„ტურიზმის შესახებ“ კანონპროექტი უკვე პარლამენტშია და მალე მისი საკომიტეტო განხილვები დაიწყება.
როგორც განმარტებით ბარაშია აღნიშნული, კანონპროექტით გათვალისწინებულია ტურიზმთან დაკავშირებული სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრა, ტურიზმის სექტორში სამეწარმეო საქმიანობის რეგულირებისა და კოორდინაციის პრინციპების დადგენა, მომხმარებელთა უფლებების დაცვის სტანდარტების უზრუნველყოფა და სახელშეკრულებო ურთიერთობების რეგულირება.
უფლებამოსილი ორგანოების ფუნქციებისა და მოვალეობების, სახელმწიფო ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის მექანიზმების დადგენა, ტურისტების უფლებებისა და მოვალეობების, ტურისტების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული დებულებების დადგენა და ტურიზმთან დაკავშირებულ სხვა საკითხების განსაზღვრა.
კანონპროექტის თანახმად, სავალდებულო ხდება ტურისტული საქმიანობების რეგისტრაცია ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში.
ასევე, საუკეთესო ევროპული პრაქტიკისა და ევროკავშირის დირექტივების გათვალისწინებით განისაზღვრება ტურ ოპერატორის და კომბინირებული ტურისტული ხელშეკრულების მიმწოდებლის მიერ ვალდებულებების შესრულება უზრუნველყოფა შესაბამისი პასუხისმგებლობის დაზღვევით ან/და ფინანსური/საბანკო გარანტიით.
მოვაჭრე (ტუროპერატორი და კომბინირებული მომსახურების მიმწოდებელი) ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას წარუდგენს შესაბამისი უზრუნველყოფის დამადასტურებელ ხელშეკრულების ერთ ეგზემპლარს.
კანონპროექტის თანახმად, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია უზრუნველყოფის აღსრულების საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, ტურისტის მიერ უზრუნველყოფის გამოყენების მოთხოვნის მიღების შემდეგ მოახდენს ტურისტის სასარგებლოდ შესაბამისი გადახდების განხორციელების ორგანიზებას. თუ ეს შესაძლებელია, უზრუნველყოფის თანხა გამოიყენება პაკეტის მომსახურების გაგრძელებისთვის.
კანონპროექტით განისაზღვრება მაღალი რისკის შემცველი ტურისტული მომსახურების, მათ შორის სამთო, სათხილამურო და ალპური გამყოლის საქმიანობის რეგულირების საკითხები. კანონპროექტით, მაღალი რისკის შემცველი ტურისტული მომსახურების/აქტივობების სია და განხორციელების წესი განისაზღვრება მთავრობის დადგენილებით/ტექნიკური რეგლამენტით.
კანონპროექტით სამთო, სათხილამურო და ალპური გამყოლის საქმიანობის უფლების მოპოვება ხდება აკრედიტირებული პროფესიული ორგანიზაციის მიერ სერტიფიცირებული პირების მეშვეობით;
ტურისტული გიდების მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისთვის და კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით მთავრობა განსაზღვრავს შესაბამის ადგილებს, სადაც ტურისტული გიდის საქმიანობის განხორციელება შესაძლებელი იქნება მხოლოდ სახელმწიფო გიდის ოფიციალური მაიდენტიფიცირებელი ნიშნის მქონე პირებისთვის.
მაიდენტიფიცირებელი ნიშნის მოპოვებისთვის წინაპირობები განისაზღვრება სსიპ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ტურისტული გიდის ოფიციალური მაიდენტიფიცირებელი მოწმობის მფლობელი პირი თავისუფლდება სახელმწიფო მუზეუმებსა და დაცულ ტერიტორიებზე შესვლისათვის დაწესებული გადასახდელისაგან.
მნიშვნელოვანი სიახლეა დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის (DMO) შექმნის სამართლებრივი წინაპირობების განსაზღვრა. კანონპროექტით ტურისტული დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია არის ადგილობრივ დონეზე ტურიზმის განვითარებისა და კონკრეტული დანიშნულების ადგილის პოპულარიზაციის ხელშეწყობის მიზნით კერძო და საჯარო სექტორს შორის თანამშრომლობის საფუძველზე შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელსაც მინიჭებული აქვს დანიშნულების მართვის ორგანიზაციის სტატუსი. დანიშნულების მართვის ორგანიზაციის დამფუძნებლები შეიძლება იყვნენ მუნიციპალიტეტ(ებ)ი და კერძო სამართლის კომერციული იურიდიული პირი ან/და არაკომერციული იურიდიული (ტურიზმის სფეროსთან დაკავშირებული ასოციაცია) პირი ან/და ფიზიკური პირი.
კანონპროექტით, დანიშნულების მართვის ორგანიზაციის სტატუსს ანიჭებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია. დანიშნულების მართვის ორგანიზაციის სტატუსის მინიჭებისა და გაუქმების წესი განისაზღვრება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფროსის ბრძანებით.
„ტურისტული დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის“ სახელწოდების გამოყენების უფლება ექნება მხოლოდ იმ პირს, რომელსაც ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციის მიერ „ტურისტული დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის“ სტატუსი აქვს მინიჭებული. თუ პირი არამართლზომიერად იყენებს ამ სახელწოდებას, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას უფლება აქვს მოითხოვოს მისი გამოყენების შეწყვეტა. ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას უფლება აქვს შეიმუშაოს დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის საქმიანობის რეკომენდაციები.
„კანონპროექტი ითვალისწინებს ტურიზმის სფეროში მომხმარებელთა უფლებების დაცვის უნიფიცირებულ სტანდარტებს ტურისტულ პაკეტთან და დაკავშირებული მოგზაურობის ხელშეკრულებებთან დაკავშირებით. კანონპროექტით ახლებურად განისაზღვრება ტურისტული პაკეტის ცნება“, - აღნიშნულია განმარტებით ბარათში.
უახლესი