დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რამდენიმე თვეში George Grey Winery ბაზარზე უნიკალურ ღვინოს გამოიტანს

რამდენიმე თვეში George Grey Winery ბაზარზე უნიკალურ ღვინოს გამოიტანს

28-08-2024 12:00:00

რამდენიმე თვეში მეღვინეობა George Grey Winery-ს ბაზარზე უნიკალურ პროდუქტს გამოიტანს. როგორც Business Insider Georgia-სთან მეღვინეობის დამფუძნებელმა გიორგი რუხაძემ განაცხადა, ეს იქნება პროდუქტი რომელიც „მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ ჩამოსხმულა და არ შექმნილა“.

„ჩვენი კომპანია ყოველწლიურად ბაზარს ახალ პროდუქტს სთავაზობს. ვმუშაობთ სიახლეზე, რომლის დეტალებსაც საიდუმლოდ დავტოვებ, თუმცა 2025 წლის თებერვალ-მარტში ჩვენს კომპანიას ექნება პროდუქტი, რომელიც მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ ჩამოსხმულა და არ შექმნილა.

ეს პროდუქტი იქნება ისეთი  პროდუქტი, რომლითაც იამაყებს არამხოლოდ ჩემი კომპანია არამედ მთლიანად საქართველო“, - განმარტავს George Grey Winery -ს დამფუძნებელი.

მეღვინეობა George Grey Winery ამ დროისათვის 12 დასახელების პროდუქტს აწარმოებს, რომლის 80%-ზე მეტი ექსპორტზე გაქვს.

„George Grey Winery ამ დროისათვის 12 სახეობის პროდუქციას აწარმოებს, ესაა როგორც კლასიკური ღვინოები:საფერავი, ქინძმარაული, წინანდალი, ასევე გვაქვს ქვევრის ღვინოები: კახური მწვანე, ქვევრის ქისი, ქვევრის რქაწითელი. გვაქვს ასევე 3 ჯიშის ყურძნის სეპაჟირებით: საფერავი, თავკვერი, და შავკაპიტო, ჩამოსხმული ღვინო. 

ასევე ვაწარმოებთ ფერად ღვინოებს, რომელიც შეიდი-ს სახელით იყიდება და პორტფოლიოში გაქვს სამი ფერის ღვინო - ცისფერი, მწვანე და იასამნისფერი. ასევე გაქვს უნიკალური რქაწითლის და საფერავის ლიქიორი, რომლის წარმოებაშიც ჩვენი პარტნიორები არიან თიკა ჯაჯანიძე და ნინო მაისურაძე. ამ ორი ქალბატონის ინსპირაციის წყარო კი ვახტანგ მეექვსის ჩანაწერები იყო. სწორედ ამ ადამიანებმა მოიძიეს არქივში ამ ლიქიორის შექმნის რეცეპტი. 

საექსპორტო ბაზრებს რაც შეეხება ჩვენ ვოპერირებთ როგორც აშშ-ში, იაპონიაში, ასევე საკმაოდ ვარ წარმოდგენილები აზიის ქვეყნებში და ევროპაში. აშშ-ში ამ დროისათვის ფლორიდას რეგიონში ვართ წარმოდგენილები და აქტიურ მოლაპარაკებები გვაქვს სხვა შტატებთანაც. მიუხედავად რაოდენობრივი სიმცირისა, ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ პრემიუმ ხაზის ღვინოებს ვაწარმოებთ და შესაბამისად ჩვენ ღვინოებს საკმაოდ მაღალი საფასო სეგმენტი აქვს და მასზე დიდი მოთხოვნა, როგორც აშშ-ს, ისე იაპონიის ბაზრიდან. ამ ორ საექსპორტო ბაზარს განსაკუთრებულად ხაზს გავუსვამდი“, - აცხადებს გიორგი რუხაძე.

George Grey Winery-ს დამფუძნებელი ამბობს, რომ დღეისათვის ფერადი ღვინოები მოთხოვნადია, როგორც საექსპორტო ისე ადგილობრივ ბაზარზე. წარმოდგენილები ვართ ალკორიუმის ქსელში და ასევე 8000 მოსავალში. აღნიშნული ღვინოები იყიდება ასევე რამდენიმე ბუტიკში, მათ შორის მაღალი კლასის სასტუმროებში და რესტორნებში. რითეილ მაღაზიებში ჩვენი ღვინოები წარმოდგენილი არ არის. 

თუმცა ამერიკული და ევროპული ბაზრები რასაც საქართველოდან ითხოვენ ძირითადად ეს არს ქვევრის ღვინოები, იქიდან გამომდინარე, რომ ქვევრის ღვინო არის უნიკალური და სრულიად განსხვავებული. უცხოელ მომხმარებელს ქვევრის ღვინები უფრო აინტერესებთ ვიდრე კლასიკური ღვინოები“, - ამბობს George Grey Winery-ს დამფუძნებელი.

რაც შეხება რთველს, George Grey Winery-ს ჯერჯერობით საკუთარი ვენახებიდან ყურძნის დაკრეფა არ დაუწყია, თუმცა კომპანიის ხელმძღვანელის განმარტებით წელსაც საკუთარ მოსავალს გადაამუშავებს და ფერმერებისგან ყურძენს მიება-გადამუშავებას არ გეგმავს. 

„რთვლისთვის აქტიურად ვემზადებით და მალე დავიწყებთ ჩვენი ვენახებიდან ყურძნის მიღებას. წელსაც ჩვენი ვენახების იმედად ვართ. მოსავლის მხრივ საკმაოდ კარგი წელია და საკმაოდ ხარისხიანი ყურძენია.

ჩვენი ვენახები დაახლოებით 10 ჰა-ზე მეტ ტერიტორიაზე გაშენებული და ამ ეტაპისთვის ვენახების მოცულობის ზრდას არ განვიხილავთ“, - აცხადებს გიორგი რუხაძე.

George Grey Winery-ს მეღვინეობის ისტორია იწყება რამდენიმე ათეული წლის წინ, ისტორიულ სოფელ წილკანში. ამ რეგიონში ღვინის წარმოება დაახლოებით 1400 წლის წინ დაიწყო. წინაპრებისგან მემკვიდრეობით მიღებული ისტორიული ტრადიციებით და გამოცდილებით შეიქმნა ღვინის დაყენების ახალი კონცეფცია, რომელიც ღვინის მოყვარულებს პრემიუმ ხარისხის ქართულ ტრადიციულ ღვინოებს სთავაზობს.
 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები