დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
პლატფორმის გაშვებისთანავე 2000 სტუდენტი დარეგისტრირდა - რას გეგმავს Roommate.ge საქართველოს ბაზარზე

პლატფორმის გაშვებისთანავე 2000 სტუდენტი დარეგისტრირდა - რას გეგმავს Roommate.ge საქართველოს ბაზარზე

10-01-2024 14:21:00

როგორ მუშაობს პლატფორმა roommate.ge, რომელიც ბინების გაქირავების ბაზარზე ერთი წლის წინ გამოჩნდა. რა არის პლატფორმის მთავარი კონკურენტული უპირატესობა და ვინ სარგებლობს ამ სერვისით, ამ და სხვა საკითხებზე Business Insider Georgia პლატფორმის დამფუძნებელს თაკო გამყრელიძეს ესაუბრა:

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის თურქეთში, საქართველოა და იტალიაში და სხვა..  სტუდენტები გამოდიან ქუჩაში და ბინის ქირის მაღალ ფასებსა და სტუდენტური საცხოვრებლების დეფიციტს აპროტესტებენ. ბინის ქირის ყოველწლიურ ზრდასთან ერთად სტუდენტური საცხოვრებელი კიდევ უფრო დიდი გამოწვევა ხდება.

ამ პრობლემის გადასაჭრელად, ერთი წლის წინ, გადავწყვიტეთ შეგვექმნა პლატფორმა, რომელიც სტუდენტებს დაეხმარებოდა ინტერესების მიხედვით ეპოვათ ერთმანეთი, გამხდარიყვნენ ოთახის მეზობლები ბინის ქირის ხარჯის გაყოფის მიზნით.
პლატფორმის გაშვებისთანავე 2000 სტუდენტი დარეგისტრირდა, თუმცა მომხმარებელთან კომუნიკაციის შედეგად მივხვდით, რომ რეალურად უფრო დიდი პრობლემა არსებობს, რომელიც ბინის მეპატრონეებთან არის დაკავშირებული. 

ხელმისაწვდომი ბინების არ არსებობის მიზეზი ასევე აღმოჩნდა ის, რომ ბინის მეპატრონეები არ ენდობიან  სტუდენტებს  და არ სურთ მათ მიაქირაონ ბინა ორი ძირითადი შიშის გამო: 

  • ფიქრობენ, რომ სტუდენტები ბინას დაუზიანებენ და არ მოუფრთხილდებიან 

  • ბინის მეპატრონეებს არ სჯერათ, რომ სტუდენტები მათ თანხას დროულად გადაუხდიან 

ამის შემდეგ ჩვენი მიზანი ასე დავსახეთ - რა ღირებულება უნდა შევუქმნათ ბინის მეპატრონეებს, რომ მათ ბინები სტუდენტებზე თავისუფლად გააქირაონ?

სწორედ ამ მიზეზის გამო, პლატფორმაზე დავამატეთ ბინის მეპატრონეებისთვის ახალი ფუნქციონალი, რათა გაგვენეიტრალებინა მათი შიშები და დამატებითი ღირებულება შეგვექმნა ბინის სტუდენტებზე გაქირავების შემთხვევაში: 

  • ჩვენი პლატფორმის დახმარებით ბინის მეპატრონეები იღებენ ბინის ფოტოებს ყოველთვე სტუდენტებისგან, რათა დარწმუნდნენ, რომ მათ სახლში ყველაფერი წესრიგშია.

  •  თითოეულ ჩვენს გაქირავებულ სახლში, ერთ-ერთი სტუდენტი დანიშნულია, როგორც ლიდერი, რომელიც ზრუნავს სახლის მოვლაზე და ბინის დაზიანების თავიდან არიდებაზე,  რის გამოც იღებს სხვადასხვა ფინანსურ ბენეფიტებს. 

  • მდგმურების შემოწმება; 

  • ონლაინ გადახდები, თანხის შეგროვება; 

  • კარგად გაწერილი Terms and Conditions, რათა ბინის მეპატრონე მაქსიმალურად დაცულად გრძნობდეს თავს; 

  • დეპოზიტის და დაზღვევის უზრუნველყოფა;

ჯამურად Roommate ერთი მხრივ სტუდენტებს აძლევს საშუალებას იპოვონ ოთახის მეზობლები, ხელმისაწვდომი ბინა და გაიყონ ბინის ქირის ხარჯი. მეორეს მხრივ ბინის მეპატრონეებს ეხმარება გაქირავების შემდგომი პროცესების მართვაში, ბინის დაზიანების თავიდან აცილებასა და კომუნიკაციის ხარჯების შემცირებაში.

რა არის თქვენი კონკურენტული უპირატესობა სხვა მსგავსი პროფილის კომპანიებთან შედარებით და რა განსხვავებული სერვისი გაქვთ?

ჩვენი მთავარი კონკურენტები არიან student.com, ambestudent.com და Doorloop.com.
კონკურენტებისგან  გამოგვარჩევს ჩვენი ფოკუსი გაქირავების შემდგომ პროცესებზე, ჩვენ კონცენტრირებულები ვართ ბინის მეპატრონეებზე და მაქსიმალურად ვზრუნავთ, რომ თავი იგრძნონ მშვიდად, სტაბილურად და დაცულად. განსხვავებით, ჩვენი კონკურენტებისგან, რომლებისთვისაც მთავარია ერთჯერადად ბინის გაქირავება. ეს შესაძლებლობას გვაძლევს გრძელვადიანი პერსპექტივით სტუდენტებისთვის შევქმნათ ბინის უკეთესი შეთავაზებები, რადგან მთავარ ღირებულებას ბინის მეპატრონეებს ვუქმნით. 

რამდენმა ადამიანმა ისარგებლა თქვენი სერვისით და როგორია მომსახურების ფასები?

ამ ეტაპზე გვყავს 3000-მდე რეგისტრირებული სტუდენტი პლატფორმაზე და 40-მდე გაქირავებული ბინა.
გვაქვს ორი შემოსავლის წყარო: 

  • ერთჯერადი შემოსავალი ბინის გაქირავებიდან, რომელიც წარმოადგენს ერთი თვის ღირებულებას  - ბინის მეპატრონე იხდის თანხას.

  • ყოველთვიური შემოსავალი, რომელიც არის ბინის ქირის 5-10%-მდე საკომისიო; გასათვალისწინებელია, რომ Post-rental care-ში ბინის მეპატრონეები არაფერს არ გვიხდიან, არამედ ჩვენ ვამატებთ საკომისიოს ბინის ქირას.
     

როგორ შეაფასებდით გაქირავების ბაზარზე შექმნილ ვითარებას და ვინ არის თქვენი სერვისის ძირითადი მომხმარებლები?

ჩვენი ძირითადი მომხმარებლები არიან სტუდენტები, რომლებიც იცვლიან საცხოვრებელ ადგილს და ასევე დაკავებული ბინის მეპატრონეები, რომლებსაც სჭირდებათ დახმარება გაქირავების შემდგომი პროცესების მართვაში.

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ისეთ იდეაზე ვიმუშაოთ, რომელიც მასშტაბური და და გლობალური პრობლემაა. 

ამჟამად, გლობალურად სტუდენტების საცხოვრებლის ბაზარი ემსახურება 235 მილიონ სტუდენტს, მათგან 70% არ ცხოვრობს უნივერსიტეტის საცხოვრებელში. გარდა ამისა, პანდემიის შემდეგ იზრდება დიჯითალ ნომადების რაოდენობა და კვლევების თანახმად 2030 წლისთვის 100 მილიონს მიაღწევს. 

თავდაპირველად ჩვენ საწყისი სამიზნე ბაზარი წარმოადგენს საქართველოსა და თურქეთში ადგილობრივ და საერთაშორისო სტუდენტებს, რომლებმაც შეიცვალეს საცხოვრებელი ადგილი. ჯამურად მათი რაოდენობა შეადგენს 4,023,200.
 

რა ტიპის ბინებზე და რომელ უბნებზეა ძირითადი მოთხოვნა?

სტუდენტებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია საცხოვრებელი იქირაონ უნივერსიტეტთან ახლოს ან მეტროსთან ახლოს. ყველაზე მეტად მოთხოვნადია 2 და 3 საძინებლიანი ბინები, რადგან ამ შემთხვევაში უფრო მარტივია რამდენიმე სტუდენტმა გაიყოს ხარჯი და შედარებით ნაკლები თანხის გადახდის საშუალება ჰქონდეთ.

რა სიახლეებს გეგმავს კომპანია 2024 წელს?

2024 წელს სამ მთავარ სიახლეზე ვმუშაობთ: 

  1. პროდუქტის განვითარება: ამ ეტაპზე ვცდილობთ პლატფორმაზე გავმართოთ ყველა პროცესი ისე, რომ სტუდენტებს ჩვენი დახმარების გარეშე შეეძლოთ ქირაობის პროცესების გავლა, ბინის მეპატრონეებს კი გაქირავების შემდგომი პროცესების მართვა; 

  2. ინვესტიციების მოძიება: 2024 წელს ვგეგმავთ, რომ მოვიძიოთ ინვესტორები და გავხსნათ საინვესტიციო რაუნდი; 

  3. ახალი ბაზრის მოკვლევა: გარდა ამისა ვგეგმავთ უცხოურ ბაზრებზე ექსპერიმენტების ჩატარებას, რომ შევარჩიოთ სწორი ბაზარი საზღვარგარეთ პროდუქტის გასატანად. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები