ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ყაზახური ნავთობის ტრანზიტმა აპრილიდან სექტემბრამდე 609 ათასი ტონა შეადგინა.
ამის შესახებ აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა ფარვიზ შაჰბაზოვმა ყაზახეთში შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის პირველ ენერგეტიკულ ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა.
„ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით გადაზიდული ყაზახური ნავთობიდან 493 ათასი ტონა ჯეიჰანის პორტიდან მსოფლიო ბაზრებზე გაიგზავნა“, - განაცხადა აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, წლის ბოლომდე BTC-ით ყაზახური ნავთობის ტრანზიტის მთლიანი მოცულობა 1,1 მილიონ ტონას მიაღწევს.
შეგახსენებთ, რომ სააქციო საზოგადოება “KazTransOil” (ყაზახეთის რესპუბლიკის ნავთობსადენების კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს ნავთობის შიდა ბაზარზე ტრანსპორტირების, ტრანზიტის მიზნებისთვის და ექსპორტის მომსახურებას) გეგმავს ბაქოს საერთაშორისო საზღვაო სავაჭრო პორტში 1,4 მილიონი ტონა ნავთობის გაგზავნას.
აღსანიშნავია, რომ KazTransOil-მა 2023 წლის პირველ რვა თვეში 12-ჯერ გაზარდა ბაქოს პორტში ექსპორტირებული ყაზახური ნავთობის მოცულობა. ამრიგად, აქტაუს პორტიდან ყაზახური ნავთობის ექსპორტისთვის გადაგზავნილმა მოცულობამ მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში 2,164 მლნ ტონა შეადგინა, რაც 759 ათასი ტონით, ანუ 54 პროცენტით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. (მათ შორის 520 ათასი ტონა თენგიზის საბადოდან, 252 ათასი ტონა დუნგას საბადოდან, 1,385 მილიონი ტონა ბუზაჩის ნახევარკუნძულის საბადოებიდან და 7 ათასი ტონა კაშაგანის საბადოდან).
აქტაუს პორტიდან საექსპორტოდ ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირების მოცულობის ზრდა ბაქოს პორტში გადაზიდული ნედლეულის მოცულობის ზრდით არის განპირობებული, რაც 69 ათასი ტონიდან 838 ათას ტონამდე გაიზარდა.
უახლესი