საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განაგრძობს ინტენსიურ მუშაობას სუდანში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დასახმარებლად, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს.
როგორც სამინისტროში განმარტავენ, საქართველოს საელჩო თურქეთის რესპუბლიკაში ყოველდღიურ კონტაქტში არიან სუდანში მყოფ მოქალაქეებთან, მათი ოჯახის წევრებთან და დამსაქმებელ კომპანიებთან;
აგრეთვე, მჭიდრო კოორდინაციაში იმყოფებიან პარტნიორ ქვეყნებთან და შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთან.
მათივე ცნობით, დამატებით ხორციელდება სამუშაოები სუდანში მყოფი მოქალაქეებისთვის საკვებისა და სასმელი წყლის მისაწოდებლად. ასევე, უწყება თვალს ადევნებს სუდანში მიმდინარე პროცესებს და ინფორმირებულია იქ არსებული ვითარების შესახებ.
არსებული ინფორმაციით სუდანში მყოფი ქართველები ქართული ავიაკომპანიების Geosky-სა და Myway Airlines-ის თანამშრომლები არიან, რომლებიც დროებით სუდანში მუშაობდნენ.
ავიაკომპანია Geosky-მ სუდანში მყოფი ეკიპაჟის წევრებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და განმარტა, რომ ავიაკომპანია მზადაა, Geosky-ს საჰაერო ხომალდით თანამშრომლების ევაკუაციის შემთხვევაში, უზრუნველყოს კიდევ ასამდე უცხო ქვეყნის სამოქალაქო პირის ევაკუაცია, რომლებიც ასევე შესაძლებელია იმყოფებოდნენ სუდანის დედაქალაქში.
„ავიაკომპანია Geosky-ს ექსპლუატაციაში მყოფი საჰაერო ხომალდი ბოინგ 737-800 სარეგისტრაციო ნომრით 4L GEZ სამუშაო ვიზიტით იმყოფება სუდანის რესპუბლიკაში, კერძოდ სუდანის დედაქალაქ ხართუმში ავიაკომპანიის ეკიპაჟის 20 წევრთან ერთად. კონფლიქტის დაწყების პირველივე წუთებიდან ავიაკომპანიის მენეჯმენტმა მყისიერად მოახდინა რეაგირება და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, სამოქალაქო ავიაციის სააგენტო და ყველა შესაბამისი უწყება ჩავაყენეთ საქმის კურსში.
აქტიური-უწყვეტი კომუნიკაცია მიმდინარეობს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, რომელიც თავის მხრივ მუდმივ კავშირზეა გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან და პარტნიორი ქვეყნების საელჩოებთან. მნიშვნელოვანია მხარეებს შორის მოხდეს შეთანხმება ცეცხლის დროებით შეწყვეტისა და ჰუმანიტარული დერეფნების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, რათა უზრუნველვყოთ ავიაკომპანიის თანამშრომელთა უსაფრთხო ევაკუაცია სუდანიდან უსაფრთხო ტერიტორიაზე.
ამავდროულად ჩვენ მუდმივი კავშირი გვაქვს ჩვენს პარტნიორ ავიაკომპანია მაივეი ეარლანს-ის მენეჯმენტთან და სუდანში მყოფ მათ თანამშრომლებთან და ერთობლივად ვგეგმავთ ორივე ავიაკომპანიის თანამშრომლების ევაკუაციას. ამ ეტაპზე ჩვენი ავიაკომპანიის ეკიპაჟის წევრები იმყოფებიან ქალაქ ხართუმში მათ საცხოვრებელ ბინებში და არიან უსაფრთხოდ.
ავიაკომპანია Geosky გამოთქვამს მზადყოფნას ჩვენი საჰაერო ხომალდით თანამშრომლების ევაკუაციის შემთხვევაში, უზრუნველვყოთ კიდევ ასამდე უცხო ქვეყნის სამოქალაქო პირის ევაკუაცია, რომლებიც ასევე შესაძლებელია იმყოფებოდნენ სუდანის დედაქალაქში.
ავიაკომპანია Geosky საქართველოს მთავრობისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს დახმარებით ყველაფერს აკეთებს, რომ უზრუნველვყოთ ეკიპაჟის წევრების დროულად გაყვანა სუდანის დედაქალაქიდან უახლოეს უსაფრთხო ადგილას“, – აღნიშნულია Geosky-ს განცხადებაში.
Myway Airlines-ში აცხადებენ, რომ სუდანში ამ დროისათვის მაი 13 თანამშრომელი იმყოფება. როგორც ავიაკომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ისინი სუდანი სამსახურებრივი მივლინებით იმყოფებიან (პილოტები, ბორტგამცილებლები და ტექნიკური პერსონალი).
„გვაქვს მუდმივი კონტაქტი ჩვენი ეკიპაჟის წევრებთან, რომლებიც ამჟამად იმყოფებიან უსაფრთხო ზონაში, თავიანთ საცხოვრებლებში და შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, თავს იკავებენ გარეთ გამოსვლისა და გადაადგილებისგან. სუდანში ჩვენს პარტნიორთან თანამშრომლობით, ვცდილობთ, რომ მათ მიეწოდოთ აუცილებელი სურსათი და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთები.
სუდანში ვითარების დაძაბვის პირველივე წუთებიდან ვართ მუდმივ კომუნიკაციაში თურქეთში საქართველოს საელჩოსთან და მათთან ერთად ვცდილობთ დავგეგმოთ ეკიპაჟის უსაფრთხო და დროული გამოყვანა სუდანიდან. ასევე ვთანამშრომლობთ ჩვენს კოლეგებთან ავიაკომპანია Geosky-დან, რომელთა თანამშრომლებიც ასევე იმყოფებიან სუდანში.
მოგახსენებთ, რომ ჩვენი ეკიპაჟი სუდანში იმყოფება ავიაკომპანია Myway Airlines-სა და სუდანის ერთ-ერთ ადგილობრივ ავიაკომპანიას შორის არსებული ეკიპაჟიანი იჯარის ხელშეკრულების ფარგლებში. აღნიშნული გულისხმობს, რომ ჩვენი ეკიპაჟი სამგზავრო რეისებს ასრულებს ავიაკომპანია Myway Airlines-ისსუდანში ბაზირებული საჰაერო ხომალდებით“, – აღნიშნულია Myway Airlines-ის განცხადებაში.
როგორც ცნობილია, 15 აპრილს სუდანში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისას, როდესაც სწრაფი რეაგირების ძალებმა ხარტუმის აეროპორტი აიღეს დაიწვა ორი თვითმფრინავი, რომლებიც უკრაინულ SkyUp Airlines-ს და საუდის არაბეთის ავიაკომპანია Saudia-ს ეკუთვნოდა.
სატელიტური ფოტოების მიხედვით, რომელიც ცხადია შორი მანძილიანაა გადაღებული აეროპორტში სხვა თვითმფრინავის გარეგანი დაზიანება არ შეინიშნება, თუმცა რა ვითარებაში არიან აეროპორტი მდგარი თვითმფრინავები ეს ჯერჯერობით არავინ იცის.
ვიზუალურად ამ თვითმფრინავებს დაზიანებები არ ეტყობათ, მხოლოდ ტექნიკოსების დეტალური შემოწმების შემდეგაა შესაძლებელი თვითმფრინავის მდგომარეობის შეფასება. თვითმფრინავებს შეეძლოთ მიეღოთ ფიუზელაჟის დაზიანება, რაც არღვევს სალონის ჰერმეტულობას და საფრთხეს უქმნის თვითმფრინავის სისტემების მუშაობას.
დღეს ცნობილი გახდა, რომ სუდანში ევროკავშირის ელჩზე თავდასხმა მოხდა. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საკითხებში და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ სუდანში ევროკავშირის ელჩს, ეიდან ოჰარას საკუთარ სახლში თავს დაესხნენ.
შეტაკებები არმიასა და სწრაფი მხარდაჭერის ძალებს (RSF) შორის სუდანში 15 აპრილიდან გრძელდება.
უახლესი