ჩინეთიდან ევროპაში და მათ შორის საქართველოს მიმართულებით გადაზიდვების ტარიფებში სტაბილიზაცია იგრძნობა, რაც ამ პერიოდში მოთხოვნა-მიწოდების შემცირებით და დაბალი აქტივობითაა გამოწვეული, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან საუბრისას ლოგისტიკური კომპანია SKYLOG-ის დამფუძნებელმა გიორგი ზუმბაძემ განაცხადა.
SKYLOG-ში, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით საჰაერო, სახმელეთო, საზღვაო და სარკინიგზო გადაზიდვებს ახორციელებს, განმარტავენ, რომ ჩინეთის პორტებიდან ფოთის პორტამდე საზღვაო ფრახტის ღირებულება დაახლოებით 20%-ით არის შემცირებული.
„წითელი ზღვის კრიზისის გამო საზღვაო ხაზებს გადაწყობა მოუწიათ და ტარიფები უცბად 300%-ით გაიზარდა და ფრახტის ფასმა ჩინეთიდან ფოთის პორტამდე 6000 დოლარს გადააჭარბა. გადაწყობა საზღვაო ხაზებს დროის მოკლე პერიოდში მოუხდათ და ტვირთების გადაზიდბა აფრიკის კონტინენტის შემოვლით დაიწყო. იყო ასევე დაზღვევისა და რისკების თემა და ტარიფების ზრდა, როდესაც ასეთი კატაკლიზმები ხდება ეს ნორმალურია.
თუმცა ბოლო პერიოდში გადაზიდვის ტარიფები მეტ-ნაკლებად სტაბილურობისკენ წავიდა. ჩემი აზრით ეს მოხდა არა იმიტომ, რომ საზღვაო ხაზებმა ფასები გადათვალეს და შედარებით იაფი აღმოუჩნდათ. ეს ხდება უფრო იმიტომ, რომ ტვირთის ის დიდი რაოდენობა, რაც ჩინეთიდან ახალ წლამდე იყო გამოსატანი, გადაიტვირთა. ჩინური ახალი წლის მერე, 20 თებერვლიდან არამხოლოდ საზღვაო, არამედ საჰაერო გადაზიდვებზე მოთხოვნამ იკლო. შესაბამისად, აღარც საცობები იყო, კონტეინერები 20 დღეში ჩამოვიდა, ასეთი ფაქტი ბოლო პერიოდში არ ყოფილა.
საზღვაო ფრახტის დაახლოებით 20%-ით შემცირება, ვფიქრობ მოთხოვნის საგრძნობად კლებამ გამოიწვია, თუ რა ვითარება იქნება და როგორი მოთხოვნა დაგიქსირდება მომდევნო თვეებში, ამას ბაზარი აჩვენებს“, - აცხადებს SKYLOG-ის დამფუძნებელი.
გიორგი ზუმბაძის თქმით, გადაზიდვებს სეზონურობა ახასიათებს, არის პიკური და არის დაბალი აქტივობის სეზონები.
„ევროპულ ახალ წლამდე ჩინეთიდან გამოედინება ტვირთების დიდი ნაწილი, საუბარი მაქვს ოქტომბერზე, ნოემბერზე და დეკემბერზე, ხოლო ჩინური ახალის წლის შემდეგ, ჩინეთიდან ტვირთების გამოტანაზე ვარდნა ფიქსირდება. სავარაუდოდ მაისიდან მოთხოვნა ისევ გაიზრდება.
შედარებისთვის გეტყვით, რომ საზღვაოს მსგავსად ამ პერიოდში საჰაერო გადაზიდვების ფასებმაც დაიწია, მაგრამ 20 მარტიდან ყველა ავიაკომპანიამ ტარიფების ზრდა დააანონსა. ანუ მოთხოვნა ნელ-ნელა ჩნდება“,- ამბობს ბიზნესმენი.
SKYLOG-ის დამფუძნებელი ამ ეტაპზე ვერ პროგნოზირებს ისევ გაიზრდება თუ არა საზღვაო გადაზიდვის ტარიფები, რადგანაც მასზე რამდენიმე ფაქტორი მოქმედებს.
„რთული სათქმელია საზღვაო გადაზიდვების ტარიფები ისევ გაიზრდება თუ არა, ეს მაინც საზღვაო ხაზებზე და მოთხოვნაზე იქნება დამოკიდებული. ბაზარზე გამოჩნდა ჩინური საზღვაო ხაზი SeaLead, რომელმაც დააანონსა, რომ წითელი ზღვის გავლით გამოუშვებს თავის ხომალდებს და ტარიფებიც დააგდო. ცხადია სხვა საზღვაო ხაზებიც არ დარჩებიან რეაგირების გარეშე. თუმცა რა მოხდება წინასწარ რთულია ამაზე ლაპარაკი, Maersk-იც გიგანტი საზღვაო ხაზია და MSC-იც და იკვეთება SeaLead-ის გემებიც. იმედია, მშვიდობით გადმოცურავს წითელ ზღვას.
ტარიფებში სტაბილიზაცია იგრძნობა, რაც გამოწვეულია მოთხოვნა-მიწოდების შემცირების და დაბალი აქტივობის გამო“, - ამბობს ლოგისტიკური კომპანია SKYLOG-ის დამფუძნებელი გიორგი ზუმბაძე.
უახლესი