივლისს უნდა მომხდარიყო. გახსოვთ, ალბათ, ეს რა პერიოდს დაემთხვა - მთელ მსოფლიოში და, მათ შორის საქართველოშიც, კორონავირუსის პანდემიაა, შეჩერებულია ეკონომიკის განვითარება, გაჩერებულია საწარმოები და მოთხოვნა ელექტროენერგიაზე ისტორიულ მინიმუმზეა.

2022 წელს პანდემია დასრულდა, მაგრამ დაიწყო რუსეთის  ომი უკრაინაში, რაც კიდევ ერთი გამოწვევა გახდა არა მხოლოდ რეგიონის, არამედ ევროპული ენერგეტიკული ბაზრებისთვის. რაც შეეხება შიდა ფაქტორებს, სერიოზული გამოწვევა იყო ბაზრის მონაწილეების მზადყოფნა ბაზრის ახალი მოდელისთვის, რომლებიც კრიტიკულად შეხვდნენ სიახლეებს, განსაკუთრებით იმ ნაწილში, რაც საათობრივი დაბალანსების ვალდებულების და, შესაბამისად, უბალანსობაზე პასუხისმგებლობის დაკისრებას ითვალისწინებდა. არსებული მოდელის ფარგლებში, წლების განმავლობაში მონაწილეები ისე გეგმავდნენ თავიანთ წარმოებას და მოხმარებას, რომ არავითარი პასუხისმგებლობა მის შესრულებაზე არ ეკისრებოდათ, ახალმა მოდელმა კი ასეთი პასუხისმგებლობა გაითვალისწინა. რა თქმა უნდა, ეს მონაწილეებისგან მეტ ძალისხმევას, მათი თანამშრომლების შესაძლებლობების გაძლიერებას და განახლებულ ტექნიკურ მოთხოვნებთან შესაბამისობას მოითხოვს, რისთვისაც საკმარისი დრო უნდა მისცემოდათ.

გასაგებია, რა არის ჩვენი სამიზნე მოდელი და რა სარგებელს მოუტანს ეს რეფორმა ენერგეტიკულ სექტორს - ეს არის თავისუფალი ბაზარი, სადაც მონაწილეები სარგებლობენ თანასწორი, არადისკრიმინაციული პირობებით, გამჭვირვალედ ყალიბდება კონკურენტული ფასი და მომხმარებელს ეძლევა თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობა. და იმისთვის, რომ ეს სარგებელი მივიღოთ, ყველა გამოწვევას უნდა ვუპასუხოთ და ყველა რისკი შევაფასოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, დასაკარგი ნამდვილად ექნება სექტორს და ეს მისი სანდოობა და მიმზიდველობა იქნება.

 

  • ბირჟის გამართულად ფუნქციონირებისთვის [დღესაც სატესტო რეჟიმში მუშაობთ], ამ ხნის განმავლობაში რა პრობლემების გადაჭრა მოგიხდათ?

 

დიახ, ჩვენ 2020 წლის ივლისში ჩავატარეთ პირველი სავაჭრო სესიები დღით ადრე ბაზრის სატესტო პლატფორმაზე, 2021 წლის ოქტომბრიდან კი დავიწყეთ გაერთიანებული სატესტო რეჟიმი საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზართან ერთად, რაც ნიშნავს, რომ ბაზრის მონაწილეები უკვე ერთ წელზე მეტია საბითუმო ბაზარზე ვაჭრობის სრულ ციკლში არიან ჩართულები. ამ წლის დასაწყისში, დღით ადრე ბაზართან ერთად სატესტო რეჟიმში გავუშვით დღიური ბაზარიც, რომლის ამოქმედებაც თავდაპირველად დღით ადრე ბაზრის ამოქმედებიდან 1 წლის შემდეგ იგეგმებოდა, თუმცა, დღით ადრე ბაზრის ამოქმედების გადავადებამ საშუალება მოგვცა ბაზრის ეს სეგმენტიც მოგვემზადებინა გაშვებისათვის.

სატესტო რეჟიმის გახანგრძლივებამ შესაძლებელი გახადა, მაქსიმალურად გამოგვევლინა ის გამოწვევები და პრობლემები, რომელიც ბაზრის ახალ მოდელთან არის დაკავშირებული. პირველი და უმთავრესი გამოწვევა მაინც საქართველოს ბაზრის მცირე ზომას უკავშირდება, რაც გამოწვევაა როგორც სამართლიანი ფასწარმოქმნის, ასევე ბაზრის მონაწილეების მიერ ბაზარზე შესაძლო მანიპულაციების  თვალსაზრისით. სატესტო რეჟიმმა არაერთხელ აჩვენა, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც თუნდაც ერთი მსხვილი მოთამაშე არ მონაწილეობს ვაჭრობაში ან არასწორი სტრატეგიით ვაჭრობს, ეს უკვე გავლენას ახდენს დღით ადრე ბაზრის ფასზე და იგი არალოგიკურად იცვლება. სატესტო რეჟიმში ეს მოსალოდნელიც იყო, ვინაიდან ბაზრის მონაწილეებს რეალურად არ ეკისრებათ ფინანსურ პასუხისმგებლობა და ამდენად, მათ შეიძლება ძალიან ბანალური მიზეზით არ მიიღონ მონაწილეობა ვაჭრობაში. თუმცა, რეალურ ბაზარზე ასეთი შემთხვევები თავისთავად შემცირდება, ვინაიდან სავაჭრო სესიის გამოტოვების შემთხვევაში, მონაწილეს უბალანსობაზე პასუხისმგებლობა დაეკისრება, რაც ბუნებრივად აიძულებს მას, მაქსიმალური სიზუსტით დაგეგმონ მომდევნო დღის მოთხოვნა-მიწოდება და ივაჭროს დაგეგმილი პარამეტრების ფარგლებში.

როდესაც ვაჭრობაში სავალდებულო მონაწილეობაზე ვსაუბრობ, არ ვგულისხმობ მხოლოდ ბირჟაზე ვაჭრობას. ბაზრის მოდელის კონცეფციით ასეთი ვალდებულება მხოლოდ ცალკეულ საწარმოებს ეკისრებათ. იმ მონაწილეებს, რომლებსაც ასეთი ვალდებულება არ აქვთ, შეუძლიათ ელექტროენერგია იყიდონ ან გაყიდონ ორმხრივი ხელშეკრულებების ან საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზარზე, მაგრამ სატესტო რეჟიმის აუცილებელი პირობაა, რომ ერთ-ერთ სეგმენტზე მაინც ივაჭრონ მონაწილეებმა. ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ სრული სურათი დავინახოთ - რა ხდება ბაზარზე დროის სხვადასხვა მონაკვეთში და განსხვავებული მოთხოვნისა და მიწოდების პირობებში. მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი ბაზრის ახალი მოდელის პოტენციური პრობლემების იდენტიფიცირება.

რაც შეეხება ბაზარზე მანიპულაციის რისკებს, პატარა ბაზრის პირობებში, სადაც ერთ მონაწილესაც კი შეიძლება ჰქონდეს გავლენა საბაზრო ფასზე, აუცილებელია, რომ ეფექტიანად განხორციელდეს ბაზრის მონიტორინგი, რაც მარეგულირებელი კომისიის ფუნქციაა. თუმცა, ჩვენც გვეკისრება ბაზარზე ზედამხედველობა და პოტენციური დარღვევის შესახებ მარეგულირებელი კომისიისთვის ინფორმირების ვალდებულება. ამ მიზნით, ჩვენ ბაზრის ანალიტიკოსების ძალიან კარგი გუნდი ჩამოვაყალიბეთ, ნორდ პულთან თანამშრომლობით შევიმუშავეთ ბაზრის ზედამხედველობის სტრატეგია, მოვამზადეთ ანალიტიკური პროგრამული პაკეტები, რომელიც​ განსაზღვრავს ბაზარზე ქცევის შეფასებისა და შესაძლო დარღვევების გამოვლენის ინდიკატორებს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, უკვე ავაწყვეთ ელექტრონული კავშირი მარეგულირებელ კომისიასთან და ამ კავშირის მეშვეობით მივეცით მათ წვდომა ვაჭრობასთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე.

 

  •  თუ შეიძლება მოსახლეობას კიდევ ერთხელ რომ აუხსნათ, რატომ არის მნიშვნელოვანი ბირჟის დროულად ამოქმედება და რა შეიცვლება რიგითი მოქალაქეებისთვის, რეგიონების მოსახლეობისთვის?

 

როგორც აღვნიშნე, ახალი მოდელის მთავარი სიახლე საათობრივი ვაჭრობაა, რაც საათობრივ ფასწარმოქმნას გულისხმობს. ახალი მოდელი თანაბრად საინტერესო უნდა იყოს როგორც გენერაციის ობიექტებისთვის, ასევე მომხმარებლებისთვის, იმიტომ რომ იგი იძლევა სწორ საფასო სიგნალებს, რაც გენერაციის ინვესტორის შემთხვევაში - ეხმარება მას სწორი საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღებაში, ხოლო მომხმარებლის შემთხვევაში - ცვლის მის ქცევას.

განსხვავებული საათობრივი ფასები, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული მიწოდებისა და მოთხოვნის ცვლილებასთან, ბუნებრივად უკარნახებს გენერაციის ინვესტორს, თუ როგორი ტიპის გენერაციის ობიექტი მოუტანს მას მაქსიმალურ სარგებელს. ანალოგიურად მოხდება მომხმარებლის შემთხვევაშიც, რომლის ქცევაც ასევე შეიცვლება საბაზრო სიგნალების შესაბამისად. თუ დღის პიკის საათების ფასი მაღალია ღამის ფასებთან შედარებით, გენერაციის ინვესტორი აუცილებლად იფიქრებს ისეთი მოქნილი გენერაციის ობიექტის განვითარებაზე, რომელსაც შესაძლებლობა ექნება შეინახოს წყალი ღამის საათებში და ელექტროენერგია ბაზარს შესთავაზოს მაშინ, როდესაც მოთხოვნა და, შესაბამისად, ფასიც მაღალია.

მეორე მხრივ, თუ მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა, რომ მოხმარება პიკის საათებიდან საბაზისო საათებში გადაიტანოს, იგი ასეც მოიქცევა და ამ გზით შეიმცირებს მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულებას. ეს კი გამოიწვევს დატვირთვების ოპტიმიზება და მთლიანი ელექტროენერგეტიკული სისტემა ნახავს სარგებელს.

ზოგადად, ჩვენ ახლა განვიხილავთ საბითუმო ბაზარს და ის სარგებელი, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ, საწყის ეტაპზე მხოლოდ საბითუმო ბაზრის მომსმარებლებს - ე.წ. მსხვილ მომხმარებლებს შეეხებათ, რომლებსაც უფლება აქვთ პირდაპირ ივაჭრონ საბითუმო ბაზარზე. თუმცა, საბითუმო ბაზარზე ჩამოყალიბებულ ფასების ტრენდს აუცილებლად ექნება გავლენა საცალო ბაზარზეც, სადაც მოსახლეობა, საშუალო და მცირე ბიზნესი მიმწოდებლებისგან ყიდულობენ ელექტროენერგიას. ვინაიდან თავის მხრივ მიმწოდებლები საბითუმო ბაზარზე ყიდულობენ ამ ელექტროენერგიას, მოსალოდნელია, რომ ისინიც შესთავაზებენ საცალო ბაზრის მომხმარებლებს დროში დიფერენცირებულ ტარიფებს, რაც ფართოდაა გავრცელებული განვითარებულ ქვეყნებში. შესაბამისად, დროში დიფერენცირებული ტარიფების პირობებში, საყოფაცხოვრებო მომხმარებელიც ეცდება, რომ ელექტროენერგია იმ საათებში მოიხმაროს, როდესაც ელექტროენერგიაზე ფასი დაბალია.

ეს რეფორმა კომპლექსური და გრძელვადიანია. ბუნებრივია, რომ ყველა შედეგი ერთბაშად არ დადგება და სრულად კონკურენტული ბაზრის ჩამოყალიბება სერიოზულ ინვესტიციებთან არის დაკავშირებული. თუნდა იმისთვის, რომ საცალო ბაზარზე მომხმარებელმა ისარგებლოს დროში დიფერენცირებული ტარიფებით, უნდა შეიცვალოს აღრიცხვის სისტემები - მრიცხველს უნდა ჰქონდეს საათობრივად მოხმარებული ელექტროენერგიის აღრიცხვისა და გამანაწილებელ კომპანიებისათვის გადაცემის შესაძლებლობა. ამისთვის კი, ელექტროენერგიის გამანაწილებელ კომპანიებს მნიშვნელოვანი ინვესტიციების გაღება მოუწევთ, რაც ერთ და ორ წელში ვერ დასრულდება.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები