საკმაოდ აქტიური იყო 2023 წელი და მიღწეულმა შედეგებმა მოლოდინს გადააჭარბა.
„ტენეს“ ცნობადობა გაიზარდა და ძალიან ბევრ კომპანიასთან დავიწყეთ თანამშრომლობა, - ამის შესახებ Business Insider Georgia-თან „ტენეს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი ბურჭულაძემ განაცხადა.
„ბევრი კომპანია ჩაერთო გარემოს დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლაში და ვფიქრობ, ამაში საკმაოდ დიდი წვლილი შევიტანეთ. უკვე 200-მდე კომპანიასთან ვთანამშრომლობთ, სადაც ჩვენი ურნებია განთავსებული. თანამშრომლები აგროვებენ პლასტმასის ნარჩენებს, რის გადამუშავებასაც ვახდენთ და ვაძლევთ ახალ სიცოცხლეს. ასევე 2023 წელს დავიწყეთ ახალი პროექტი და 100 სკოლას უსასყიდლოდ გადავეცით ურნები, სადაც სკოლის მოსწავლეები პლასტმასას აგროვებენ და სკოლებს შორის შეჯიბრიც კი დაიწყო. ასევე სკოლებში მივდივართ და ვატარებთ ლექციებს და სკოლებში ამ პროექტთან მიმართებით დიდი გამოხმაურება დაიწყო“, - ამბობს კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი .
მისი თქმით 2024 წელს „ტენე“ რეგიონებში შესვლას გეგმავს. კერძოდ, დიდ ქალაქებში - ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდსა და თელავში „ტენეს“ პლასტმასას ჩასაბარებელი პუნქტები გაიხსნება, სადაც მომხმარებელი მიიტანს პლასტმასის ნარჩენებს და კომპანიის ვირტუალური ქულები დაერიცხება, რითაც „ტენეს“ ვებგვერდზე გარკვეული პროდუქციის შეძენას შეძლებენ.
ამასთან, „ტენეს“ აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ 2023 წელს პლასტმასას ჩაბარება 300%-ით გაიზარდა.
„ეს გამოიწვია მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლებამ. მოქალაქეებს გამოუმუშავდათ ჩვევა და პლასტმასის ნარჩენებს აგროვებენ. გაყიდვები 2022 წელს რომ შევადაროთ, მხოლოდ USB კაბელის შემთხვევაში დაახლოებით 50%-ით არის გაზრდილი და დღეში 12-დან 15 ათას კაბელამდე იყიდება. ქსელი საქართველოს მასშტაბით სრულად დავფარეთ. მანამდე 2000-მდე მაღაზიაში ვიყავით წარმოდგენილი, თუმცა 2023 წელს მივაღწიეთ 3000-იან ნიშნულს. ახლა გვაქვს მოლაპარაკებები დიდ ქსელურ მარკეტებთან“, - ამბობს ირაკლი ბურჭულაძე.
შეგახსენებთ, რომ „ტენეს“ ოფისსა და ქარხანაში დასაქმებულია 50-მდე თანამშრომელი. ქარხანა მდებარეობს წეროვანში, სადაც ძირითადად 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად დევნილი მოსახლეობაა დასაქმებული.
უახლესი