დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა არის საქართველოში ენერგეტიკის დარგის სამი მთავარი გამოწვევა - გიორგი აბრამიშვილის შეფასება

რა არის საქართველოში ენერგეტიკის დარგის სამი მთავარი გამოწვევა - გიორგი აბრამიშვილის შეფასება

04-01-2024 10:00:00

რა გამოწვევები იყო ენერგოსექტორში 2023 წელს და რა სიახლეები დაინერგა? Business Insider Georgia-თან „საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი აბრამიშვილი ენერგოსექტორში არსებულ სამ მთავარ გამოწვევას ასახელებს. 

„ენერგეტიკის დარგის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა სოციალური პრობლემები და ფინანსური მხარდაჭერა.

წელს ფინანსურის კუთხით გარღვევა მოხდა და მეორე მნიშვნელოვანი ნაწილია სოციალური პრობლემები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივ მოსახლეობასთან თანმიმდევრულად მოხდეს მუშაობა იმ ფონზე, როცა 30 წლის განმავლობაში ჰესების წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანიები მიმდინარეობდა საქართველოში. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას სწორად უნდა გავაგებინოთ, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს განახლებადი ენერგიების რესურსის სწორად და გონივრულად ათვისებას და ამ მიმართულებით სამუშაო კიდევ ბევრია.

მესამე გამოწვევაა, გაზრდილი ბიუროკრატია. ამ კუთხითაც სამუშაოა, რათა ინვესტორებს შეექმნათ კომფორტი და ერთი ფანჯრის პრინციპით იმოქმედონ და არ უწევდეთ უწყებებში ბევრი დროს დაკარგვა, ვიდრე პროექტის იმპლემენტაციის ეტაპზე გადავლენ. ბოლო წლების განმავლობაში ბიუროკრატია სულ უფრო იზრდება და მეტი უწყებაა ჩართული პროექტის განხორციელებამდე სხვადასხვა ტიპის ნებართვების გაცემის პროცესში და ეს საკმაოდ ართულებს და ახანგრძლივებს პროექტის განხორციელების ვადებს“, - ამბობს აბრამიშვილი.

მისი თქმით, მსხვილ პროექტებს რაც შეეხება, 2023 წელს ამ მიმართულებითაც გააქტიურდა მთავრობა.

„მიმდინარეობს ხუდონჰესის პროექტის ოპტიმიზაციაზე მუშაობა საინჟინრო კომპანიები არიან ჩართულები, იმისთვის რომ სრულად ხუდონის პროექტის და მისი სქემის ოპტიმიზება მოხდეს, რათა უფრო საინტერესო და მიმზიდველი გახდეს ინვესტორებისთვის და ასევე ისე განხორციელდეს, რომ ადგილობრივ მოსახლეობასთან კონფლიქტი არ მოხდეს.

ესეც წინ გადადგმული ნაბიჯია. ხუდონჰესი იყო პირველი პროექტი, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის დროს მოსახლეობის პროტესტის შედეგად შეჩერდა. ეს პროექტი დღესაც აქტუალურია და მნიშვნელოვანია მისი განხორციელება. ასევე ნენსკრას კუთხითაც გახანგრძლივდა მემორანდუმი, რაც მნიშვნელოვანია და არის მოლოდინი, რომ ნენსკრას პროექტს განახორციელებენ კორეელი ინვესტორები, რომლებიც ამ მიმართულებით გააქტიურდნენ.

ჩვენ ვახორციელებთ ბახვის წყალზე 46 მეგავატიან პროექტს. ეს ყველაზე დიდი პროექტია, რომელიც 2023 წელს დაიწყო. ინვესტიციის მოცულობა 80 მილიონია, რომელიც აშშ-სა და ევროპის საინვესტიციო ფონდებისა და ბანკების დახმარებით ხორციელდება. შესაბამისად ამ პროექტის დასრულების შემდეგ 2025 წელს 200 მილიონი კილოვატ/საათი იქნება გამომუშავება“, - აღნიშნავს აბრამიშვილი. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები