აჭარის მთავრობამ 2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტის შედგენაზე ინტენსიურად მუშაობს. რეგიონის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ სამინისტროების და სხვადასხვა მხარჯავი დაწესებულებების 2025 წლის პრიორიტეტები აჭარის საკანონმდებლო ორგანოში უკვე წარადგინა, საიდანაც ირკვევა რომ 2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტი 2024 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტთან შედარებით გაზრდილი პარამეტრებით იქნება დაგეგმილი. უკვე ცნობილია, რომ 2025 წლის აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტი შემოსულობების კუთხით 800 000 000 ლარზე იქნება გათვლილი, რაც 2024 წლის გეგმასთან შედარებით 10.1%-იანი ზრდაა. 2025 წელს შემოსულობების პარალელურად გადასახდელების გეგმის ნაწილიც 10,1%-ით გაიზრდება, ხოლო ხარჯები 10%-ით.
არაფინანსური აქტივების ზრდის კუთხით 2025 წლის გეგმა 11,6%-ით მეტი იქნება ვიდრე 2024 წლის გეგმა.
2025 წლისთვის 2024 წლის გეგმასთან შედარებით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დაფინანსება 7,6%-ით გაიზრდება, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაფინანსება 11,1%-ით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსება 4,0%-ით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაფინანსება 29,5%-ით, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსება 10,9%-ით იქნება გაზრდილი.
სამაგიეროდ 2025 წელს 64,8%-ით შემცირდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის დაფინანსება, რაც ლოგიკურია, რადგანაც 2025 წელს 2024 წლისგან განსხვავებით არჩევნების გამართვა აღარ იგეგმება.
აღსანიშნავია, რომ მოცემული პარამეტრები ჯერ კიდევ სამუშაო ვერსიაა და ის წლის ბოლომდე კიდევ უფრო დაიხვეწება და დაკორექტირდება.
უახლესი
4 წუთის წინ
რა სიახლეებს სთავაზობს „ფუსფუსი“ მომხმარებლებს47 წუთის წინ
XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიხსნა