დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
პროკურატურამ ,,თიბისი ბანკი"-ს კუთვნილი თანხის მოტყუებით დაუფლებისთვის ერთი პირი დააკავა

პროკურატურამ ,,თიბისი ბანკი"-ს კუთვნილი თანხის მოტყუებით დაუფლებისთვის ერთი პირი დააკავა

13-10-2023 18:04:48

საქართველოს პროკურატურამ ,,თიბისი ბანკი"-ს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ერთი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულის კუთვნილ საწარმოს, სარგებლობაში მიღებული ჰქონდა პოს ტერმინალი, რომელიც ბანკთან სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, კომპანიის წარმომადგენელს ანიჭებდა შესაძლებლობას, რეალურად გაწეული მომსახურების ღირებულება მისივე კლიენტის საბანკო პლასტიკური ბარათიდან ჩამოეჭრა.

ბრალდებულმა და მისმა თანამზრახველებმა  ,,თიბისი ბანკი"-ს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დასაუფლებლად, თითქოსდა საწარმოს კლიენტებისთვის გაწეული მომსახურების საფასურის ჩამოჭრის მიზნით, უკანონოდ მოპოვებული უცხოური საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული პლასტიკური ბარათების მონაცემები შეიყვანეს ბრალდებულის კუთვნილი საწარმოს პოს ტერმინალში, რის შედეგადაც ,,თიბისი ბანკ''-ს მიმდინარე ბალანსიდან ჩამოაჭრეს 90 660 ლარი, მიღებულ თანხას კი მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ.

ვინაიდან კომპანიის მხრიდან მომსახურების გაწევას ადგილი არ ჰქონია და ბარათის მფლობელთა ნების საწინააღმდეგოდ განხორციელებული ტრანზაქციები გასაჩივრდა საერთაშორისო საგადამხდელო სისტემის მეშვეობით,  ბანკისთვის მიმდინარე ბალანსიდან უკანონოდ ჩამოჭრილი თანხების ანაზღაურება პლასტიკური ბარათების გამცემი უცხოური საბანკო დაწესებულებების მიერ აღარ განხორციელდა, რითაც თიბისი ბანკს დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი მიადგა.

დაკავებულს ბრალდება წინასწარი  შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდა.

საქართველოს გენერალური პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების, ასევე ანალოგიური საქმიანობით დაკავებული სხვა პირების გამოვლენისა და მხილების მიზნით.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები