დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ოთხი ქვეყნის ცენტრალურმა ბანკმა გასულ კვირას რეფინანსირების განაკვეთი შეამცირა - Business Insider Georgia-ს ანალიტიკა

ოთხი ქვეყნის ცენტრალურმა ბანკმა გასულ კვირას რეფინანსირების განაკვეთი შეამცირა - Business Insider Georgia-ს ანალიტიკა

29-03-2024 14:00:00

გასულ კვირას, მსოფლიოს რამდენიმე ქვეყნის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი შეამცირა და მონეტარული პოლიტიკის შერბილება დაიწყო.

მათ შორისაა შვეიცარია, რომელიც ცენტრალურმა ბანკმაც მონეტარული განაკვეთის შემცირების გადაწყვეტილება 9-წლიანი პაუზის შემდეგ მიიღო. ამასთან, შვეიცარია გახდა პირველი მსხვილი ეკონომიკა, რომელმაც შეამცირა საპროცენტო განაკვეთები მას შემდეგ, რაც ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით 1,5%-მდე დაწია.

შვეიცარიის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირების მიზეზები განმარტა და განაცხადა, რომ ეს უკავშირდება ინფლაციის შემცირებას, რადგან თებერვალში ინფლაციის მაჩვენებელი 1.2%-ს გაუტოლდა.

„მონეტარული პოლიტიკის შერბილება შესაძლებელი გახდა იმის გამო, რომ ინფლაციის წინააღმდეგ ბრძოლა ბოლო ორწელიწადნახევრის განმავლობაში ეფექტური იყო“, - ნათქვამია შვეიცარიის ეროვნული ბანკის განცხადებაში.

„უკვე რამდენიმე თვეა, ინფლაცია ჩამოვიდა 2%-ზე დაბლა და, შესაბამისად, იმ დიაპაზონშია, რასაც SNB ფასების სტაბილურობას უტოლებს“.

ცენტრალურმა ბანკმა განაცხადა, რომ წელს ინფლაციას საშუალოდ 1.4%-ს ნიშნულზე ელოდება, გლობალური ეკონომიკური ზრდა „ზომიერი“ დარჩება მომავალ კვარტლებში, იმ ფონზე, როცა რიგ ქვეყნებში მონეტარული პოლიტიკა მკაცრია.

ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა კრისტინ ლაგარდმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ ბანკს შეუძლია შეამციროს ძირითადი საპროცენტო განაკვეთი ივნისში, თუ ინფლაცია და ხელფასების მონაცემები მის პროგნოზებთან შესაბამისობაში დარჩება.

გასულ კვირას ასევე ცნობილი გახდა, რომ უნგრეთის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 75 საბაზისო პუნქტით 8,25%-მდე შეამცირა.

რეფინანსირების განაკვეთის ტემპი უნგრეთში მას შემდეგ შენელდა, რაც ქვეყნის ეროვნული ვალუტა გაუფასურდა. ამ ფონზე ხელისუფლებასა და ეროვნულ ბანკს შორის მონეტარული პოლიტიკის შესახებ აზრთა სხვადასხვაობა დაფიქსირდა.

უნგრეთის ცენტრალური ბანკის მმართველის მოადგილემ ბარნაბას ვირაგმა განაცხადა, რომ უნგრეთში მკაცრი ფულად-საკრედიტო პოლიტიკა შენარჩუნდება, ხოლო ფინანსური ბაზრების სტაბილურობას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, იმისთვის რომ ინფლაცია ბანკის მიერ დადგენილ სამიზნე მაჩვენებელზე 3%-ზე დაფიქსირდეს. „ინფლაცია 3%-იან სამიზნე მაჩვენებელს დაუბრუნდება 2025 წელს, - განაცხადა ვირაგმა და აღნიშნა, რომ მონეტარული კომიტეტის განაკვეთის 6,5-7%-მდე დაწევის რეალისტურია სცენარის განხორციელება ივნისში გახდება შესაძლებელი. თუმცა, გლობალური გამოწვევებისა და რისკების ფონზე, ცენტრალურმა ბანკმა წლის მეორე ნახევარში უნდა გაატაროს „უფრო ფრთხილი ფულად-საკრედიტო პოლიტიკა“, - განაცხადა უნგრეთის ცენტრალური ბანკის წარმომადგენელმა.

ასევე გასულ კვირას, შრი-ლანკის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, მოულოდნელად 50 საბაზისო პუნქტით შეამცირა, რამაც მომავალში მონეტარული პოლიტიკის შერბილების პერსპექტივა გააჩინა.

როგორც Reuters წერს, ეს არის შანსი, რომ ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობა გაიზარდოს და ბოლო ათწლეულის ფინანსური კრიზისის დაძლევა მოხდეს. შრი-ლანკის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 8,5%-მდე შეამცირა, ხოლო მუდმივი საკრედიტო განაკვეთი 9,5%-მდე.

„მომავალში თუ დავინახავთ, რომ ინფლაცია იქნება სტაბილური და დარჩება 4-5%-ის ფარგლებში, მიმდინარე წელს კიდევ იქნება შესაძლებლობა, რომ მონეტარული პოლიტიკა შერბილდეს“, - განაცხადა CBSL-ის მმართველმა ნანდალალ ვირასინგჰმა.

მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირების გადაწყვეტილების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ცენტრალური ბანკის მმართველმა განაცხადა, რომ რომ მონეტარული პირობები რჩება მკაცრი, რადგან მიმდინარე პროგნოზებით ინფლაცია 4%-დან 5%-მდე იქნება მომდევნო 12-დან 18 თვემდე პერიოდში.

რაც შეეხება სამხრეთ კავკასიის რეგიონს, საქართველოს ეროვნული ბანკის შემდეგ, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი აზერბაიჯანის ცენტრალურმა ბანკმა 0,25 პროცენტული პუნქტით 7,75%–დან 7,5%–მდე შეამცირა. გადაწყვეტილება ბანკმა 28 მარტის სხდომაზე მიიღო და დღეიდან შევიდა ძალაში. ბანკისგან რეფინანსირების განაკვეთზე შემდეგ გადაწყვეტილებას 1–ელ მაისს ელოდებიან.

ცენტრალური ბანკის ცნობით, საპროცენტო დერეფნის ზედა ზღვარი 0,25 პ.პ.–ით – 8,5%–მდე დასწია, ქვედა ზღვარი კი 6,25%–ის ნიშნულზე შეინარჩუნა.

„ეს გადაწყვეტილება მიღებული იყო ფაქტობრივი და პროგნოზირებული ინფლაციის მიზნობრივ (4±2%) შედარების, ინფლაციური მოლოდინების სტაბილიზაციისა და რისკების ბალანსის ცვლილების გათვალისწინებით“, - ნათქვამია მარეგულირებლის განცხადებაში.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

მსგავსი სიახლეები