საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინებაზე დასკვნა გამოაცხადა.
საკონსტიტუციო სასამართლომ სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა. გადაწყვეტილება საკონსტიტუციოს თავმჯდომარე, მერაბ ტურავამ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.
გადაწყვეტილებაზე განსხვავებული პოზიცია ჰქონდათ მოსამართლეებს - ირინე იმერლიშვილს, გიორგი კვერენჩხილაძისა და თეიმურაზ ტუღუშს.
დასკვნა საბოლოოა და გასაჩივრებას, ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
"ქართული ოცნების" ავტორობით მომზადებული წარდგინება ოქტომბრის დასაწყისში საკონსტიტუციო სასამართლოს 9 მოსამართლისგან შემდგარმა პლენუმმა განიხილა.
პრეზიდენტი სხდომას არ ესწრებოდა. მის ინტერესებს სასამართლოში იურისტები თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი იცავდნენ.
წარდგინების ავტორების სახით სხდომას ესწრებოდა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და მმართველი პარტიის სხვა წევრები: ანრი ოხანაშვილი, გიორგი კახიანი და თენგიზ შარმანაშვილი.
შეგახსენებთ, პრეზიდენტმა 30 აგვისტოს კანდიდატის სტატუსის მხარდაჭერის მოპოვების მიზნით, ევროპული ტურნეს დაწყების შესახებ გამოაცხადა. 31 აგვისტოს, სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში ვიზიტისას შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს. რის შემდეგაც „ქართულ ოცნებაში“ განაცხადეს, რომ პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუცია უხეშად დაარღვია. 1-ელ სექტემბერს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდი პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს.
უახლესი
1 საათის წინ
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან გამყარდა