უნივერსიტეტებში სტუდენტების რაოდენობა დამოკიდებულია სასწავლო დაწესებულებების პროგრამებზე, ასევე იმ ლექტორების კვალიფიკაციაზე, რომლებიც ასწავლიან , - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბიზნესისა და მართვის სკოლის დეკანმა ვახტანგ ჭარაიამ განუცხადა.
მისი თქმით, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში სწავლის მსურველთა რაოდენობა 30%-ით გაიზარდა.
„აბიტურიენტების არჩევანის მიხედვით ჩვენი უნივერსიტეტი პირველ სამეულშია. ყველაზე მოთხოვნადია ტურიზმის, ხოლო აქტიურია ფინანსების მიმართულება. ზოგადად ბაკალავრიატზე მოთხოვნა მზარდია. თუმცა მაგისტრატურაზე, ზოგადად ქვეყნის მასშტაბით დინამიკის კლება შეიმჩნევა.
ახალგაზრდები ფიქრობენ, რომ არ არის აუცილებელი ბაკალავრიატის დასრულების შემდეგ ავტომატურად განაგრძონ მაგისტრატურაზე სწავლა. ბაკალავრიატის დასრულების შემდეგ, ზოგი უცხოეთში მიდის, ზოგი კი მუშაობას იწყებს და მაგისტრატურაში სწავლას სამომავლოდ გეგმავს“, - ამბობს ვახტანგ ჭარაია.
ამასთან, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბიზნესისა და მართვის სკოლის დეკანი აღნიშნავს, რომ მხოლოდ უნივერსიტეტების ხარისხი არ განსაზღვრავს იმას, თუ რამდენი სტუდენტი გააკეთებს არჩევანს.
„ქვეყნის მასშტაბით აბიტურიენტების რაოდენობაც მზარდია. წელს უფრო მეტ ახალგაზრდას სურს უმაღლეს სასწავლებელში სწავლა, ვიდრე შარშან, ამიტომ საშუალო სტატისტიკით, უნივერსიტეტებს უფრო მეტი სტუდენტის მიღება უწევთ. გადამწყვეტია პროგრამები და ლექტორების მიერ შეთავაზებული სწავლების ხარისხი, თვითონ უნივერსიტეტის იმიჯი და რეპუტაცია. ამ კომბინაციის შედეგად, ზოგ უნივერსიტეტს უკეთესი შედეგი აქვს და ზოგს ნაკლები“, - აღნიშნავს ჭარაია.
რატომ იზრდება ფინანსური განათლების მიღების მსურველთა რიცხვი?
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბიზნესისა და მართვის სკოლის დეკანი ამბობს, რომ გარკვეულწილად, ეს შრომის ბაზარზე შექმნილმა ვითარებამ განაპირობა.
„ფინანსების პროგრამაზე უფრო მეტი სტუდენტი მოდის ვიდრე წინა წლებში, ეს განპირობებულია იმითაც, რომ ამ მიმართულებით ბაზარზე სამუშაო ადგილები გაჩნდა. ადგილობრივ ბაზარზე საბირჟო ვაჭრობის ტრენდები შემოვიდა, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციები მაღალი სტანდარტით ითხოვენ ფინანსური სისტემის მოწესრიგებას. ამ სფეროში გამოცხადებული ვაკანსიები აინტერესებთ ახალგაზრდებს, რადგან იქ მაღალი ანაზღაურებაა“, - ამბობს ჭარაია.
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბიზნესისა და მართვის სკოლა აბიტურიენტებს სწავლას ოთხ ფაკულტეტზე სთავაზობს:
ბიზნესის ადმინისტრირება (ფინანსები); ბიზნესის ადმინისტრირება (მენეჯმენტი);ბიზნესის ადმინისტრირება (მარკეტინგი); ტურიზმი ბიზნესის ადმინისტრირება (ინგლისურენოვანი). ბიზნესის ადმინისტრირებაზე სწავლის საფასური 3060 ლარია, უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთათვის კი 2700 ლარი.
უახლესი