დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
პროფესიულ განათლებაში საჯარო - კერძო პარტნიორობის განვითარება მნიშვნელოვანია - მაგდა მაღრაძე

პროფესიულ განათლებაში საჯარო - კერძო პარტნიორობის განვითარება მნიშვნელოვანია - მაგდა მაღრაძე

23-10-2024 12:00:00

ქვეყანაში დასმების პრობლემის და პროფესიული კადრების დეფიციტის აღმოფხვრის გადაჭრის ყველაზე სწრაფი და მარტივი გზა არის ის, რომ მეტი ადამიანი ჩაერთოს პროფესიულ განათლებაში - მიიჩნევს  ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე, რომელიც „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ს სტუმარი იყო.

როგორც მაგდა მაღრაძე ამბობს ბიზნეს კონკრეტულ მიმართულებაში კვალიფიკაციური კადრები ესაჭიროება და ხშირად ვერ პოულობს.

„2012 წლიდან მოყოლებული დღემდე ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ინვესტიციების შემოდინების, ბიზნესის განვითარების ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა არის ქვეყანაში არარსებული საკმარისი სამუშაო ძალა და საკმარისი რაოდენობის კვალიფიკაციის და გამოცდილების სპეციალისტები. პრობლემა საკმაოდ ღრმაა. ამ საკითხის ყველაზე სწრაფი და მარტივი გადაჭრის გზა არის უფრო მეტი ადამიანი ჩაერთოს პროფესიულ განათლებაში და უფრო იაქტიუროს კერძო სექტორმა, ბიზნესმა, რომ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ერთად შესთავაზოს ისეთი საგანმანათლებლო პროგრამები და იმ კვალიფიკაციის მიმართულებებში, რომელიც ბიზნეს ესაჭიროება. ხშირად არის, რომ რესურსი ისედაც მცირეა და მე ვიტყოდი, რომ ეს რესურსი ხანდახან იფლანგება და ახალგაზრდა ან ზრდასრული ადამიანი, რომელსაც უნდა ახალი პროფესიის დაუფლება მიდის უმაღლეს განათლებაში, რაც თავისთავად ბრწყინვალეა და კარგია, მაგრამ ამ დროს ბიზნესი ვითარდება მას სპეციალისტი ესაჭიროება, სპეციალისტს ვერ პოულობს და ეს უზარმაზარი გამოწვევა გახლავთ, რაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას ხელს უშლის“,- აცხადებს მაგდა მაღრაძე.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ ქვეყანაში არის მაგალითები, როდესაც კერძო სექტორი აქტიურადაა ჩართული პროფესიული განათლების სექტორში და კადრების მომზადებაში. მაგდა მაღრაძემ საერთაშორისო გამოცდილებაზეც ისაუბრა და წარმატებული ქვეყნების მაგალითებიც მოიყვანა. 

„საქართველოში არის რამდენიმე მაგალითი, როდესაც კომპანია ჩართულია განათლების სისტემაში, განსაკუთრებით პროფესიული განათლების მიმართულებით და ათასწლეულის ფონდი 2017 წლიდან ხელს უწყობს, რომ მსგავსი მაგალითები გავაცნოთ საზოგადოებას. ჩვენ ვახორციელებთ პროფესიულ განათლების ეროვნულ ჯილდოს, რომელშიც ერთ-ერთი კატეგორია გახლავთ ბიზნეს-პარტნიორი პროფესიული განათლების, რათა ვაჩვენოთ სხვადასხვა კომპანიებს საქართველოში რომ რისი გაკეთებაა შესაძლებელი პროფესიულ განათლებაში. 

გლობალურად ჩვენ გვყავს რამდენიმე წარმატებული ქვეყანა, რომელიც ითვლება, რომ პროფესიულ განათლებაში არის კარგი მაგალითი თუ რა შეიძლება გაკეთდეს. ეს ძირითადად არის დასავლეთ ევროპის ქვეყნები: გერმანია, შვეიცარია, ავსტრია და სხვა. ასევე გაქვს კარგი მაგალითები სამხრეთ კორეაში, სინგაპურში. თუმცა მე უფრო შევხედავდი პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებს, როგორცაა ესტონეთი, პოლონეთი, სლოვაკეთი -  ამ ქვეყნებმა ძალიან დიდი წარმატებას მიაღწიეს პროფესიულ განათლებაში. 

ეს ქვეყნები ჩვენთვის უფრო პრაქტიკული და ახლო მაგალითია. ერთ-ერთი გამოწვევა ჩვენთვის არის ის, რომ ბიზნესი საქართველოში არის ახალგაზრდა და რთულია, რომ ახალ ბიზნესს, ძირითადად საშუალო და მცირე ბიზნესს მოსთხოვო, რომ უფრო აქტიურად ჩაერთონ პროფესიულ განათლებაში. ამ ჩართვასაც სჭირდება ცოდნა, რესურსი როგორც ფინანსური ასევე ადამიანური და ხშირად ეს კომპანიებს არ აქვთ. 

რა გააკეთა მაგალითად ესტონეთმა, რაც ძალიან გასათვალისწინებელია და ვთვლი, რომ ჩვენც იგივე გზას უნდა დავადგეთ. პროფესიული განათლების განვითარებისა და ზოგადად განათლების სტრატეგია მიაბა ეკონომიკური განვითარების ეროვნულ გეგმას, სტრატეგიას და მიზნებს. ეს საკმაოდ მნიშვნელობანი, თუმცა რთულად განსახორციელებელია. ვიტყოდი, რომ ეს ჩვენი ქვეყნის მთავარი პრიორიტეტი უნდა გახდეს, არის კიდევაც, მაგრამ ნათლად უნდა დავინახოთ სად მიდის ჩვენი ეკონომიკა და სად გვჭირდება სპეციალისტები“, - აცხადებს მაღრაძე.

მისივე თქმით, საქართველოში განათლების სექტორში 2013 წლიდან არსებობს პროგრამა, რომელიც ხელს უწყობს ადამიანური კაპიტალის განვითარებას.

„2013 წლიდან მოყოლებული დღემდე ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯი და პროგრამა გაქვს საქართველოში განათლების სექტორში, რომელიც ხელს უწყობს ადამიანური კაპიტალის განვითარებას. რა შეიძლება გაკეთდეს და რა უნდა გაკეთდეს, ძალიან მნიშვნელოვანია საჯარო კერძო პარტნიორობის განვითარება პროფესიულ განათლებაში, რადგანაც იმ ქვეყნებში, სადაც განსაკუთრებით წარმატებულია პროფესიული განათლება, დამსაქმებელი და ინდუსტრია სახელმწიფოსთან ერთად ავითარებს პროფესიული განათლების სექტორს - ხდება რესურსების გადანაწილება, ხდება მეტი ინვესტიციის მოზიდვა, როგორც სახელმწიფო ისე კერძო სექტორის მხრიდან და ასევე დონორებისგან, რომლებიც საქართველოში აქტიურად არიან ჩართულები პროფესიულ განათლებაში“, - აცხადებს მაგდა მაღრაძე.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები