2023 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველომ საფრანგეთში ექსპორტზე 31,839.48 ათასი დოლარის პროდუქცია გაიტანა, რაც გასულ წელთან შედარებით 34%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
საქსტატის ინფორმაციით, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში საქართველოდან საფრანგეთში ექსპორტზე 23,679.28 ათასი დოლარის პროდუქცია შევიდა.
თუ ბოლო წლების ექსპორტის სტატისტიკას გავაანალიზებთ, საფრანგეთში ექსპორტის მაჩვენებლები არაერთგვაროვანია და თავის ისტორიულ მაქსიმუმს 2018 წელს მიაღწია, როდესაც საფრანგეთში 44,749.79 ათასი დოლარის ექსპორტი განხორციელდა, თუმცა 2019 წელს ექსპორტი მნიშვნელოვნად შემცირდა და პანდემიური 2020 წლის შემდეგ დაიწყო ზრდა და 2022 წელს უკვე 37,333.76 ათას დოლარს მიაღწია.
2023 წლის 8 თვის მონაცემებით, საქართველოდან საფრანგეთში ნომერ 1 საექსპორტო პროდუქცია ეთილის სპირტია (ღირებულებით ნაწილში), რომელზედაც ამ ქვეყანაში განხორციელებული ექსპორტის 40%-ი მოდის. მეორე ადგილზე ელექტრული წყალგამახურებლებია, ექსპორტის 23%-იანი მაჩვენებლებით, ხოლო მესამე საექსპორტო პროდუქტი თხილი და კაკალია, საფრანგეთში განხორციელებული ექსპორტის 7%-იანი წილით.
რაც შეეხება იმპორტს, 2023 წლის 8 თვეში ქვეყანამ საფრანგეთიდან 183,241.71 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქცია იყიდა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებთან შედარებით 38%-ით არის გაზრდილი, რადგანაც 2022 წლის იანვარ-აგვისტოში საფრანგეთიდან საქართველოში 133,241.83 ათასი დოლარის პროდუქციის იმპორტი დაფიქსირდა.
ღირებულებით ჭრილში საფრანგეთიდან საქართველოში ნომერ 1 საიმპორტო პროდუქტი სასმელების წარმოებაში გამოსაყენებელი ნარევებია. აღნიშნულ პროდუქტზე საფრანგეთიდან იმპორტის 14%-ი მოდის.
მეორე საიმპორტო პროდუქციის სტატუსი დაფასოებულ სამკურნალო საშუალებებს ერგო, რომელსაც საფრანგეთიდან იმპორტში 12%-იანი წილი აქვს, ხოლო მესამე ადგილზე კოსმეტიკური საშუალებებია, რომლის წილიც 5%-ია.
რაც შეეხება ბოლო წლების იმპორტის სტატისტიკას, ექსპორტის მსგავსად, საფრანგეთიდან იმპორტმაც ისტორიულ მაქსიმუმს 2018 წელს მიაღწია (264,551.84 ათასი დოლარი).
2022 წელს კი საფრანგეთიდან საქართველოში 212,368.08 ათასი დოლარის პროდუქცია შემოვიდა.
უახლესი