ხის სათამაშოების მწარმოებელი კომპანია “კოკიტო”, რომელიც საკუთარი პროდუქციით ამარაგებს როგორც ქართულ ბაზარს და ასევე გადის ექსპორტზე, ხის სათამაშოების მზარდ მოთხოვნაზე საუბრობს და აცხადებს, რომ წლიდან წლამდე გაყიდვები სტაბილურად მზარდია. „კოკიტოს“ თანადამფუძნებელი მარიკა გრიგოლიშვილი Business Insider Georgia-სთან საუბრისას აცხადებს, რომ გერმანიის შემდეგ „კოკიტო“ საფრანგეთის ბაზარზე შესასვლელადაც ემზადება. საფრანგეთში „კოკიტოს“ პროდუქციის ნიმუშები უკვე გაგზავნილია და ფასებზეც მოლაპარაკებები უკვე დასრულებულია.
„გერმანიაში რამდენიმე ბრენდთან უკვე ვთანამშრომლობთ და ჩვენს სათამაშოებს ვუგზავნით, რომლებიც შემდგომ მიწოდებას ახდენენ ევროკავშირის ბაზარზე, ზოგიერთი მათგანი პროდუქციას აშშ-შიც ყიდის. ჩვენ ვართ მწარმოებლები და მიმწოდებლები. ჩვენს პროდუქციას კი აწერია, რომ „წარმოებულია საქართველოში „კოკიტოს“ მიერ“, მაგრამ ევროკავშირის ბაზარზე იყიდება სხვა ბრენდით“, - ამბობს კომპანიის თანადამფუძნებელი.
ხის სათამაშოების ქართული ბრენდი “კოკიტო“ საკუთარი ბრენდის განვითარებაზე 3 წელია აქტიურად მუშაობს და 2 წელია უკვე ექსპორტზეც გადის და მას შემდეგ სათამაშოებს სისტემატურად გზავნის გერმანიაში.
„ასევე მოლაპარაკებები გაქვს ფრანგულ მხარესთანაც. ჯერჯერობით ექსპორტი მასშტაბურ მაჩვენებლებზე არ არის, თუმცა შეკვეთები სტაბილურად გაქვს.
„კიკოტო“ აქტიურად იყიდებოდა სათამაშოების ქსელ „სუპერში“, მაგრამ ახლა პოლიტიკა შეცვალეს და ქართულ ბრენდებთან აღარ თანამშრომლობენ. „კოკიტო“ წარმოდგენილია ასევე „პეპელაში“, „ჭიტაში“, „ვიშლისთში“, „კოკიტოს“ სათამაშოები იყიდება ასევე Veli store-ზე, Extra.ge-ზე, ასევე ბაზარი ორბელიანზე გაქვს „კოკიტოს“ საბავშვო სივრცე, ასევე სტენდი გვაქვს სითი მოლში და წარმოდგენილები ვართ სხვადასხვა პატარ-პატარა მაღაზიებში.
ბოლო პერიოდში ხის სათამაშოებზე მოთხოვნა საკმაოდ გააქტიურებულია, იმიტომ, რომ გაიზარდა ცნობიერება. ჩვენი მიმართულება არის განმავითარებელი სათამაშოების წარმოება, რომელიც მონტესორისა და ვალდორფის მეთოდიკაზეა დაფუძნებული, რაც ასე მნიშვნელოვანია ბავშვის ჩამოყალიბების პროცესში. ხის სათამაშოებზე მოთხოვნა დღეისათვის სტაბილურად და სისტემატურად იზრდება და შემიძლია გითხრათ, რომ ხის სათამაშოებზე მოთხოვნა არის და განსაკუთრებით უპირატესობას ანიჭებენ იმას, რომ არის ქართული წარმოება. ჩვენც დიდ ენერგიას ვხარჯავთ იმაში, რომ ეს მიმართულება განვავითაროთ, რადგანაც ბევრი რთული პროცესის გავლა გვიწევს და ძალიან ბევრი წინააღმდეგობა გვაქვს, როგორც ქართულ ბაზარზე თავის დამკვიდრების მხრივ, ისე შიდა პროცესებშია ბევრი გამოწვევა.
ონლაინ გაყიდვები სტანდარტული მეთოდებით ადრეც გვქონდა, მაგრამ ახლა ვიწყებთ უფრო სიღრმისეულ და მასშტაბურ პროცესს და გვინდა საკმაოდ გავააქტიუროთ სოციალური ქსელები და გავზარდოთ ჩვენი ცნობადობა, რათა მეტი წვდომა გვქონდეს ჩვენს მომხმარებლებთან. თუმცა რომ შევაჯამოთ ჩვენს სათამაშოებზე მოთხოვნა იზრდება“, - ამბობს მარიკა გრიგოლიშვილი.
„კოკიტოს“ თანადამფუძნებლის თქმით, გამოწვევა ქართულ ბაზარზე ბევრია, მათ შორისაა პატარა ადგილობრივი კომპანიების დიდ რითელ ქსელებში შესვლა. მარიკა გრიგოლიშვილი ამბობს, რომ „კოკიტო“ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ისეთი საფასო პოლიტიკა აწარმოოს, რომ რითეილ ქსელები დააინტერესოს, თუმცა საბოლოო ჯამში პროცესი წინ ვერ მიდის.
„ძალიან რთულია ქართულ ქსელებში შესვლა და ეს არის ერთ-ერთი დიდი წინააღმდეგობა ჩვენთვის. მიუხედავად იმისა, რომ ვცდილობთ, რომ ფასის ნაწილში მოვერგოთ და ვიყოთ ადეკვატურები, ვითვალისწინებთ იმასაც, რომ მაღაზიათა ქსელები შეიძლება დაინტერესებულნი არ იყვნენ ქართული პროდუქციით, რადგანაც ბევრად უფრო დაბალ ფასებში შემოაქვთ პროდუქცია ჩინეთიდან, მაგრამ გარკვეული მხარდაჭერა მათი მხრიდან პატარა ბიზნესების მიმართ არის მნიშვნელოვანი, თუნდაც იმიტომ, რომ ქართული წარმოებების გაძლიერება მოხდეს და ქართველ მომხმარებელს ჰქონდეს წვდომა ქართულ პროდუქციასთან. მნიშვნელოვანია, რომ მსხვილი კომპანიების მხრიდან ქართულ პროდუქციაზე, რომელიც ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს წარმოებიდან დაწყებული შეფუთვით დასრულებული, მოხდეს სტიმულირება. არის მომენტი, როდესაც ბევრი მწარმოებელი ვერ შედის დიდი ქსელებში, რადგანაც ფასნამატს მათი პროდუქცია ვეღარ უძლებს, მაგრამ ჩვენ ამაზე ძალიან დიდი ენერგია დავხარჯეთ, რომ მორგებული ვყოფილიყავით ამ სისტემას. თუმცა მოლაპარაკებების პროცესი არის უსასრულო, რთული და ეს არის ძალიან დიდი გამოწვევა ქართული ბაზრისთვის“, - ამბობს „კოკიტოს“ თანადამფუძნებელი.
მარიკა გრიგოლიშვილი ამბობს, რომ „კოკიტოს“ პროდუქცია ფასების მხრივ საშუალო სეგმენტზეა გათვლილი. მისივე თქმით, კომპანია ახერხებს, რომ ადგილობრივ ბაზარზე ფასები ჩინური წარმოების სათამაშოებთან მიმართებაში იყოს ადეკვატური.
„ჩვენს მიერ წარმოებული სათამაშოების ხარისხი ჩინური სათამაშოების ხარისხთან, რომელიც ქვეყანაში მასიურად შემოდის, საკმაოდ განსხვავდება“, - ამბობს „კოკიტოს“ თანადამფუძნებელი და იმ სტანდარტებზე მიუთითებს, რომლის მიხედვითაც „კოკიტოს“ საწარმოში ხის სათამაშოები მზადდება.
რაც შეეხება “კოკიტოს“ საწარმოს ის თბილისში, ე.წ. აეროპორტის დასახლებაში მდებარეობს.
„ხის სათამაშოების საწარმო “კოკიტო” ავეჯის მწარმოებელი ქარხნის „ევროსტილის“ ბაზაზე შეიქმნა. საწარმო აეროპორტის დასახლებაში მდებარეობს, სადაც მუდმივად გვყავს დასაქმებული 5-6 ადამიანი. საწარმო ნელ-ნელა იზრდება. რომ გითხრათ, რომ სასწაული ზრდის მაჩვენებელი გაქვს, ეს ასე არ არის. თავიდან ჩვენი პრიორიტეტი იყო, რომ ექსპორტზე ვყოფილიყავით წარმოდგენილები, რაც საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია. გვინდა, რომ ჩვენი პროდუქტია იყოს ხელმისაწვდომი ქართულ ბაზარზე. ის რომ ექსპორტიდან გადმოვერთეთ ადგილობრივ ბაზარზე, რაღაცნაირად ბევრი გამოწვევების წინაშე გვაყენებს“, - აცხადებს „კოკიტოს“ თანადამფუძნებელი.
უახლესი
2 საათის წინ
ლარი ევროსთან და აშშ დოლართან გამყარდა