2024 წელი მნიშვნელოვანი წელი იყო კომპანიისთვის, საკანონმდებლო ცვლილებებმა და დაფინანსების ხელშეწყობამ მზის ელექტროსადგურებისადმი ინტერესი კიდევ უფრო გაზარდა. ენოვუსმა დამატებით ახალი მიმართულება დაამატა და დაიწყო თბური ტუმბოების წარმოება, რომლების უკვე ხელმისაწვდომია საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს კომპანია „ენოვუსის“ დამფუძნებელმა და მმართველმა პარტნიორმა გიორგი კვაჩიძემ განუცხადა.
„თბური ტუმბო მოწყობილობაა რომელიც გამოირჩევა მაღალეფექტურებით შენობების გათბობის, გაგრილების და ცხელი წყლის მისაღებად. პრაქტიკულად ეს ერთი აგრეგატია რომელიც მუშაობს ელექტრო ენერგიაზე და ერთდროულად ანაცვლებს გაზის ქვაბის და კონდიციონერის საჭიროებას. თბური ტუმბო მზის ელექტროსადგურთან კომბინაციით შესაძლებლობას გვაძლევს შენობის გათბობის, გაგრილების და ცხელი წყლის მოხმარების ხარჯი გავანულოთ. ამჟამად ჩვენი თბური ტუმბოები ორ ინდივიდუალურ სახლზეა დამონტაჟებული და ოპერირებს. პირველი არასაყოფაცხოვრებო პროექტი მომდევნო წლის დასაწყისში გაეშვება“, - განაცხადა გიორგი კვაჩიძემ.
ამასთან, „ენოვუსი“ 2019 წლიდან მომხმარებლებს სთავაზობს მზის ელექტრო სადგურების კვლევებს, პროექტირებას, მშენებლობას და შემდგომ ექსპლუატაციას.
„ამჟამად კომპანიას საქართველოს სხვადასხვა რეგიონში აქვს დამონტაჟებული საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო მოხმარების მზის ელექტროსადგურები. 2023 წლიდან „ენოვუსი“ აქტიურად არის დაკავებული განავითაროს ინდუსტრიული სიმძლავრის მზის ელექტროსადგურები რისთვისაც სხვადასხვა რეგიონში დაგეგმილი აქვს ჯამურად 50 მეგავატი დადგმული სიმძლავრის გენერაციის ობიექტების მშენებლობა“,- აცხადებს კომპანიის მმართველი დირექტორი.
გიორგი კვაჩიძე ამბობს, რომ მისი კომპანიის მაგალითზე ბოლო წლებში მზის სადგურებზე მოთხოვნამ 100%-ს გადააჭარბა.
„ეკონომიკის სამინისტრომ ბაზრის გასავითარებლად ბევრი ხელშემწყობი ფაქტორი დანერგა. მათ შორის ნეტო აღრიცხვის სისტემა. მანამდე დადგმული სიმძლავრე 100 კილოვატი იყო, შემდეგ გაზარდეს 500 კილოვატით. რამაც დადებითი ეფექტი მოახდინა ბაზარზე და 2021 წლის მეორე ნახევრიდან მზის სადგურებზე მოთხოვნა საქართველოში 100%-ზე მეტით გაიზარდა. შემდეგ, დაფინანსების ნაწილში ჩაერთო „აწარმოე საქართველოში“ და დაინტერესებულ პირებს პროცენტის დაფინანსებას სთავაზობს“, - ამბობს „ენოვუსის“ მმართველი დირექტორი.
2024 წლის ბოლომდე „ენოვუსი“ გეგმავს საკუთარი და მომხმარებლების ჯამურად 20 მეგავატი დადგმული სიმძლავრის ობიექტების ჩართვას ქსელში. დამატებით, კომპანია ახორციელებს რამდენიმე დიდი ზომის ელექტროსადგურის კვლევებს რომლებიც 2025-2026 წლებში ეტაპობრივად გაეშვება და ჯამურად 300 მეგავატი დადგმული სიმძლავრის მზის ენერგიას შემატებს საქართველოს ენერგეტიკულ ქსელს.
უახლესი
1 საათის წინ
proservice.ge Ad Summit Tbilisi 2024-ის პარტნიორია