ქართული კოსმეტიკური ბრენდის Piel Naturals-ის ფრანჩაიზით ქუვეითში აგვისტოს ბოლომდე მაღაზია გაიხსნება. როგორც Business Insider Georgia-სთან კომპანიის დამფუძნებელმა თათუკა ლომაძემ განაცხადა, ქუვეითის მაღაზიის შესავსებად პროდუქცია უახლოეს პერიოდში გაიგზავნება.
Piel Naturals-ის პროდუქცია ქუვეითის ბაზარზე აქამდეც აქტიურად იყიდებოდა, თუმცა პირველი მაღაზიის გახსნის შემდეგ ქართულ კოსმეტიკურ პროდუქციაზე მოთხოვნა გაიზარდა, მით უმეტეს, რომ კომპანიამ ბოლო პერიოდში ასორტიმენტიც გაზარდა. ქართული ბრენდის გეგმებშია კიდევ არაერთი პროდუქტის გამოშვებაც.
„ქუვეითში ვაგზავნით ექსპორტს, რომ მაღაზია შეივსოს და აგვისტოში უკვე ობიექტი გაიხსნება. ქუვეითში უფრო მოთხოვნადი ქალის ხაზი იქნება, თუმცა მამაკაცის ხაზიც აქტიურად იქნება წარმოდგენილი. აღსანიშნავია, რომ საქართველოში მამაკაცის ხაზზე უფრო მაღალი მოთხოვნაა, ვიდრე ქუვეითში, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ქუვეითში მაღაზიის გახსნაზე ბევრი მამაკაცი იქნება, გვაქვს სურვილი, წვერის მოვლის საშუალებები უფრო პოპულარული გავხადოთ, რაც იქ ჯერჯერობით დიდად აქტუალური არ არის“, - განმარტავს თათუკა ლომაძე.
Piel Naturals-მა მამაკაცის ხაზის მნიშვნელოვნად გააფართოვა და ბაზარზე ერთდროულად რამდენიმე ახალი პროდუქტი გამოაქვს. „სხვადასხვა მიმართულებაში ვამატებთ პოზიციებს. გვექნება მამაკაცის დუშ-გელი, წვერის ზეთი, ბალმი, ცვილი სხვადასხვა არომატებით, სახის და ტანის საპონი. მამაკაცის ხაზის მიმართულებით დიდი ხანია სიახლეებია არ გვქონია. ამიერიდან კი მომხმარებლებსს მამაკაცის სასაჩუქრე ნაკრებების ფართო ასორტიმენტი ექნებათ“, - აცხადებს Piel Naturals-ის დამფუძნებელი.
Piel Naturals აქტიურად მუშაობს როგორც ადგილობრივ ისე საექსპორტო ბაზრებზე. კომპანიის პროდუქცია აქტუალური და მოთხოვნადია კატარში. ამავდროულად კომპანია ევროკავშირის ბაზარზე გასასვლელადაც ემზადება.
„პროდუქცია ექსპორტზე კატარშიც გაგვაქვს, თუმცა სხვა ბრენდით ვართ წარმოდგენილი. ამ ბაზრისთვის თაფლის პროდუქციას ვაწარმოებთ. პარალელურად ვემზადებით ევროკავშირის ბაზარზე შესასვლელად და ერთი წლის განმავლობაში აქაც ვიქნებით წარმოდგენილი, თუმცა მანამდე ჩვენი პროდუქცია საფრანგეთში ონლაინ გაიყიდება. ჯერჯერობით პროდუქციას შეკვეთების მიხედვით გავგზავნით, დაახლოებით ნახევარ წელში, ალბათ, საკუთარი საწყობის გახსნასაც მოვახერხებთ და Piel Naturals-ის პროდუქცია მომხმარებლამდე უფრო მალე მივა“, - ამბობს Piel Naturals-ის დამფუძნებელი.
Piel Naturals-ის სურვილია აშშ-სა და ჩინეთის ბაზარზე შესვლაც, ამ მიზნის მისაღწევად კომპანია ინტენსიურად მუშაობს, მით უმეტეს, რომ დაინტერესება ამ ორივე ქვეყნიდან არსებობს.
საექსპორტო ბაზრების გარდა Piel Naturals-ი გაფართოებას გეგმავს ადგილობრივ ბაზარზეც. კომპანიის გეგმაა 2 წლის განმავლობაში ქვეყანაში უფრო მეტი სავაჭრო ობიექტი ჰქონდეს და წარმოდგენილი იყოს ყველა სავაჭრო მოლში, რომელთა რაოდენობა ქვეყანაში ბოლო წლებში გაიზარდა და კიდევ იზრდება.
„წლის პირველ ნახევარში გაყიდვები გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაზრდილია, ამას ხელი შეუწყო ადგილობრივ ბაზარზე კორპორატიული სეგმენტისთვის სპა მიმართულებების შეთავაზებამ. ქართული სპა პროდუქტების ხაზზე დიდი მოთხოვნაა სასტუმროების მხრიდან, განვაახლეთ შამპუნის ფორმულები, ახლა დიზაინებს ველოდებით და 5 ახალი ფორმულის უსულფატო შამპუნს და კონდიციონერს დაახლოებით ერთ თვეში გამოვუშვებთ “, - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი.
Piel Naturals-ი ქართულ ბაზარზე უკვე 8 წელია ოპერირებს. როგორც კომპანიის დაფუძნებული ამბობს, თავიდან კოსმეტიკურ ბიზნესში საქმიანობა ერთი პროდუქტით დაიწყეს და ახლა 150-მდე პროდუქტს აერთიანებს.
„პირველი ჩვენი პროდუქტი იყო კაკაოს კარაქი, რომელიც იტალიიდან ჩამოვიტანეთ, ახლა კი ინგრედიენტები სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოგვაქვს და ვცდილობთ, ჩვენს მიმართულებაში ადგილობრივი, უმაღლესი ხარისხის ნაწარმი გამოვიყენოთ. ეს არის ქართული ყურძნის წიპწის მიმართულება - ყურძნის წიპწის ზეთი, სკრაბები და ყურძნის წიპწისგან მიღებული სხვადასხვა პროდუქტი. სწორედ ყურძნის წიპწისგან ვაწარმოებთ პრემიუმ ხაზის ისეთ კოსმეტიკას, რომელსაც სასტუმრო ქსელებს ასევე რითეილ სექტორს ვაწვდით. პროდუქცია იდეალურად გადის ექსპორტზე და დიდი მოწონებაც აქვს. კოსმეტიკური საშუალებების წარმოებას ვახდენთ თბილისში. საამაყოა, რომ ჩვენს კომპანიას აქვს საერთაშორისო აკრედიტაცია - ISO სტანდარტი. მუდმივად გავდივართ შესაბამის აუდიტებს და მუდმივად ვინარჩუნებთ მაღალ ხარისხს. საამაყოა ისიც, რომ ყურძნის წიპწის კრემებმა გაიარეს კლინიკური ტესტირება იტალიაში და მილანელი დერმატოლოგების მიერ უმაღლესი ხარისხის შეფასება დაიმსახურა. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ ვართ კომპანია, რომელიც კოსმეტიკის საერთაშორისო ბაზარზე ხმამაღალ სიტყვას ამბობს და საქართველოს ამ მიმართულებით აცნობს მსოფლიოს “, - აცხადებს თათუკა ლომაძე.
ბრენდის დამფუძნებელი ამბობს, რომ Piel Naturals-ის გაყიდვები ყოველთვის მზარდია და პროცენტულ მაჩვენებლებს თუ ავიღებთ, ადგილობრივი გაყიდვები, რითეილში ყოველწლიურად დაახლოებით 15-20%-ითაა გაზრდილი. კომპანიის ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში წერია, რომ Piel Naturals-ი არის N 1 ქართული ლიდერი პრემიუმ ბრენდი, რომელიც ნატურალური ინგრედიენტების გამოყენებით ვეგანურ პროდუქციას აწარმოებს.
უახლესი
15 საათის წინ
ახლად არჩეული პარლამენტის სხდომა 10 დღის ვადაში შედგება16 საათის წინ
ისარგებლეთ Meama-ს ექსკლუზიური შეთავაზებებით