6 თვეზე მეტია, რაც მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი ვართ და დაახლოებით 100 მილიონი ლარი გვაქვს დახურდავებული ამ ეტაპზე და 3 000-ზე მეტი მომხმარებელი გვყავს, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს პლატფორმა Kursi.ge-ს დამფუძნებელმა ნინო კუპრაშვილმა განუცხადა.
„ყოველ თვე ორმაგდება ვალუტის კონვერტაცია და მომხმარებელთა რეგისტრაციის მაჩვენებელი. შესაბამისად დღეში საშუალოდ სამ მილიონ ლარს ვაკონვერტირებთ, ეს ხდება 200-ზე მეტი ტრანზაქციით.
Kursi.ge არის ვალუტის გადახურდავების ერთადერთი ონლაინ პლატფორმა საქართველოში. სხვა პლატფორმად შეგვიძლია ჩავთვალოთ ინტერნეტბანკები, რომლებთან შედარებითაც ჩვენი კურსი ბევრად უკეთესია“,- ამბობს Kursi.ge -ს დამფუძნებელი.
რაც შეეხება კონკურენციას ბაზარზე, ამ ეტაპზე Kursi.ge ბაზარზე ერთად-ერთი პლატფორმაა.
„რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს ამ შემთხვევაში უნდა გამოიტანო ფული და ისე გადაახურდაო და შესაბამისად დრო და ენერგია დაკარგო. ჩვენ ვთავაზობთ მომხმარებლებს ვალუტის ჯიხურებში არსებულ ფასად დახურდავებას, რაც არის ჩვენი კონკურენტული უპირატესობა“, - ამბობს Kursi.ge -ს დამფუძნებელი.
მისი თქმით, პლატფორმის გამოყენება ძალიან მარტივია.
„მომხმარებელი უნდა შევიდეს Kursi.ge-ს ვებგვერდზე, მიუთითოს რა მოცულობის თანხის დახურდავება უნდა და იქვე იწერება, რამდენს მიიღებს შესაბამის ვალუტაში. შემდეგ დააკოპირებს ანგარიშის ნომერს და საკუთარი ინტერნეტბანკინგიდან Kursi.ge -ს ანგარიშზე გადმოუშვებს თანხას და კონვერტირების შემდეგ თანხა მომხმარებელს ავტომატურად უბრუნდება უკან შესაბამის ანგარიშზე“- ამბობს ნინო კუპრაშვილი.
რაც შეეხება სიახლეებს, როგორც პლატფორმის დამფუძნებელი ამბობს, Kursi.ge -ს ახლახან დაემატა ევრო-დოლარის კონვერტაცია.
„ვაპირებთ ვალუტის გადარიცხვის დამატებას, რის შედეგადაც მომხმარებელი ერთი ბანკიდან მეორეში ვალუტის უფრო დაბალ ფასში გადარიცხვას შეძლებს. თუ ერთი ბანკიდან მეორეში ვალუტის გადარიცხვა ჯდება $25 - ფარგლებში, Kursi.ge ამას უფრო დაბალ ფასად შესთავაზებს.
დღეს ვთანამშრომლობთ თიბისი და საქართველოს ბანკთან. ვაპირებთ რომ ბანკების რაოდენობა გავაფართოოთ. დღეს მომხმარებელს კონვერტაცია მხოლოდ ევროთი და დოლარით შეუძლია. ასევე ვაპირებთ, რომ დავამატოთ სხვა ვალუტები. უახლოეს 6 თვეში ვეცდებით ეს ცვლილებები ეტაპობრივად შევიტანოთ. სხვა ბანკებში Kursi.ge -ს პლატფორმის გამოყენებით ვალუტის გადარიცხვა ოქტომბრიდან იქნება შესაძლებელი“, - ამბობს პლატფორმის დამფუძნებელი.
Kursi.ge მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი გახდა 2024 წლის მარტში, ხოლო ამ პროექტზე მუშაობა დამფუძნებლებმა დაახლოებით წლინახევრის წინ დაიწყეს.
უახლესი