რა შემთხვევაში შეუძლია საბანკო სესხის მომხმარებელს ძველ გრაფიკზე დაბრუნება, ამ საკითხზე პარლამენტის წევრის კითხვებს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უპასუხა.
როგორც სებ-ის მიერ დეპუტატის კითხვის პასუხად საკანონმდებლო ორგანოში გადაგზავნილ წერილშია აღნიშნული, თუ კომერციული ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და სესხის გამცემი სუბიექტების მიერ COVID-პანდემიის გამო ე.წ. „საშეღავათო პერიოდი“ გააქტიურდა მომხმარებელთა შესაბამისი თანხმობის ან სათანადო ინფორმირების გარეშე და, ამავდროულად, შემდგომში არ განხორციელებულა მათ სახელზე არსებული შესაბამისი ფულადი ვალდებულების რეფინანსირება/რესტრუქტურიზაცია, მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს გადავადებამდე არსებულ პირობებზე, მათ შორის, გადახდის ძველ გრაფიკზე დაბრუნება, რისთვისაც უნდა დაფაროს გადავადებული თვეების შესაბამისი შენატანები.
როგორც სებ-ში განმარტავენ, აღნიშნული უფლებით სარგებლობისთვის მომხმარებელმა უნდა მიმართოს შესაბამის, მომსახურე კომერციულ ბანკს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციასა და სესხის გამცემ სუბიექტს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა ფინანსური სექტორის მომხმარებელთა უფლებების დაცვაა.
„სწორედ აღნიშნული მიზნით, სებ-ის ერთ-ერთ სტრუქტურულ ერთეულს წარმოადგენს მომხმარებელთა უფლებების დაცვის და ფინანსური განათლების დეპარტამენტი, რომლის ერთ-ერთი მიზანია ფინანსური სექტორისთვის ამ მიმართულებით არსებული სათანადო საკანონმდებლო მოთხოვნების აღსრულების მონიტორინგი და მომხმარებლებისაგან პრეტენზიების მიღება, განხილვა და შესაბამისი რეაგირება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ასევე, გაცნობებთ, რომ მომხმარებლების განცხადებების/მომართვების შემთხვევაში, სებ-ი მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის ფარგლებში.
ამასთან, ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მიმდინარე წელს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უკვე განიხილა ცხრაასზე მეტი მომხმარებლის განცხადება/მომართვა და მათ გაეგზავნათ სათანადო საპასუხო კორესპონდენციები/შეტყობინებები“, - აღნიშნულია სებ-ის წერილში.
უახლესი