დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რას გეგმავს მთავრობა ბიზნესგარემოს გაჯანსაღებისა და სრულყოფისათვის

რას გეგმავს მთავრობა ბიზნესგარემოს გაჯანსაღებისა და სრულყოფისათვის

27-11-2024 11:40:00

ბიზნესსექტორთან მიმართებით, საქართველოს მთავრობის პოლიტიკა დაფუძნებულია მაქსიმალურად თავისუფალი, სტაბილური და მხარდამჭერი გარემოს შექმნაზე, რაც საშუალებას მისცემს ქვეყნის ეკონომიკას, გახდეს უფრო კონკურენტუნარიანი და ინოვაციური, - ამის შესახებ “სამთავრობო პროგრამა 2025-2028“-ში წერია.

დოკუმენტს მიხედვით, ბიზნესგარემოს მუდმივი გაჯანსაღებისა და სრულყოფის მიზნით, გაგრძელდება ქმედითი და ეფექტიანი ნაბიჯების გადადგმა:

„ამ მიმართულებით, მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა დღგ-ის დაბრუნების მაჩვენებლის გაზრდას, რომელიც ჯამურად 15 მილიარდ ლარს მიაღწევს;
 აქტიურად გაგრძელდება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული რესურსების აქტიური ჩართვა ეკონომიკურ აქტივობაში, მათ შორის, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზაცია;
 მომდევნო 4 წლის განმავლობაში გაძლიერდება მუშაობა ქვეყნის სასარგებლო წიაღისეულის რაციონალური გამოყენებისა და მისი ეკონომიკურ საქმიანობაში ეფექტიანად ჩართვის მიმართულებით. შენარჩუნდება წიაღითსარგებლობის ლიცენზიების გაცემის მზარდი ტენდენცია, რაც ხელს შეუწყობს სამუშაო ადგილების შექმნასა და ბიუჯეტში გენერირებული შემოსავლების მოცულობის გაზრდას;
 გაგრძელდება რეგულირების ზეგავლენის შეფასების (RIA) ინსტრუმენტის შემდგომი განვითარება, რაც რეგულაციების მოსალოდნელი შედეგების ფართო ანალიზის საშუალებას იძლევა. დაინერგება RIA-ს მცირე და საშუალო მეწარმეობის ტესტი (RIA SME Test), რაც ხელს შეუწყობს ახალი რეგულაციის მცირე და საშუალო საწარმოებთან მიმართებით გავლენის წინასწარ იდენტიფიცირებას და, საჭიროების შემთხვევაში, მათთვის შემამსუბუქებელი აქტივობების განსაზღვრას;
 გაგრძელდება ბიზნესთან ინტენსიური კომუნიკაცია და ახალი რეგულაციების მიღება მოხდება მათთან კონსულტაციით;
 დამატებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიზნით, იგეგმება პარტნიორ ქვეყნებთან (კანადა, კორეის რესპუბლიკა, იტალიის რესპუბლიკა, ისლანდია) ინვესტიციების ორმხრივი დაცვისა და წახალისების შესახებ შეთანხმებებზე მოლაპარაკებების გამართვა და შესაბამისი შეთანხმებების გაფორმება;
 გაგრძელდება აქტიური მუშაობა „ციფრული იდენტიფიკაციის საფულის“ დანერგვის მიმართულებით, რაც შეამცირებს ელექტრონული იდენტიფიკაციისა და ავთენტიფიკაციის პროცედურებთან დაკავშირებულ საოპერაციო ხარჯებსა და დროს, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მომსახურების ხარისხს და გაზრდის საჯარო და ფინანსურ სერვისებზე ხელმისაწვდომობას“, - აღნიშნულია დოკუმენტში. 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები