საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody’s-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა ნეგატიურიდან სტაბილურამდე გააუმჯობესა, ხოლო რეიტინგი Ba2 დონეზე დაადასტურა.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, პერსპექტივის გაუმჯობესების ძირითადი მიზეზი გეოპოლიტიკური რისკებისადმი საქართველოს მოწყვლადობის უფრო დაბალ დონეზე შეფასებაა.
რეიტინგის ძლიერი მხარეები მაღალი ეკონომიკური ზრდა, შოკების მიმართ ეკონომიკის მდგრადობა, ძლიერი ინსტიტუციონალური ჩარჩო, ფისკალური სტაბილურობა და ინფლაციის შემცირებაა.
სააგენტოს შეფასებით, 2024 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა 5,5 პროცენტის დონეზეა მოსალოდნელი. სააგენტოს მოლოდინით ფისკალური სტაბილურობა მომავალშიც მყარად იქნება შენარჩუნებული, რაც უზრუნველყოფს ვალის დაბალი დონისა და დაღმავალი ტენდენციის შენარჩუნებას.
„დადებითად არის შეფასებული ბოლო წლებში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის დაღმავალი ტენდენცია და მიიჩნეულია, რომ ეს არა დროებითი, არამედ სტრუქტურული გაუმჯობესებაა, რაც ერთი მხრივ მაღალი ფისკალური დისციპლინის, ხოლო მეორე მხრივ, განხორციელებული რეფორმების შედეგია“, - აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უახლესი