ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი ხუბუამ უნივერსიტეტის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. რექტორმა დეტალურად მიმოიხილა არაერთი მიმართულებით დაგეგმილი სიახლეები.
„უნივერსიტეტი გეგმავს ახალი აკადემიური პროგრამების შეთავაზებას. ეს პროგრამები იქნება თანამედროვე მოთხოვნებზე ორიენტირებული, ინტერდისციპლინური და საერთაშორისო თანამედროვე ევროპული სტანდარტების შესაბამისი, ორმაგი დიპლომის მიღების პერსპექტივით. იმ პერსპექტივით, რომ ჩვენთან, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში სტუდენტებმა მიიღონ არა მხოლოდ მაღალი კომპეტენციისა და მაღალი აკადემიური ხარისხის განათლება, არამედ მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების აკადემიური ხარისხი, ორმაგი დიპლომი.
მომავალი სემესტრიდან ჩვენ უკვე ვგეგმავთ, ახალი სამაგისტრო პროგრამები შევთავაზოთ ჩვენს კურსდამთავრებულებს და არა მხოლოდ მათ. ეს ეხება ენერგეტიკის მენეჯმენტს, ენერგეტიკის სამართალს, ინტელექტუალური საკუთრების სამართალს, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებას სამართალში.
მომავალი წლიდან ჩვენ ვგეგმავთ, ძალიან მაღალი დონის სამედიცინო განათლება შევთავაზოთ ქართველ სტუდენტებს მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო კლინიკასთან ერთად. ანუ უნივერსიტეტის პოლიტიკა აგებული იქნება სწორედ ამ კონცეფციაზე, მაქსიმალურად ფართო აკადემიური პროგრამები ყველა დონეზე - როგორც საბაკალავრო, ისე სამაგისტრო და სადოქტორო დონეზე. ჩვენ დღეს მივაღწიეთ შეთანხმებას ბამბერგის უნივერსიტეტთან, რომ გვექნება ერთობლივი სადოქტორო პროგრამა ინოვაციების მეცნიერებებში.
გარდა ამისა, უნივერსიტეტი მაქსიმალურად ფართოდ იქნება გახსნილი და აქტიურად იქნება ინტეგრირებული საზოგადოების სხვადასხვა სექტორთან. ჩვენ კამპუსი გვაქვს 160 ჰექტარზე. კამპუსზე აუცილებლად დაფუძნდება სხვადასხვა სტარტაპი ინდუსტრიასთან თანამშრომლობით. ჩვენ რადიკალურად გვინდა, შევცვალოთ ასევე სწავლების მეთოდი იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენი სტუდენტი იმთავითვე მაქსიმალურად ორიენტირებული იყოს პრაქტიკის მოთხოვნებზე. მაგრამ არა იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენმა სტუდენტმა სტაჟირება გაიაროს საწარმოში. ეს იქნება ე.წ. რეალურ პროექტზე დაფუძნებული მეთოდი, როდესაც თითოეული სტუდენტი გააკეთებს რეალურ პროექტს დამსაქმებელთან, ანუ არსებითად ორსუბიექტიანი სქემა, რომელიც დღემდე მოქმედებს კლასიკურ უნივერსიტეტებში, გვინდა ჩავანაცვლოთ სამსუბიექტიანი სქემით - პროფესორი, სტუდენტი, დამსაქმებელი. ეს მაქსიმალურად ხელს შეუწყობს იმას, რომ უნივერსიტეტი გახდეს განვითარების, ეკონომიკური ფაქტორი და ყველაზე წარმატებული და ინტელექტუალური ნაწილი ახალგაზრდობისა ჩართული იყოს ეკონომიკურ პროცესში.
ამ თვალსაზრისით ჩვენ, რა თქმა უნდა, გავზრდით პროფესორების რაოდენობას უნივერსიტეტში, მათი შერჩევის პროცედურა იქნება საერთაშორისო კონკურსის ფორმით. ასევე, გავააქტიურებთ კონტაქტს საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველ მეცნიერებთან იმისათვის, რომ ისინი არა მარტო უფრო ინტენსიურად იყვნენ ინტეგრირებულნი საუნივერსიტეტო ცხოვრებაში, არამედ ჩვენ შევთავაზებთ მათ ძალიან კარგ პერსპექტივას, რომ დაბრუნდნენ საქართველოში“, - განაცხადა გიორგი ხუბუამ.
უახლესი