ევროკავშირისა და მსოფლიო ბანკის დასკვნის თანახმად, საქართველოს ფინანსური ჩართულობის და ანგარიშვალდებულების პროექტი (FIA) ქვეყანას დაეხმარა მეორე თაობის ამბიციური რეფორმების განხორციელებაში, რომელთა მიზანი იყო კერძო სექტორის განვითარების დაჩქარება და ფინანსური ჩართულობის გაძლიერება. 4 მლნ. ევროს ღირებულების პროექტმა ხელი შეუწყო კაპიტალისა და სადაზღვევო ბაზრების განვითარების ჩარჩოს შექმნას, გააუმჯობესა ფინანსური ინფრასტრუქტურა და პასუხისმგებლიანი ფინანსური ჩართულობა, ასევე წაახალისა კორპორაციული და სახელმწიფო საწარმოების უკეთესი მართვა და ანგარიშგება.
მოსალოდნელია, რომ აღნიშნული რეფორმები სარგებელს მოუტანს ფიზიკურ პირებს და კომპანიებს ფინანსურ პროდუქტებთან, კერძოდ, სესხებთან და ციფრულ გადახდებთან გაზრდილი წვდომის მეშვეობით, და გააუმჯობესებს მომხმარებელთა დაცვის ზედამხედველობას. ციფრული ფინანსური სერვისების გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურა და მარეგულირებელი ჩარჩო ხელს შეუწყობს ბაზარზე ფინანსური ინოვაციების გაცილებით უსაფრთხო და ფართო მიწოდებას მომხმარებლებისთვის.
ფინანსური ჩართულობის და ანგარიშვალდებულების პროექტი, რომელიც ოფიციალურად დღეს დაიხურა, 2019-დან 2023 წლამდე პერიოდში მიმდინარეობდა საქართველოსთვის მსოფლიო ბანკის მიერ შემუშავებული ქვეყანასთან პარტნიორობის ჩარჩოსა (2019-2022 წწ.) და ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის გაწეული დახმარების ერთიანი ჩარჩო პროგრამის (2017-2020 წწ.) ფარგლებში.
“პროექტმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ფინანსური ჩართულობის გაუმჯობესებაში და კომპანიების ფინანსური გამჭვირვალობის ამაღლებაში,“ - განაცხადა მსოფლიო ბანკის სამართლიანი ეკონომიკური ზრდის, ფინანსების და ინსტიტუტების პროგრამის ხელმძღვანელმა სამხრეთ კავკასიაში მიგელ სანჩესმა. “მან ასევე ხელი შეუწყო გაცილებით კონკურენტული, გამჭვირვალე და კარგად მართვადი ინსტიტუტებისა და ბაზრებისთვის შესაბამისი საფუძვლის მომზადებას. ეს მნიშვნელოვანი ელემენტებია საქართველოს უწყვეტი მდგრადი ეკონომიკური განვითარებისა და სამუშაო ადგილების შექმნისთვის, რაც სარგებელს მოუტანს უამრავ ადამიანსა და კომპანიას ქვეყნის მასშტაბით.“
“ევროკავშირი დიდი ხანია დახმარებას უწევს საქართველოს რეფორმების დღის წესრიგს, მათ შორის, ეკონომიკურ რეფორმებს, გამჭვირვალობასა და მდგრად ეკონომიკურ განვითარებას. პროექტის დაწყება მნიშვნელოვანი ეტაპი იყო კერძო სექტორის განვითარების დასაჩქარებლად საქართველოში,“ - აღნიშნა საქართველოში ევროკავშირის პროგრამების მიმართულების ხელმძღვანელის მოადგილემ კატალინ გერმანმა. „4 წლის შემდეგ, ჩვენ ვხედავთ თვალსაჩინო წინსვლას საქართველოს საფინანსო სტრუქტურებში, ბიზნეს სერვისებსა და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებაში. ევროკავშირის დახმარებამ ხელი შეუწყო კერძო სექტორის განვითარებას და ქართული საწარმოებისთვის პროდუქტიულობის, გამჭვირვალობისა და ფინანსური ჩართულობის ამაღლებას.“
პროექტმა ხელი შეუწყო ადგილობრივი რეგულაციების ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას ისეთ სფეროებში, როგორებიცაა საინვესტიციო ფონდები და საგადახდო სერვისები. აღსანიშნავია პროექტის დახმარება „ფინტეკისა“ და საფინანსო სერვისების მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით რეფორმების დაწყებაში, საკრედიტო-საგარანტიო პროგრამის გაძლიერებაში, ფინანსური ინფრასტრუქტურის განახლების ინიცირებაში - ციფრული გადახდებისა და მოძრავი აქტივების საფუძველზე სესხების გაცემის ხელშესაწყობად - და სადაზღვევო ბაზრის განვითარების დასაჩქარებლად.
საწარმოთა ფინანსური ანგარიშგების გაძლიერების მრავალმხრივმა პროგრამამ აამაღლა ფინანსური გამჭვირვალობა, რაც ფინანსურ სერვისებთან უკეთეს წვდომას შეუწყობს ხელს. პროექტის მხარდაჭერით, კერძოდ, ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების მიმართულებით მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ტრენინგების ჩატარების საშუალებით, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ფინანსური ანგარიშგების ხარისხი, რასაც შედეგად მოჰყვა საშუალო საწარმოების 85 პროცენტის და მცირე ფირმების 91 პროცენტის მიერ ანგარიშგებების სწორად წარდგენა.
საქართველოს მიერ ფინანსური ანგარიშგების რეფორმის მიმართულებით მიღწეული პროგრესი აღიარებულ იქნა 2022 წლის ანგარიშში სტანდარტების და კოდექსების შესრულების შესახებ ბუღალტრული აღრიცხვის და აუდიტის სფეროში, რომლის პრეზენტაციაც ასევე დღეს გაიმართა. ანგარიში ასევე მოიცავს ახალ რეკომენდაციებს საქართველოში კორპორაციული და სახელმწიფო საწარმოების ფინანსური ანგარიშგების ინსტიტუციური ჩარჩოს შემდგომი გაუმჯობესებისთვის.
პროექტი განხორციელდა მჭიდრო თანამშრომლობით საქართველოს ეროვნულ ბანკთან, ფინანსთა სამინისტროსთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურთან, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სახელმწიფო სამსახურთან და კერძო და სახელმწიფო სექტორების სხვა დაინტერესებულ მხარეებთან.
უახლესი