ქართული კოსმეტიკური ბრენდი Piel Naturals პიელ ნატურალსი 2024 წლის შედეგებით კმაყოფილია. როგორც Business Insider Georgia-სთან კომპანიის დამფუძნებელმა თათუკა ლომაძემ განაცხადა, 2024 წელს კომპანიისთვის საკმაოდ წარმატებული იყო, რადგანაც ბრენდმა მოახერხა გაფართოება როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო ბაზარზე. სწორედ 2024 წლის ბოლოს Piel Naturals-ის ფრანჩაიზით ქუვეითში პირველი მაღაზია გაიხსნა.
„2024 წლის შეჯამება, რომ გავაკეთოთ ჩვენი ბაზრის წილი 15-20%-ით გაიზარდა. 2024 წელს დაგვემატა ახალი ფილიალები ქუვეითსა და ბათუმში. ანუ უკვე 11 ლოკაციაზე ვართ საერთაშორისო მასშტაბით წარმოდგენილები. ამასთან ერთად სიახლეა ისიც, რომ შამპუნების ჭრილში გაზრდილი მოთხოვნა დავაკმაყოფილეთ და შევქმენით თმის მოვლის უნივერსალური და უნიკალური ხაზი: შამპუნი, კონდიციონერი, აღმდგენი ნიღაბი და ასე შემდეგ. ასევე სპა მიმართულებითაც დავიწყეთ თანამშრომლობა სასტუმროებთან“, - განმარტავს კოსმეტიკური ბრენდის Piel Naturals-ის დამფუძნებელი.
მისივე განმარტებით ადგილობრივ ბაზარზე გაყიდვების 15%-იანი ზრდაა, ხოლო საექსპორტო ბაზრებზე 50%-იანი.
„ექსპორტის მიმართულებითაც ჩვენ გავედით კატარში, პაკისტანში, ქუვეითში. ექსპორტის კუთხით დაახლოებით 50%-იანი ზრდა გვაქვს“, - აცხადებს თათუკა ლომაძე.
2024 წელს Piel Naturals-ი GMP სტანდარტის მფლობელიც გახდა.
„Piel Naturals-ის პროდუქცია არის უნივერსალური მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ნებისმიერი ქვეყნისთვის. ჩვენ ვიცავთ საერთაშორისო სტანდარტებს და ამიტომ აღმოსავლეთი იქნება, თუ ევროპა მათთვის ჩვენი პროდუქცია უნიკალურია. აღმოსავლეთისთვის მისაღებია იქიდან გამომდინარეც, რომ ალკოჰოლს არ შეიცავს. 2024 წელი მნიშვნელოვანია იმითაც, რომ მივიღეთ GMP სტანდარტი
ISO-ს, GMP-ის თუ სხვა სტანდარტების დანერგვა უკვე ნიშნავს იმას, რომ მთლიანად, საერთაშორისო მასშტაბით აბსოლუტურად გახსნილები ვართ. ჩვენ ყველანაირად მზად ვართ ნებისმიერ ქვეყანაში ფრანჩაიზის გზით გაფართოებისთვის“, - ამბობს Piel Naturals-ის დამფუძნებელი.
კომპანიამ სულ ხანდახან ვენაში გამართულ საერთაშორისო გამოფენაში მიიღო მონაწილეობა, სადაც სხვადასხვა ტიპის შემოთავაზებებიც მიიღო.
„ავსტრიაში, ვენაში გამართულ საერთაშორისო გამოფენაში მივიღეთ მონაწილეობა, სადაც მონაწილეობაზე მოწვევა საელჩოსგან მოგვივიდა. აღნიშნული გამოფენა ორგანიზებული იყო გაეროს ქალთა გილდიის მიერ და Piel Naturals-მა მონაწილეობა საქართველოს სახელით მიიღო. გამოფენის ფარგლებში იყო გარკვეული კომუნიკაცია, იყო სხვადასხვა ტიპის შემოთავაზებები“, - აღნიშნა კომპანიის დამფუძნებელმა.
რაც შეეხება 2025 წლის გეგმეს, კომპანია ადგილობრივ ბაზარზე გაფართოებას და ქვეყნის მასშტაბით Piel Naturals-ის მინიმუმ სამი მაღაზიის გახსნას გეგმავს.
ირკვევა, რომ დღეისათვის Piel Naturals-ის გაყიდვებში პირველ ადგილზე თმის ცვენის საწინააღმდეგო შამპუნების ხაზია.
„Piel Naturals-ის ასორტიმენტში დღეისათვის ყველაზე გაყიდვადი შამპუნების ხაზია და მისმა გაყიდვებმა ჩვენი ყველანაირი რეკორდი მოხსნა. ბევრს აქვს თმის ცვენის პრობლემა და ისეთები შედეგები აქვს ამ შამპუნს, რომ საკმაოდ მოთხოვნადი მიმართულება გახდა“, - ამბობს თათუკა ლომაძე.
Piel Naturals-ი არის N1 ქართული თავის მოვლის პრემიუმ კოსმეტიკის ბრენდი. კომპანიის მიზანია მაღალი ხარისხის და ნატურალური პროდუქტების შექმნა, გააუმჯობესოს თითოეული ადამიანის სილამაზე და კეთილდღეობა, ინოვაციების მეშვეობით.
პროდუქციის სრული ასორტიმენტი, მორგებულია კანის სხვადასხვა ტიპებსა და პრობლემებზე. Piel Naturals-ის ძირითადი ნიშა არის ის, რომ პროდუქცია არ შეიცავს პარაბენს, პარაფინს, სილიკონებს და მავნე ნივთიერებებს.
უახლესი