ქობულეთში მდებარე მსხვილი ტურისტული ობიექტი „კასტელო მარე“ მზადაა, ციტრუსის სეზონი აჭარაში ,,მანდარინობის" ფესტივალით გახსნას. ყველაზე ყვითელ ფესტივალი ნოემბერში გაიმართება. სპეციალურად ამ დღისთვის, სასტუმროს ტერიტორია ღია იქნება ყველა მსურველისთვის, რომელსაც სეზონის ყველაზე შთამბეჭდავ და დაუვიწყარ ღონისძიებას შესთავაზებენ.
როგორც სასტუმროს დამფუძნებელი ზანდა მესხიძე Business Insider Georgia- თან ამბობს, რომ ღონისძიებისთვის სასტუმრო „კასტელო მარეს“ ტერიტორიაზე მოეწყობა სანახაობა თემატური დეკორაციებით და განათებებით, ჩატარდება მასტერკლასები და მრავალი სხვა აქტივობა.
ფესტივალი მასშტაბურ სახეს მიიღებს.
,,ფესტივალი გააერთიანებს სტუმარ-მასპინძლობის სფეროს და აჭარაში ციტრუსის მოსავლის აღების ტრადიციას უფრო მრავალფეროვანს გახდის. ჩვენი მიზანია, სწორად შევფუთოთ და გამოვიტანთ გასაყიდად ქართული ციტრუსი და ქვეყნის გარეთ უფრო ცნობადი და პოპულარული გავხადოთ. თუკი ტურისტულად რთველი საინტერესო და მასშტაბურია, ასეთივეა ,,მანდარინობა", რომლის უნიკალური ტრადიცია დავამკვიდრეთ. ღონისძიების ფარგლებში ვგეგმავთ სხვადასხვა აქტივობას, როგორიცაა მანდარინის შეგროვება სასტუმროს ციტრუსის ბაღებში, ქართული კერძების მასტერკლასი და დეგუსტაცია, ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი, ქართული ცეკვების მასტერკლასი, ბარმენ შოუ და სხვა.
,,მანდარინობის“ ფესტივალი ღია იქნება ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის. დასწრება შეეძლებათ როგორც სასტუმროს სტუმრებს, ასევე გარედან შემოსულ ნებისმიერ ვიზიტორს", - აცხადებს ზანდა მესხიძე.
ცნობისთვის, ,,მანდარინობა" პირველად საქართველოში 2019 წელს გაიმართა. ფესტივალი ერთ-ერთი აქტივობაა, იმისთვის, რომ შემოდგომის სეზონი ტურისტულად უფრო მიმზიდველი გახდეს და ამავე დროს ქართული ციტრუსის პოპულარიზაციას შეეწყოს ხელი.
Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი
Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი
უახლესი