დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა ტიპის ეკონომიკური რეფორმების განხორციელებას გეგმავს მთავრობა

რა ტიპის ეკონომიკური რეფორმების განხორციელებას გეგმავს მთავრობა

27-11-2024 11:45:00

კაპიტალის ბაზრის რეფორმის ფარგლებში, დაინერგება კერძო კაპიტალის საინვესტიციო ფონდების მხარდამჭერი პროგრამები, რაც გულისხმობს მეტი კაპიტალის მობილიზებას არასაბანკო პროდუქტებში და ამ კაპიტალის რელოკაციას მცირე და საშუალო საწარმოებში, - ამის შესახებ “სამთავრობო პროგრამა 2025-2028“-შია აღნიშნული. 

დოკუმენტში ასევე წერია, რომ გაგრძელდება მუშაობა უძრავი ქონების საინვესტიციო ფონდების განვითარებასა და დაგროვილი კაპიტალის/ტრასტების ინსტრუმენტების დანერგვაზე.

„მოკლევადიანი სამუშაო კაპიტალის დაკმაყოფილების საჭიროებისათვის, სამართლებრივი ჩარჩოს გარდა, შეიქმნება ფაქტორინგის ბაზრის განვითარებისათვის განკუთვნილი შესაბამისი პროდუქტები და აქტივებზე დაფუძნებული დაფინანსების სავაჭრო პლატფორმა.

გაგრძელდება ინსტიტუციური ინვესტორების ბაზის განვითარება და მხარდაჭერილი იქნება როგორც კერძო საპენსიო ფონდების შექმნა/სტიმულირება, ისე სავალდებულო საპენსიო სააგენტოს/ფონდის შემდგომი განვითარება. გარდა სადაზღვევო სექტორის ესტონურ მოდელზე გადაყვანისა, მხარდაჭერილი იქნება სხვადასხვა სადაზღვევო პროდუქტის სტიმულირება, როგორიცაა, მაგალითად, სიცოცხლის დაზღვევა და ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის მესამე პირის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა.

დაიწყება აქტიური მუშაობა სასაქონლო ბაზრებისა და ვაჭრობის განვითარებაზე, რაც ხელს შეუწყობს სხვადასხვა ტიპის ფინანსური ინსტრუმენტების დანერგვას რისკის მართვის მიმართულებით და დაფინანსების ინსტრუმენტების დამატებით გაჩენას.

გატარდება ფინანსური ტექნოლოგიების განვითარებაზე ორიენტირებული ღონისძიებები, დაინერგება სახალხო დაფინანსების ინსტრუმენტი (Crowd Funding) და გაიზრდება საცალო ინვესტორების ჩართულობა სახელმწიფო სავალო ფასიანი ქაღალდების ბაზარზე.

გაგრძელდება ე.წ. ბენჩმარკ ბონდების გამოშვების პროგრამა, რაც ხელს შეუწყობს სახელმწიფოს JP Morgan Government Bond Index-ში (GBI) მოხვედრას და მეტი უცხოელი ინვესტორის შემოდინებას კაპიტალის ბაზარზე.

სახელმწიფო საწარმოების რეფორმის ფარგლებში, გაუმჯობესდება სახელმწიფო საწარმოების კორპორაციული მართვა, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად და განხორციელდება სახელმწიფო კორპორაციების კომერციული მიზნების პრიორიტეტიზაცია, ასევე ხელი შეეწყობა კონკურენციასა და კონკურენტული ნეიტრალურობის პრინციპების დაცვას.

უზრუნველყოფილი იქნება ეფექტიანი ფლობის პოლიტიკის განხორციელება და გაძლიერდება სახელმწიფო საწარმოების ანგარიშვალდებულება და სტრატეგიული მართვა. რეფორმა ითვალისწინებს სახელმწიფო საწარმოების შესახებ ჩარჩოკანონის მიღებას, რომელიც შექმნის რეფორმის ძირითადი მიმართულებების განხორციელების მკაფიო საკანონმდებლო საფუძველს“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები