ანაკლიის პორტის მშენებლობა ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა და საზღვაო ნავსადგური არ არის მხოლოდ ინფრასტრუქტურული და სტრატეგიულ ჰაბის ნაწილი,- ამის შესახებ Business Insider Georgia-ს დამფუძნებელ გიორგი აბაშიშვილთან ექსკლუზიურ ინტერვიუში „ანაკლიის საზღვაო ნავსადგური /Anaklia Sea Port-ის“ დირექტორმა ზურაბ სიჭინავამ განაცხადა
მისი თქმით, ანაკლიის პორტი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც განხორციელდება.
„შედეგად ქვეყანას ექნება ღრმაწყლოვანი ნავსადგური და განვითარების სხვადასხვა ფაზები, რომელსაც პორტი მოიცავს და რომელიც დროშია გაწერილია. სხვადასხვა წლებში ჩატარდა ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა და მომზადდა გენერალური გეგმა. ამ გეგმის თანახმად პორტი, რამდენიმე ფაზისგან შედგება.
16 სექტემბრიდან დაიწყო სამუშაოები, რაც ითვალისწინებს მოსამზადებელ პერიოდს. კერძოდ, როცა ხდება სამშენებლო მოედნის მოწყობა, რათა შეუფერხებლად მოხდეს წყალში ჩასაწყობი ლოდებისა და იქსბლოკების დასაწყობება. ამ ეტაპზე სამშენებლო მოედანზე ეწყობა მისასვლელი გზა, გრუნტის ზედაპირი, ხდება შემოღობვა, ასევე კამერების მონტაჟი, რომ დღე-ღამის განმავლობაში შესაძლებელი იყოს ნებისმიერი ამინდის შემთხვევაში მუშაობა.
უშუალოდ, მიმდინარე დღეებში იწყება ქვის ლოდების შემოტანა, რასაც თავისი მიმდინარე ბიზნესპროცესები აქვს და სასწორები უნდა დამონტაჟდეს. ქვების შემოტანა და აღრიცხვა ხდება ტონაჟისა და კუბატურის მიხედვით, რომლის დასაწყობებაც ეტაპობრივად მოხდება. ასევე დაიწყება ბეტონის წარმოების მოწყობა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ იქსბლოკების წარმოება მოხდება ადგილზე. ტერიტორია საკმაოდ დიდია და ჩვენ კონტრაქტორს ვთავაზობთ, რომ გამოიყენოს დასასაწყობებლად, რადგან გამოსყიდულია წინა მშენებლობის დროს ის საჭირო მიწები, რაც უშუალოდ პორტს ესაჭიროება. ეს საშუალებას მისცემს მენებლეს, რომ დროში უფრო მომზადებული შეხვდეს პროცესის დაწყებას ქვებით, იქსბლოკებითა და მშენებლობისთვის საჭირო ყველა ტექნიკით“. - აღნიშნა ზურაბ სიჭინავამ.
მისი თქმით, სატენდერო დოკუმენტაციით, ხელშეკრულების შესრულებისთვის კონტრაქტორ კომპანიას დაახლოებით სამი წელი აქვს.
„ეს არის 970 დღე, რომელიც ითვალისწინებს ასევე გარემო პირობებს. რადგან წყალშია სამუშაოები, გასათვალისწინებელია უამინდობა, შტორმი და ამიტომ მაქსიმალურად დაზღვეული ვადაა აღებული, თუმცა არსებობს სხვადასხვა საერთაშორისო პრაქტიკა, რომ თუ გარემო პირობებმა და ბუნებამ ხელი შეუწყო, უფრო სწრაფად განხორციელდეს აღნიშნული სამუშაო“, - აღნიშნა ზურაბ სიჭინავამ.
უახლესი
6 საათის წინ
Bitcoin-ის კურსი რეკორდული ზრდის შემდეგ ეცემა7 საათის წინ
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან გამყარდა9 საათის წინ
წელს ქვეყანამ 90 მლნ დოლარის შოკოლადი იყიდა