დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რატომ დაწინაურდა საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტში ყირგიზეთი

რატომ დაწინაურდა საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტში ყირგიზეთი

19-02-2024 19:00:00

საქართველოდან გაყვანილი ავტომობილების რაოდენობის გამო 2023 წლის იანვარში მთავარი საექსპორტო ქვეყანა ყირგიზეთი იყო. საქართველოს საექსპორტო ჩამონათვალში, მსუბუქი ავტომობილები თითქმის მეორე წელია პირველ ადგილზეა.

საქართველო არ აწარმოებს ავტომობილებს და ავტომობილების ჭარბი გადინება რეექსპორტით არის გამოწვეული.

2024 წლის იანვარში საქართველოდან ყირგიზეთში გავიდა 46,2 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროდუქტი, საიდანაც 45,3 მილიონი დოლარის ავტომობილები იყო.

„საქართველოს რეექსპორტში დაწინაურდნენ ცენტრალური აზიის ქვეყნები. ყირგიზეთი და ყაზახეთი ერთ-ერთი მოწინავე ბაზრები გახდა, სადაც საქართველოდან რეექსპორტით გადის ავტომობილები. თუ გადავიყვანთ მოცულობაში ყირგიზეთი პირველ ადგილზეა, მაგრამ რაოდენობაში თუ გადავიყვანთ, საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტში ყირგიზეთი პირველი ბაზარი არის. თუმცა, იქ მოთხოვნა ძვირადღირებულ მანქანებზეა და შესაბამისად მოცულობაც ამის ხარჯზე არის გაზრდილი. ყირგიზეთი ერთ-ერთ ძვირადღირებულ სეგმენტზე მუშაობს“,- ამბობს Business Insider Georgia-სთან საქართველოს ავტოიმპორტიორთა ასოციაციის დამფუძნებელი ალექსი ნონიაძე.

 

  • რამ გამოიწვია საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტში შუა აზიის ბაზრის დაწინაურება?

 

2023 წელს საქართველოდან ყირგიზეთში 16 831 მანქანა გავიდა, რაც ჯამში 618 მილიონ დოლარზე მეტი იყო. ერთი ავტომობილის ფასი, საშუალოდ, 36,7 ათასი დოლარი გამოდის.

საქართველოს ავტოიმპორტიორთა ასოციაციის დამფუძნებელი ამბობს, რომ ევროკავშირის, ამერიკის და სხვა ქვეყნების მიერ რუსეთის სანქცირება საქართველოს ავტორეექსპორტის ბაზრის ერთ-ერთი მაპროვოცირებელი ფაქტორია.

„ვერ გამოვრიცხავთ, რომ ამ ქვეყნებიდან საქართველოდან რეექსპორტის შედეგად რუსეთში ავტომობილები ვერ ხვდება, მაგრამ ვიდრე დაასანქცირებდნენ რუსეთს, ამ ბაზარზე ყველა ავტომწარმოებელი იყო წარმოდგენილი. იყო ქარხნები, სალონები და იქიდან ავტომობილები გადიოდა მეზობელ  ქვეყნებში და სხვა ბაზრები მარაგდებოდა. როდესაც რუსეთი დაასანქცირეს და გაუჩნდა პრობლემები, ანალოგიური მოთხოვნა გაჩნდა სხვა ქვეყნების შიდა ბაზრებზეც და შედეგად დეფიციტი შეიქმნა. საერთო ჯამში ბაზარი ცდილობს ამ დეფიციტის შევსებას. საქართველო ამ კუთხით რეექსპორტში დაწინაურდა, მაგრამ თუ დააკვირდებით იმპორტის მონაცემებს, 2023 წელს საქართველოს ავტობაზარი გაჯერებული და პროფიციტული იყო.

გასულ წელს შემოტანილი ავტომობილები გასაყიდი დარჩა და ამის გამო იყო ჭარბი მიწოდება და ნაკლები მოთხოვნა“, - ამბობს ალექსი ნონიაძე.

ყირგიზეთში გაყვანილი ავტომობილების ჯამურმა ფასმა 2024 წლის იანვარში $45 მილიონი შეადგინა, 2023 წლის დეკემბერსა და ნოემბერში $62-$62 მილიონი, ხოლო ოქტომბერში 66, სექტემბერში 71 მილიონი.

რაც შეეხება საქართველოს ავტობაზარზე შექმნილ პროფიციტს, ალექსი ნონიაძე 2022 წელს შექმნილ დადებით მოლოდინებს უკავშირებს, რამაც  ჭარბი მიწოდება გამოიწვია 2023 წელს.  

„ბაზრის გაჯერებას მოჰყვა იმპორტის  შემცირება. ბაზარმა ვერ გაატარა იმპრტირებული მანქანების ის რაოდენობა, რა მოლოდინიც იყო. ამან შეცვალა იმპორტის მაჩვენებლები 2024 წლის პირველ თვეში. ავტოიმპორტიორებს არ შემოაქვთ იმ რაოდენობის ავტომობილები, რადგან ჯერ რაც აქვთ ის არ გაუყიდიათ“, - ამბობს ალექსი ნონიაძე.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები