დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა სიახლეებს უნდა ელოდნენ მგზავრები საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში

რა სიახლეებს უნდა ელოდნენ მგზავრები საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში

14-05-2023 02:30:37

რა სიახლეებს უნდა ელოდნენ მგზავრები საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში?

საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანიები, საქართველოს შემთხვევაში TAV Georgia  და საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, ინფრასტრუქტურის განახლების პარალელურად მუდმივად აწარმოებენ მოლაპარაკებებს ავიაკომპანიებთან სიხშირეების ზრდაზე, თუ ახალი მიმართულებების დამატებაზე. 

ქვეყნის საერთაშორისო აეროპორტებიდან (თბილისი, ბათუმი, ქუთაისი) Business Insider Georgia - მ დაგეგმილი სიახლეების შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ამჟამად 36 ავიაკომპანია 23 ქვეყანაში ფრენებს 31 მიმართულებაზე ასრულებს, ხოლო ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში 13 ავიაკომპანია 9 ქვეყანაში 9 მიმართულებით ასრულებს ფრენებს.

რაც შეეხება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს, რომლის მგზავრნაკადიც წელს პროგნოზით 1 მლნ-ს გადააჭარბებს, 5 ავიაკომპანია 17 ქვეყნის 28 მიმართულებით ოპერირებს.

როგორც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორ კომპანია TAV Georgia-ში განმარტავენ, მაისის ბოლოდან თურქეთიდან ახალი ავიაკომპანია SunExpress-ი დაიწყებს ფრენებს.

ავიაკომპანია ზაფხულის სეზონზე რეისებს შეასრულებს ანკარადან, იზმირიდან და ანტალიიდან.

13 მაისიდან ახალი ავიაკომპანია Centrum Air უზბეკეთის დედაქალაქიდან, ტაშკენტიდან დაიწყებს  რეგულარული ჩარტერული ფრენების შესრულებს. მაისიდან Aegean Airlines-ი სალონიკიდან თბილისის მიმართულებით განახორციელებს ფრენებს, ასევე მაისიდან Eurowings-ი აღადგენს ფრენებს დიუსელდორფიდან, ხოლო შტუტგარტის მიმართულებას დაამატებს ივლისიდან

ივნისიდან Air Astana აღადგენს ფრენებს ყაზახეთის დედაქალაქ ასტანიდან. Flynas-ი კი აღადგენს ფრენებს დამამიდან, ხოლო ივლისიდან დაამატებს ბურიადას მიმართულებას.

ასევე, ივნისიდან აღადგენს ფრენებს Flyadeal-ი საუდის არაბეთის სხვადასხვა ქალაქებიდან: ჯიდა  დამამი და რიადი. 

ხოლო ქართული ავიაკომპანია Georgian Airways -ი გეგმავს მაისის ბოლოდან გერმანიაში ბერლინის და ბელგიაში ბრიუსელის რეისების აღდგენას. ასევე ივნისიდან გეგმავს ლარნაკის, მილანის (ბერგამო), პრაღას, რომის მიმართულებების დამატებას.

იმავდროულად, ივლისის ბოლოდან ახალი ავიაკომპანია Indigo გეგმავს პირდაპირი რეისების დაწყებას ინდოეთიდან, კერძოდ დელიდან. 

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში 18 მაისიდან ტაშკენტიდან ფრენებს იწყებს ავიაკომპანია Uzbekistan Airways-ი. ივნისიდან ავიაკომპანია Armenia Airlines-ი სომხეთიდან გეგმავს ბათუმის მიმართულებით რეისებს.

ივნისიდან ავიაკომპანია Air Astana ბათუმის მიმართულებით ფრენებს აღადგენს ალმატიდან, ხოლო Scat-ი აკტაუდან. ივნისიდან ასევე AZAL-ი (Buta Airways) ბაქოდან აღადგენს ფრენებს, ხოლო Flydubai დუბაიდან ბათუმის მიმართულებით განაახლებს რეისებს.

ასევე Flynas-ი დაამატებს დამამის და ჯედას მიმართულებებს. 31 ივლისიდან Getjet-ი ბათუმის მიმართულებით დაიწყებს რეისების შესრულებას ვილნიუსიდან. 

როგორც საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში განმარტავენ,

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში: 2023 წლის ივნისიდან ავიაკომპანია Wizz Air-ი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მესამე ბაზირებულ ხომალდს დააბრუნებს და რეგულარული რეისების შესრულებას მადრიდის, ბრიუსელის, ფრანკფურტის, ჰამბურგისა და პოზნანის მიმართულებით დაიწყებს.

2023 წლის 4 ივნისიდან კი ყაზახური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია FlyArystan პირდაპირ რეგულარულ რეისებს ალმატი-ქუთაისი-ალმატის მიმართულებით შეასრულებს.

2023 წლის 1-ლი დეკემბრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ბაზაზე ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი ავიაკომპანია Wizz Air საჰაერო ხომალდების რაოდენობას ოთხამდე გაზრდის. მეოთხე ბაზირებული AIRBUS 321neo ხომალდით, პირდაპირი რეგულარული რეისები, კვირაში ორი სიხშირით ქუთაისსა და კოპენჰაგენს შორის შესრულდება.

ამ დრომდე, საქართველოსა და დანიის სამეფოს შორის, პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა არ არსებობს.

ასევე, მეოთხე ბაზირებული ხომალდის ფარგლებში სიხშირეები გაიზრდება სხვადასხვა მიმართულებებზე და ზოგიერთი მიმართულება კვირაში 3 და 4 სიხშირით შესრულდება.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, ერთი წლის განმავლობაში ერთდროულად Wizz Air-ის ორი ბაზირებული ხომალდი დაიწყებს ოპერირებას.

 

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები